რიო 2016: ლუბა გოლოვინას მესამე ცდა ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
სამი წლის იყო ლუბა გოლოვინა, ბატუტზე ხტომაში ვარჯიში რომ დაიწყო. მას შემდეგ 23 წელი მიილია და ამ ხნის განმავლობაში თბილისელმა სპორტსმენმა არაერთ წარმატებას მიაღწია: ახალგაზრდებში მსოფლიოს და ევროპის პირველობების 2-2 ოქრო-ვერცხლის მფლობელია.

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირებსა და მსოფლიოს თასის ეტაპებზეც ბევრჯერ ავიდა კვარცხლბეკზე. ოლიმპიურ თამაშებში მესამედ მონაწილეობს. 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე მე-6 ადგილი დაიკავა, ოთხი წლის შემდეგ ლონდონში მე-7 ადგილს დასჯერდა.

შარშან დანიურ ოდენსეში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში ლუბა გოლოვინამ ფინალში გამოსვლის უფლება და რიოს საგზურიც მოიპოვა, არადა, ამ ტურნირზე
ბევრმა სახელოვანმა სპორტსმენმა ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ გაუძლო და უსაგზუროდ დარჩა, მათ შორის,  ოლიმპიადების ორგზის პრიზიორი კანადელი კოკბურნი.

ლუბამ წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო და კარგა ხანს მკურნალობდა. რეაბილიტაციის შემდეგ შვეიცარიაში მსოფლიოს თასზე მხოლოდ 12.9 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიშები შეასრულა, მაგრამ ტექნიკურად ისე სუფთად, რომ ფინალშიც შევიდა და მე-4 ადგილი დაიკავა – მესამეადგილოსან იაპონელს მხოლოდ 0.22 ქულით ჩამორჩა.

პორტუგალიაში კი მსგავს შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სწორედ ამ ტურნირის მერე ლუბამ მწვრთნელებთან ერთად პროგრამა გაართულა: ერთი ილეთი დაამატა – სამმაგი მალაყი კეცით, სირთულის კოეფიციენტი 14,6-მდე გაზარდა, რამაც ოლიმპიადაზე მეტოქეებთან გამკლავებისა და საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი რეალურად გაუზარდა.

იმედია, რომ ლუბა მას აუცილებლად გამოიყენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლუბა,აბა შენ იცი, ოქროსფერთმიანო,ოქრო გვინდა!!!ღმერთი შენსკენ.
paata
12:49 12-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული