რიო 2016: ისევ რუსულ დოპინგზე

AutoSharing Option
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო მზად არის გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს იმ რუსი სპორტსმენების გვარები, რომლებიც 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადაზე დოპინგს იყენებდნენ. ამის შესახებ, რიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა სააგენტოს პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ.

"მზად ვართ დავასახელოთ "ბინძური" სპორტსმენების გვარები, რომლებიც სოჭში გამოდიოდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის ეს ინფორმაცია საინტერესო იქნება", - აღნიშნა რიდიმ.

მისი თქმით, სადოპინგო სისტემა რუსულ სპორტში 2010 წელს, ვანკუვერის ოლიმპიადაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ შეიქმნა. მაშინ, რუსეთის გუნდი მედლების ჩათვლაში მე-11 ადგილზე გავიდა. "საშინაო ოლიმპიადაზე რუსეთს რეაბილიტაცია სურდა", - აღნიშნა მსოფლიოს ანტისადოპინგო
სააგენტოს ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, რიდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააგენტოს დამოუკიდებელი კომისია რიჩარდ მაკლარენის ხელმძღვანელობით, აპირებს გამოავლინოს ახალი რუსი სპორტსმენები, რომლებიც ნახსენებ სადოპინგო სისტემას მიეკუთვნებიან. "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა მომხდარი შეაფასა, როგორც შეტევა სპორტის პატიოსნებაზე. მაკლარენმა ბევრი სპორტსმენი ამხილა, მაგრამ ყველა ჯერ არა", - დაამატა რიდიმ.

* * *
ამასობაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა გერჰარდ ჰაიბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების განაცხადი 2016 წლის ოლიმპიადისთვის, შესაძლოა, ორჯერ შემცირდეს.

"ახლა უკვე ჩვენ გადავწყვეტთ - ვინ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში თითოეული ფედერაციიდან. ჩვენი ჯგუფი სამი ადამიანისგან შედგება, რომელიც შაბათამდე დღე-ღამეში 24 საათი იმუშავებს, რათა გადაწყვეტილების მიღება მოასწროს. თავდაპირველად, რუსეთის ნაკრებმა 387 სპორტსმენი წარადგინა. ვფიქრობ, საბოლოოდ, დაახლოებით 50 პროცენტს მივცემთ გამოსვლის საშუალებას", - განაცხადა ჰაიბერგმა.

მანვე დაამატა, რომ თავდაპირველად, რუსეთის ნაკრების სრული შემადგენლობით მოკვეთას უჭერდა მხარს, მაგრამ კოლეგებთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ნაწილობრივი დისკვალიფიკაცია უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსულ ეროვნულ მახასიათებელ არაყს დოპინგიც დაემატა
0

სიახლეები პოპულარული