პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო დე ჟანეიროში საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას შეხვდნენ

AutoSharing Option
5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. თამაშების გახსნამდე ერთი დღით ადრე ოლიმპიურ სოფელს რიო დე ჟანეიროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად ესტუმრა და საქართველოს ოლიმპიური ნაკრები მოინახულა.

პრეზიდენტთან შეხვედრა ოლიმპიურ სოფელში მდებარე საქართველოს დელეგაციის ოფისში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა - მამუკა ხაბარელმა და ნინო სალუქვაძემ, ასევე, სპორტის სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი
დოლაბერიძემ
გაუწიეს. პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს დელეგაციის წევრები, სპორტსმენები და მწვრთნელები. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ოთარ ბერძენიშვილი.

ქვეყნის პირველ პირს სპორტსმენებმა მხარდაჭერისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ ქართველი გულშემატკივრების იმედების გამართლებისათვის. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება და გამარჯვებები უსურვა.

"რიოს ოლიმპიურ სოფელში უკვე აღიმართა საქართველოს დროშა, რაც ყველა ქართველს გულს გვიხარებს. ბრაზილიაში საქართველოს ორმოცი სპორტსმენი წარმოადგენს, რომლებიც განსაკუთრებული შემართებით ემზადებოდნენ და რა თქმა უნდა, წარმატებებსა და რაც მთავარია, გამარჯვებებს გისურვებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ რიო დე ჟანეიროში არაერთხელ აიწევა საქართველოს დროშა.

მსურს, მადლობა ვუთხრა საქართველოს დელეგაციის ყველა წევრს, ვინც მუშაობენ რიოში. ესენი არიან სპორტსმენები, მწვრთნელები, ექიმები, საორგანიზაციო ჯგუფი, ეს ხართ თქვენ, ჟურნალისტები. მადლობას ვუხდი საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უგულშემატკივრებენ ჩვენს ოლიმპიელებს და მათთან ერთად იმღერებენ საქართველოს ჰიმნს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპურ სოფელში ვიზიტისას, გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს შეხვდა. საქართველოსა და საფრანგეთის ლიდერებმა ფრანგ და ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებები უსურვეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ოლიმპიელებთან შეხვედრის შემდეგ ქართველ სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ისადილეს.

Sportall.Ge

გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაესწრება, რომელიც რიო დე ჟანეიროში სტადიონ "მარაკანაზე" 5 აგვისტოს გაიმართება და საღამოს 20:00 საათზე (თბილისის დროით 6 აგვისტო, 03:00 საათი) დაიწყება. საქართველოს პრეზიდენტი რიო დე ჟანეიროში რამდენიმე დღით დარჩება და ქართველ სპორტსმენთა გამოსვლებს დაესწრება.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 5 აგვისტოს შეუერთდებიან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები და ძალოსნები. რიო დე ჟანეიროში ასევე 5 აგვისტოს ჩაფრინდებიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად. რიო დე ჟანეიროში 9 აგვისტოს ჩავლენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელაგაცია 40 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ. ქართველი ოლიმპიელები სპორტის 13 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (4), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
გიორგი ჭანიშვილი სპეციალურად msy.gov.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული