რიოში ამ კვირაში ჩავა მონაწილეთა უმრავლესობა, თუმცა, ვინც ჩავიდა, იმათაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ. სხვას რომ თავი დავანებოთ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ბახიც კი ძლივს შევიდა საკუთარ ნომერში, რადგან გასაღები ძლივს მოარგო საკეტს. ჩასულთაგან ყველაზე სერიოზული
სხვისი არ ვიცი, პირადად მე კი იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც 2007 წელს, სწორედ რიო დე ჟანეიროში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყოფნისას მივიღე, არც მიკვირს ამდენი პრობლემის არსებობა. პირიქით - იმთავითვე მეშინოდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად ორგანიზებული თამაშები იქნებოდა. თუმცა აქამდე კიდევ მრჩებოდა იმედი, რომ ბრაზილიელები ყურებს გამოიბერტყავდნენ, ახლა კი აშკარაა, რომ ასე არაა.
ვიქონიოთ იმედი, რომ სამბას ქვეყნის ლაღი შვილები დარჩენილ დროში მოერევიან არსებულ სიძნელეებს, ოღონდ ახლანდელსა და მაშინდელ პრობლემებს შორის ბევრ საერთოსაც ვხედავ, ბრაზილიელთა ხასიათიდან გამომდინარე. კერძოდ, ძიუდოისტთა იმ ჩემპიონატსაც წინ უსწრებდა ფინანსური პრობლემები და ტურნირამდე ორი თვით ადრე ადგილობრივებმა მისი სხვაგან გადატანაც კი მოითხოვეს.
ამჯერად საქმე აქამდე არ მისულა, მაგრამ ბრაზილია ახლა კიდევ ურო მწვავე ფინანსურ კრიზისშია, რასაც დაემატა ეროვნული ვალუტის გვარიანი ინფლაცია და პოლიტიკური კრიზისი - პრეზიდენტი ვილმა რუსეფი მექრთამეობაში დაადანაშაულეს (თუ ამხილეს კიდეც) და იმპიჩმენტი მოუწყვეს.
ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ ერთადერთი ბაზა ჰქონდათ მოსაწესრიგებელი და იმასაც დროულად ვერ დაადგეს თავი, შეჯიბრების პირველ დღეს აწესრიგებდნენ: ჩვენ თვალწინ ღებავდნენ, აწესრიგებდნენ დამხმარე ოთახებს (გასახდელი, მსაჯთა თუ ექიმთა ოთახები, პრესცენტრი), აკრავდნენ მათზე სათანადო წარწერებს... ახლა გაცილებით ბევრი ბაზაა მოსაწესრიგებელი და თან ქალაქის გვარიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა 4 აგვისტოს უნდა დამთავრდეს... იქნებ კიდევაც მოასწრონ, მაგრამ იქაურთა უდარდელი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან მეეჭვება.
ბრაზილიელებმა უბრალო, გულკეთილი, გულღია, ალალი და მეტად მხიარული - ცეკვა-თამაშის, ტაშ-ფანდურის და გართობის მოყვარული ხალხის შთაბეჭდილება დატოვეს. ცხოვრობენ ძალიან მარტივად, არ ფიქრობენ ფულსა და ფუფუნებაზე, კმაყოფილდებიან იმით, რაც დღეს აქვთ, და აღმერთებენ ერთადერთს - პიროვნულ თავისუფლებას. ოღონდ ამ თავისუფლებას ნუ შეეხები, ნუ წაართმევ, ნუ შეუზღუდავ, ცეკვა-თამაშის, გართობის საშუალებას ნუ მოუშლი და არ დარდობენ არაფერზე - არც ფულზე, არც სიმდიდრეზე, არც ქონებასა და ძვირფას ნივთებზე. ლაღად თუ ცხოვრობენ, ღარიბებიც კი ბედნიერები არიან. მათთვის ბედნიერება სწორედ ამ გართობასთან და პიროვნულ თავისუფლებასთან ასოცირდება. ცხადია, იციან და ესმით, რომ მეტი ფული გაცილებით უკეთეს ცხოვრებას და გაცილებით მეტ გართობას ნიშნავს, მაგრამ ფული მათთვის მთავარი ღირებულება არაა. ამასთან, კრიმინალური წრეების გარდა, მეგობრული, მშვიდობიანი და უბოროტო ხალხია.
თუმცა სავიზიტო ბარათთან ერთად, ხასიათი ბრაზილიელთა მთავარი პრობლემაცაა - აკლიათ დასავლური პროფესიონალიზმი. სხვა ლათინოსთა მსგავსად, ესენიც დოღრიალა და ზედაპირული ხალხია. მაგალითად, რიოში თვით ზებრენდულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროშიც კი მომსახურე პერსონალს თავისი მოვალეობების შეხსენება სჭირდება, როცა ევროპაში არცთუ ბრენდულ და 2-3-ვარსკვლავიან სასტუმროშიც კი ავტომატურად ასრულებენ ვალდებულებას.
რიოში სასტუმროში შეუძლიათ გითხრან, რომ ამა და ამ საათზე დანიშნულია ავტობუსი (ბაზაზე თუ საქმიან სემინარზე გადასაყვანად, რაც ფასშია გათვალისწინებული), რომელიც, დიდი შანსია, ან ადრე გავიდეს, ან სულაც გადადოს გასვლა, ადმინისტრატორი კი უდარდელად, სინდისის ქენჯნის გარეშე გაშლის ხელებს - "ნო, პრობლემ, თაქსი!"
რიოში ტაქსი მართლაც არაა პრობლემა, მაგრამ ტურისტებისთვის საკმაოდ ძვირია - იმ დროს წუთი 1 რეალი, ანუ ნახევარი დოლარი ღირდა, საცობებით ერთთავად გადატენილ უზარმაზარ რიოში საჭირო ადგილზე მისასვლელად კი, შეიძლება, მთელი საათიც დაგჭირდეთ. თანაც ქალაქის კრიმინალურ ისტორიაში ტაქსისა და ტაქსისტებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ - ბევრი მათგანი თავადაა იმ სამყაროს წარმომადგენელი და ეგრეთ წოდებული "ქუჩის ტაქსების" უმეტესობას შეუძლია, მათთვის ნაცნობ ბნელ კუთხეებში შეუხვიოს და საცვლების ამარა დაგტოვოს. სწორედ ამიტომ ყველა სასტუმროს თავისი ტაქსები ჰყავს, რომლებზეც პასუხისმგებელნი არიან და გაფრთხილებენ, რომ ისარგებლოთ მხოლოდ სასტუმროს ტაქსებით და არ გააჩეროთ ისინი ქუჩაში.
ერთი სიტყვით, ეს მხიარული, უდარდელი და გულკეთილი ხალხი შორსაა საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულებისგან და, ვფიქრობ, ამიტომაცაა ქვეყანა ასეთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ბრაზილია ძალიან მდიდარია ოქროთი, ალმასით, ძვირფასი ქვებით და უამრავი ბუნებრივი სიმდიდრით, რისი გადატანაც ჯერჯერობით მხოლოდ დროშაზე მოახერხეს, რეალურ ცხოვრებაში კი - ვერა. ვერ მოახერხეს, რადგან ქვეყანაში სუსტია სახელმწიფო ინსტიტუტები. ამას თუნდაც ვილმა რუსეფის სკანდალი და მექრთამეობაში მისი დადანაშაულებაც მოწმობს.
რიოში ყოფნისას ჩვენი მარშრუტი შტატის გუბერნატორის სახლთანაც გადიოდა და ეს იყო მაღალი გალავნით დაცული უზარმაზარი ვილა, რომელიც უდიდესი კონტრასტია ღარიბთა კვარტლების კარებჩამოკონწიალებულ, თუნუქის ფურცლებით სახელდახელოდ შეკოწიწებულ ფარღალალა ქოხებთან შედარებით, ხოლო სადაც ასეთი კონტრასტია ცალკეულ ჯგუფებსა და ღარიბთა უბნებს შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებზე ლაპარაკი ზედმეტია.
ამ სისუსტის გამოხატულებაა ისიც, რომ ქვეყანაში ვერ ხერხდება მოსახლეობის ზუსტი აღწერა. რიოში წასვლამდე ინტერნეტში ქალაქის მცხოვრებლებზე ინფორმაცია მოვიძიე და 13 მილიონი იყო დაფიქსირებული, ადგილზე კი 13-დან დაწყებული, 18 მილიონით დამთავრებული, რამდენიმე ციფრი გვითხრეს (სან პაულუსთან მიმართებაში ეს რაოდენობა 18-დან 23 მილიონამდე მერყეობდა). რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 21-ე საუკუნეშიც კი მოსახლეობის ზუსტი აღწერა ვერ ხდება. როგორც ადგილზე გვითხრეს, იქაურ ფაველებში ასეულათასობით ადამიანი ისე იბადება, იზრდება და კვდება, რომ არც დაბადების მოწმობა გააჩნია, არც - პასპორტი, არც არჩევნებში მონაწილეობს და არც არსადაა აღრიცხული. შესაბამისად, ვერ ხერხდება ქვეყნის მოსახლეობის ზუსტი ციფრის დადგენა.
ბრაზილიის, განსაკუთრებით კი, მისი ჩრდილოეთ ნაწილის და კონკრეტულად, რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კრიმინალია. არ ვიცი, როგორ გაართმევენ ოლიმპიადის ორგანიზატორები თავს ამ პრობლემას. თავის დროზე ბრაზილიამ, როცა 2010 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატისა და ამ ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო, კრიმინალთან ბრძოლის პირობა დადო. საფეხბურთო ჩემპიონატის წინ მათთან საბრძოლველად ჯარის ნაწილებიც კი გამოიყვანეს და სამხედრო ვერტმფრენებიც დაიქირავეს, მაგრამ ფაქტია - ამან საქმეს ვერ უშველა. შესაბამისად, ბრაზილიელმა კრიმინალებმაც უკვე მოასწრეს თავის გამოჩენა და ოლიმპიადის დაწყებამდე დაფიქსირდა ტურისტებზე თავდასხმის, მათი გაძარცვის ფაქტები.
სამწუხაროდ, ლამის დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ კიდევ არაერთხელ მოხდება მსგავსი. საუბედუროდ, ძარცვა, მკვლელობა, თავდასხმა, სისხლისღვრა, თან დღისით, მზისით, შუა ქუჩაში, პლაჟზე - რიოს ყოველდღიურობაა. ამ მხრივ ყველაზე საშიში ქალაქის განთქმული პლაჟებია, სადაც მოზარდთა ბანდები დაძრწიან და ხშირად უმნიშვნელო ნივთებისთვისაც ესხმიან თავს ხალხს.
როგორც გითხარით, კრიმინალით უფრო ქვეყნის ჩრდილოეთი გამოირჩევა, თორემ სამხრეთ შტატებში ძირითადად ევროპიდან გადასახლებულთა შთამომავლები ცხოვრობენ და იქ ბევრად მშვიდი ვითარებაა.
(გაგრძელება მომდევნო ნომერში)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"