რიო 2016. ძიუდო: ყველაზე მტკივნეული "მტკივნეული" [VIDEO]

AutoSharing Option
ალბათ, გუშინდელი დღე ჩვენთვის ყველაზე მწარე იქნება ამ ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მარცხის გამო - წონის უპირობო ლიდერი ჯერ ნახევარფინალში მტკივნეულით დამარცხდა ამერიკელ ტრევის სტევენსთან, მერე კი დამამშვიდებლის ფინალში იუკოთი წააგო მთავარ კონკურენტთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან, ვინც მასზე ადრე - მეოთხედფინალიდან მიაშურა სანუგეშო წრეს.

საბოლოოდ ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი თავის მეორე ოლიმპიადაზეც უმედლოდ დარჩა და ადამიანურად ნამდვილად შეგეცოდებოდათ იმ ემოციებისთვის, რომლის შეკავება არც კი უცდია ტატამიდან გასვლისას.

ოლიმპიადაზე ძიუდოში ჯერ კიდევ რჩება სამი საშეჯიბრო დღე და სამი წამყვანი ფალავანია
გამოსასვლელი; იმედია, რომელიმე მათგანი ოქროსაც შესწვდება, მაგრამ ამის ყველაზე რეალური იმედი და შანსიც დღეს იყო, რადგან ჭრიკიშვილს სხვებზე უფრო იღბლიანი წილისყრა ჰქონდა.

სამწუხაროდ, სტევენსმა ყველაზე მტკივნეული "მტკივნეულით" ყველა დაგვამუნჯა.

ტრავმა თუ?
ჭრიკიშვილმა ოლიმპიური ტურნირი მძიმედ დაიწყო და არ ჰგავდა საკუთარ თავს. მას ფეხის ტრავმაც აწუხებდა და იქნებ ესეცაა მომხდარის მიზეზი. თავიდან კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან და სალვადორელ ხუან დიეგო ტურციოსთან ისიც ვიფიქრეთ, რომ ძალებს იზოგავდა და "კლანჭებს" ბოლომდე არ ავლენდა; მეოთხედფინალში, თითქოს უმთავრესი კონკურენტის - იაპონელი ტაკანორი ნაგასეს გავარდნამ ფრთები შეასხა და იტალიელ მარკო მარკონჩინის უფრო უკეთ ეჭიდავა, მაგრამ მთლიანობაში გამოჩნდა, რომ წონის ლიდერი ვერ იყო სათანადო ფორმაში.

არადა, თითქოს დაღლა არ ეტყობოდა, არც სუნთქვა უჭირდა და არც გამძლეობაზე ეთქმოდა საყვედური, თუმცა უჭირდა გდებების გაკეთება, ვერ ჭიდაობდა ადრინდელივით ტექნიკურად და ლამაზად, არ იყო იმდენი ილეთები, ხოლო მეორე შეხვედრა სალვადორელთან სულაც გაფრთხილებებით მოიგო. ჭრიკიშვილი საერთოდ არ ჩადიოდა დაბლაჭიდში საჭიდაოდ, რაც ასევე ტრავმის ბრალი გვგონია. ვერც თავის ამოსმულებს აკეთებდა ისე დახვეწილად და ბრუნიც ბევრჯერ გაუჭირდა... ამასთან, აშკარად ეტყობოდა, რომ აქცენტი უფრო პრაგმატულ ჭიდაობაზე ჰქონდა გაკეთებული.

ერთი სიტყვით, მის ჭიდაობაში ხარვეზი ბლომად იყო, რაც ამერიკელთან ყველაზე მწარე მტკივნეულით დასრულდა.

პირველ შეხვედრაში კუბელს კარგად კი ამოუსვა, თუმცა გასაკვირია, უცნაური ტრაექტორიით წამოსული კუნძულელი მხოლოდ იუკოზე რომ დავარდა და არა ვაზარიზე ან სულაც იპონზე. საგანგაშო ზარი სალვადორელთან გაისმა, როცა მან ჯერ გდება, მერე კი დგომიდან მტკივნეულის გაკეთება დაუპირა. მარკონჩინისთან ჭრიკიშვილმა უფრო გახსნილად იჭიდავა და ორი მოგვერდით იუკო და ვაზარი აართვა, თუმცა სტევენსს ვერაფერი დაუპირისპირა. როცა ამერიკელი გააფრთხილეს, კონცენტრაციაც დაკარგა, რადგან ამას მყისვე მოჰყვა ეპიზოდი, როცა მეტოქემ მტკივნეული გაუკეთა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არადა, წინა ექვსი შეხვედრიდან ამერიკელს მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული, ბოლო ოთხ ორთაბრძოლაში კი მიჯრით იმარჯვა ჭრიკიშვილმა. თან, იმდენად დამაჯერებლად, რომ ოდნავი შანსიც არ მისცა იანკს. ბედის ირონიით, წინა თამაშებზეც ამერიკელმა დაამარცხა ჩვენებური და რაღაც ისე გამოდის, რომ სტევენსი მხოლოდ ოლიმპიადებზე უგებს ქართველს.

ამ წაგებით დათრგუნული ჭრიკიშვილი ვეღარც ნაგასესთან განეწყო საჭიდაოდ, თუმცა ჭიდაობის ხალისი არც იაპონელს ეტყობოდა - ბრინჯაო არც მას უღირდა ჩირად, ბრაზილიაში საჩემპიონოდ ჩასულ მეორე ფავორიტს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო ამბები
გუშინდელი დღის მთავარი სენსაციები ვაჟთა ტურნირში მოხდა, სადაც ფავორიტები, მსოფლიოს ორი ჩემპიონი - ჭრიკიშვილი და ნაგასე ფინალამდე ვერ მივიდნენ. აბა, ამათთან შედარებით კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონის, ბოლო სეზონში ცუდად მოჭიდავე ფრანგი ლოიკ პიეტრის პირველივე შეხვედრაში დამარცხება კანადელ ოლიმპიურ პრიზიორსა და მსოფლიოს ფინალისტ ანტუან ვალუა-ფორტიესთან, ან თავად კანადელის უმედლოდ დარჩენა (დამამშვიდებელში წააგო ნაგასესთან) რა მოსატანია!

ვაჟებში ბენეფისი მოიწყო რუსთა ინგუშმა ფალავანმა ხასან ხალმურზაევმა, ვინც ფინალში სტევენსი ვაზარით დაამარცხა და სიხარულისგან იტირა (ეს ფინალიც ვლადიმერ ნუცუბიძემ განსაჯა). აღსანიშნავია, რომ ხალმურზაევი ევროპის წლევანდელი ჩემპიონიცაა და მაშინ ფინალში ფეხმტკივან ჭრიკიშვილს მოუგო. ეს რუსებისთვის მეორე ოქროა ძიუდოში და ლიდერობენ კიდეც ამ სახეობაში, სულ კი მესამეა მთლიანად თამაშებზე.

ვაჟებში ასევე აღსანიშნავია მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეული სერგიუ ტომას მიღწევა, ვინც მსოფლიოს ვერცხლს ოლიმპიური ბრინჯაოც მიუმატა.

გუშინდელმა დღემ კვლავაც ვერ მოუტანა ოქროს მედალი სამხრეთ კორეას და საფრანგეთს. ფრანგებს შანსი ქალებში მიეცათ, მაგრამ ეს იმედი სლოვენიელმა ტინა ტრსტენიაკმა ჩაუკლათ და სანაცვლოდ თავის სამშობლოს მოუპოვა პირველი ოქრო მთლიანად ამ თამაშებზე.

რიო 2016. ძიუდო
ვაჟები
81 კგ
1. ხასან ხალმურზაევი (რუსეთი); 2. ტრევის სტევენსი (აშშ); 3. ტაკანორი ნაგასე (იაპონია), სერგიუ ტომა (არაბთა გაერთიანებული საემიროები); 5. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო).

ქალები
63 კგ
1. ტინა ტრსტენიაკი (სლოვენია); 2. კლარისე აგბენენო (საფრანგეთი); 3. იარდენ გერბი (ისრაელი), ანიცკა ვან ემდენი (ჰოლანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
პატივცემულო ხვიჩა, დარწმუნებული ვარ კარგად გესმით ოლიმპიური თამაშების არსი და მნიშვნელობა და ისიც, რომ ჭრიკიშვილის დონის სპორტსმენისთვის აუცილებელია ოლიმპიური ოქრო (მედალზე აღარაფერს ვამბობ). შესაბამისად, მიკრო ტრავმის შემთხვევაში აუცილებლად ტატამს აირჩევდა ვიდრე ექიმებთან სირბილს და მკურნალობას როგორც შენ ასწავლი. არ არის ეგრე მარტივი უცებ უარი თქვა იმაზე რისთვისაც ოთხი წელი ემზადებოდი და რაც ერთადერთი მიუღწეველი ჯილდოა შენს კარიერაში. ეს ერთი და მერე მეორე, სხვა გამოეყვანათო რომ იძახი, მაინც ვის მოიაზრებ ჭრიკიშვილის შემცვლელად იქნებ გვითხრა, ლიცენზია ჰქონდა ვინმეს? გისმენთ აბა
fraternity
11:20 11-08-2016
0
პატივცემულო ხვიჩა, დარწმუნებული ვარ კარგად გესმით ოლიმპიური თამაშების არსი და მნიშვნელობა და ისიც, რომ ჭრიკიშვილის დონის სპორტსმენისთვის აუცილებელია ოლიმპიური ოქრო (მედალზე აღარაფერს ვამბობ). შესაბამისად, მიკრო ტრავმის შემთხვევაში აუცილებლად ტატამს აირჩევდა ვიდრე ექიიმებთან სირბილს და მკურნალობას როგორც შენ ასწავლი, არ არის ეგრე მარტივი უცებ უარი თქვა იმაზე რისთვისაც ოთხი წელი ემზადებოდი და რაც ერთადერთი მიუღწეველი ჯილდოა შენს კარიერაში. ეს ერთი და მერე მეორე, სხვა გამოეყვანათო რომ იძახი, მაინც ვის მოიაზრბ ჭრიკიშვილის შემცვლელად იქნებ გვითხრა, ლიცენზია ჰქონდა რომელიმეს ამ წონაში? გისმენთ აბა
fraternity
10:29 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული