ილია გიორგაძე რიოშიც საქართველოს სახელით იმსაჯებს

AutoSharing Option
ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, რომ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოთხი არბიტრი ეყოლებაო (ბატუტზე ხტომაში რუსუდან ხოფერია, ძიუდოში - ვლადიმერ ნუცუბიძე, ჭიდაობაში - ედიშერ მაჩაიძე და თეიმურაზ ყაზარაშვილი). ბოლო მომენტში შევიტყვეთ, რომ რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი არბიტრი იმსაჯებს - ტანმოვარჯიშე ილია გიორგაძე, რომელიც მოსკოვში მუშაობს მწვრთნელად.

შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ იგი საქართველოს სახელით ოთხჯერ (1996-2008 წწ.) მონაწილეობდა ოლიმპიურ თამაშებში.

დაიბადა 1978 წლის 12 იანვარს ქუთაისში. 6 წლისამ სპორტულ ტანვარჯიშში დაიწყო მეცადინეობა გურამ ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, 1987 წლიდან თბილისში გადმოიყვანეს და წლების განმავლობაში ნიკოლოზ ჭანტურიას დახმარებით იმაღლებდა ოსტატობას. 1990-95 წლებში საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია მრავალჭიდსა და ცალკეულ იარაღებზე. 1989 წელს საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადაზე 2 ოქროს (ღერძი, ორძელი), თითო ვერცხლისა (თავისუფალი ვარჯიში) და ბრინჯაოს (ხტომები) მედალი მოიპოვა. 1993 წელს ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ორძელში მე-6 ადგილი დაიკავა. მსგავს შედეგს მიაღწია ამავე იარაღზე 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო სიდნეის ოლიმპიადაზე ღერძზე ვარჯიშისას იყო მეექვსე.

1998 წელს მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე ("მსოფლიოს ვარსკვლავები") ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ორი წლის შემდეგ სტამბოლში შავი ზღვის აუზის ქვეყნების ღია ჩემპიონატზე, რომელიც ბოსფორის თასის სახელით არის ცნობილი, 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი ერგო. 1995 წლის დსთ-ის ქვეყნების ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებულია. 6 წლის შემდეგ დსთ-ის თასიც მოიპოვა. ამერიკის ღია ჩემპიონატის (1996) ბრინჯაოსპრიზიორმა შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ნიკოლაი ანდრიანოვის სახელობის თასი სამჯერ დაისაკუთრა.

დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე - ელენა კისნერი და შვიდი წლის ვაჟი.

ბავშვობისას ძალიან ცელქი, მოუსვენარი ყოფილა: ხან გათბობის მილებზე დაცოცავდა, ხანაც - კედლებზე. მშობლებსაც მოსწყინდათ თურმე მისი ოინები და ერთ დღეს დედამ თეთრ ხიდთან ტანვარჯიშის დარბაზში მიიყვანა.

- მალე შევეჩვიე იქაურობას, - გაიხსენა ბავშვობის წლები ილიამ, რომელსაც გუშინ რიოში შევეხმიანეთ. - კარგი მწვრთნელი შემხვდა და სწრაფად ავითვისე რთული ილეთები. განსაკუთრებით, ღერძზე ვარჯიში მიყვარდა და ორძელთან ერთად ჩემს უსაყვარლეს იარაღად დარჩა.

რომ არა მიუტევებელი შეცდომა, სიდნეიში ოლიმპიურ მედალს მოვიპოვებდი - ღერძზე ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფიცარნაგზე დაშვებისას თავი ვერ შევიმაგრე და ნაბიჯი გადავდგი, რაც საჯარიმო ქულებით ისჯება. საბოლოოდ მეექვსე ვიყავი.

- დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობ...
- საქართველოში დატრიალებული მოვლენების შემდეგ თბილისში სავარჯიშო პირობები გაუარესდა. არ იყო შუქი, გათბობა, ცხელი წყალი. მე და ჩემი მწვრთნელი მოსკოვში წავედით. ტანვარჯიშის ბაზაზე ვცხოვრობდი. იქ გავიცანი ელენა კისნერი - დედამისს აკითხავდა სამსახურში. წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა და 2001 წელს დავქორწინდით. მას შემდეგ მათთან ვცხოვრობ...

ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში მოსკოვს სავარჯიშოდ ჩასულ ილია გიორგაძეს და მის მწვრთნელს რუსეთის ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა ლეონიდ არკაევმა სოლიდური ხელფასი და ბინა შესთავაზა, ოღონდ მოქალაქეობა უნდა შეეცვალათ, მაგრამ უარი მიიღო. ილია გიორგაძეს არც მერე უფიქრია მოქალაქეობის შეცვლა, რადგან რიონისპირელ ჭაბუკს საქართველო არ ეთმობა.

პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ილია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, მაგრამ დარბაზს მაინც ვერ შეელია - მოსკოვში, სადაც თავად ვარჯიშობდა, "დინამოს" კლუბში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, 2009 წლიდან საერთაშორისო ტურნირებში საქართველოს სახელით მსაჯობს. 2011 წლიდან დღემდე ევროპის ჩემპიონატებზე ექვსჯერ, მსოფლიოს ჩემპიონატებზე კი სამჯერ (2013-15 წწ.) იყო მიწვეული.

- ოლიმპიურ თამაშებში პირველად ვიქნები არბიტრად, როგორც ნეიტრალური მსაჯი, რამაც ძალიან გამახარა და ბედნიერი ვარ, რომ ისევ საქართველოს წარმოვადგენ სპორტის დიდ ფორუმზე.

წლების განმავლობაში საერთაშორისო ტურნირებში მაღალ შეფასებებს ვიღებდი, კატეგორიაც სათანადო მაქვს. კარგია, რომ პროფესიონალიზმს გიფასებენ. მართალია, მოსკოვში ვცხოვრობ და ვმუშაობ, მაგრამ ახლო ურთიერთობა მაქვს საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციასთან, რეგულარულად ვეხმაურები ბატონ კონსტანტინე ლაშხს, ხოლო რუსუდან ხოფერიას, რუსუდან სიხარულიძესა და ბესარიონ გამსახურდიას ხშირად ვხვდები შეჯიბრებებზე და მათთან მეგობრული და საქმიანი კონტაქტები მაკავშირებს.

- რუსები ხომ არ გიშლიან ხელს?
- პირიქით, ყოველმხრივ მეხმარებიან პროფესიულ წინსვლაში.

- ოჯახური მდგომარეობა?
- როგორც იცით, მყავს მეუღლე ელენა კისნერი და შვიდი წლის ვაჟი, რომელიც ტანვარჯიშითაა გატაცებული. მშვენიერი მონაცემები აქვს. თუ ეს სიყვარული ბოლომდე გაჰყვა, საქართველოს კარგ ტანმოვარჯიშეს გავუზრდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთი პატრიოტული განწყობა აქვს ადამიანს...კარგი იქნებოდა, რომ დაბრუნებულიყო სამშობლოში, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ცხადია, მარტო პატრიოტიზმი არ ეყოფა. რა იქნებოდა, რომ სახელმწიფოს გადაეხადა კარგი ხელფასი, შეეთავაზებინა ბინა და სამუშაო პირობები და დაებრუნებინა საქართველოში. საქართველოში ტანვარჯიში მკვდარია, უკვე 20 წელი იქნება (ილიას მერე აღარც გვყოლია მაღალი დონის სპორტსმენი) და ძალიან დიდი სირცხვილია ეს..
თავად ილიას წარმატებებს ვუსურვებ, რა თქმა უნდა. მახსოვს მისი ასპარეზობები და კარგი სპორტსმენი იყო. ოლიმპიადაზე ფინალურ ბლოკში რომ გააღწევს ადამიანი, ძლიერია, აბა რა არის. მახსოვს, ღერძზე მშვენივრად გამოდიოდა და უკეთესი საწვრთნელი და სავარჯიშო პირობები რომ ჰქონოდა, ბევრად მეტს მიაღწევდა.
ფრენოლოგი
19:45 05-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული