სტატისტიკურად, გუშინ რიოს "კარიოკა არენაზე" ოდნავ უკეთესი დღე გვქონდა, რადგან ჩვენები პირველივე წრიდან არ გამოვარდნენ: რობერტ კობლიაშვილმა (85) ერთი შეხვედრა მოიგო, იაკობ ქაჯაიამ (130) - ორი, თუმცა ჭიდაობის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი.
ჩვენი დუეტიდან პირველი კობლიაშვილი გამოვარდა. მან საწყის შეხვედრაში საკვალიფიკაციო ეტაპზე მექსიკელი ალფონსო ანტონიო ლეივა იეპესი 5:0 დაამარცხა, მერვედფინალში კი
კობლიაშვილი თავიდან კი დაწინაურდა, მაგრამ ბოლო წუთზე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულა დაკარგა, რადგან ეს ტურნირიდან გამოვარდნადაც დაუჯდა - გერმანელი ვერ გავიდა ფინალში, იქვე 0:8 დამარცხდა რუსთა სახელით მოჭიდავე ქართველ დავით ჩაკვეტაძესთან. კობლიაშვილს გერმანელთან პაექრობაში ნამდვილად ჰქონდა შეხვედრის გადარჩენის შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა.
ქაჯაიამაც მძიმედ დაიწყო ასპარეზობა, აკლდა ის შემართება და აღმაფრენა, რაც მის საუკეთესო ჭიდაობებს ახასიათებს და რაც განსაზღვრავს კიდეც მის წარმატებას. ძალიან უჭირდა ჩოქბჯენიდან მეტოქის დატრიალება და ვერცერთხელ ვერ ისარგებლა ამ უპირატესობით. მართალია, ჩოქბჯენში არც თვითონ დაუკარგავს ქულა, მაგრამ მხოლოდ დაცვა არ ეყო, გაცილებით მეტი აქტიურობა მოეთხოვებოდა. ქულები კი გააკეთა, მაგრამ პირველ წრეში ბრაზილიელიც უსუსტესი მეტოქე ერგო - ედუარდ სოგომიანიანი, მეორეში კი უკრაინელი ოლექსანდრ ჩერნეცკი საკუთარ ილეთს ემსხვერპლა. ამდენად, ეს არ იყო ის ჭიდაობა, რაც მას საბოლოო წარმატებას მოუტანდა. უკვე მაშინვე ეტყობოდა, რომ უფრო ძლიერ მეტოქეებთან გაუჭირდებოდა ფანდების გაკეთება.
სომხური წარმოშობის მასპინძელთან ჩვენებურმა სუფთად იმარჯვა - 8:0, უკრაინელი კი ბეჭებზე დააწვინა - 5:0. თუმცა მანამ იყო ეპიზოდი, როცა ჩერნეცკიმ ჯვარედინი მოვლებიდან თავს უკან გადაგდება სცადა, მაგრამ ვერ ასწია (მისი მხრიდან ეს დიდი შეცდომა იყო, რადგან მაშინვე ეტყობოდა, საამისოდ ძალა არ ეყოფოდა), ქაჯაიამაც დაუხურა და დააგდო. თან მშვენიერი შანსი მიეცა შესაბოჭად, რაც ხელიდან აღარ გაუშვა.
ამ ეპიზოდამდე უკრაინელი გაფრთხილებით იგებდა, თუმცა პასიურობდა და, შესაძლოა, ამიტომაც გარისკა ილეთი - გაფრთხილება რომ მიეღო, ანგარიში თანაბრდებოდა, მაგრამ ბოლო ქულა ქაჯაიასი იქნებოდა და ჩერნეცკი მაინც წააგებდა. თუმცა ამ შეხვედრაში რამდენჯერმე მანამდეც იყო ეპიზოდი, როცა ჩვენებური, ვგონებთ, იმსახურებდა შეფასებას, მაგრამ მსაჯი თურმე ასე არ ფიქრობდა.
მეოთხედფინალში ქართველის მეტოქე ახალგაზრდა, 20 წლის რუსი სერგეი სემენოვი იყო, ვისაც შარშან ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზვიად პატარიძემ უშანსოდ მოუგო, ქაჯაია კი ვერაფერს გახდა. არადა, რუსი ნამდვილად არაა მაღალი კლასის მოჭიდავე, მაგრამ ჩვენებურმა ფიზიკურად წააგო ეს ორთაბრძოლა, იმის მიუხედავად, რომ სემენოვიც გვარიანად დაიღალა და ამ მხრივ ვერც ის ბრწყინავდა. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ ჩოქბჯენიდან დატრიალება ვერც ერთმა ვერ მოახერხა, თუმცა ქაჯაიას ერთ ეპიზოდში სულ რაღაც ნახევარი კორპუსი დააკლდა ილეთის დასრულებამდე - ოდნავ რომ გადაექნია მეტოქე, შეფასებას მიიღებდა, მაგრამ არ ეყო ამის ძალა.
სამაგიეროდ, რუსმა დგომიდან გადააგდო, რაც მსაჯებმა ჯერ 4 ქულად შეაფასეს, მაგრამ ჩვენების პროტესტის მერე სრულიად სამართლიანად დააკლეს 2 ქულა. მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი არ იყო - ანგრიში ისედაც 3:0 გახდა (მანამდე პასიურობისთვის დაგვსაჯეს ქულით), დროც იწურებოდა და არც ჩვენებური ჩანდა ამხელა ილეთის გამკეთებელი... შეხვედრამ ეს ყველაფერი დაადასტურა - ქაჯაიამ მოგვერდი სცადა, მაგრამ მოუმზადებელ ილეთს თავად ემსხვერპლა, მეტოქემ დაუხურა და იქით გადაიყვანა 2-ქულიანზე.
საბოლოოდ 0:5 დავთმეთ, რასაც მსაჯს ვერ დავაბრალებთ. აზერბაიჯანელ არბიტრს მხოლოდ იმაში თუ მივედავებით, რომ ბოლო წუთზე მესამედ არ გააფრთხილა რუსი, რაც ერთ ქულას მოგვიტანდა, ოღონდ წაგებისგან ვერ გვიხსნიდა.
ასეთი ანგარიში უკვე ტურნირიდან გამოვარდნას ნიშნავდა, რადგან იმთავითვე ეტყობოდა, გამოუცდელი და უკლასო რუსი ნახევარფინალში ლეგენდარული კუბელის, ორგზის ოლიმპიური და ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონ მიჯაინ ლოპესის დამმარცხებელი არ იყო. აკი ვერც მოუგო - კუნძულელმა 3:0 იმარჯვა და ფინალში გავიდა. სემენოვი თავად გადაერთო სანუგეშო წრეში, ქაჯაია კი საბოლოოდ დაემშვიდობა ოლიმპიადას.
სატურნირო ამბები
85 კილოგრამში შარშანდელი ევროპული თამაშების ფინალი განმეორდა და ახლაც იმავე შედეგით დასრულდა - ქუთაისელმა დავით ჩაკვეტაძემ უკრაინელთა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იან ბელენიუკს მსაჯების სიმპათიის პირობებში 9:2 აჯობა და ევროპული ოლიმპიადის შემდეგ დიდი ოლიმპიადის ჩემპიონიც გახდა. ამ ფინალს ჩვენი არბიტრი თემურ ყაზარაშვილი სჯიდა. ახალი ოლიმპიური ჩემპიონი ჩაკვეტაძე ქუთაისელია და 3-4 წლის წინ ჯერ კიდევ ჩვენთან ჭიდაობდა, ახალგაზრდებში საქართველოს ჩემპიონიც გახდა და იმ ნაკრებშიც ირიცხებოდა.
ამის მიუხედავად, ჩვენებმა არცკი იბრძოლეს მის დასაბრუნებლად. მისი მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ და როცა შემოთავაზება მიიღო, უყოყმანოდ წავიდა. შეგახსენებთ, რომ რუსთა თავკაცი გოგი კოღუაშვილიც ქუთაისელია.
მძიმე წონაშიც ნაცნობი ფინალი განმეორდა - თურქი რიზა კაიაალპი და კუბელი მიჯაინ ლოპესი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში. აქედან ორჯერ თურქმა იმარჯვა, თუმცა გუშინ კუბელმა შანსი არ დაუტოვა, 6:0 აჯობა და ზედიზედ მესამე ოლიმპიადა მოიგო!
საინტერესოა, რომ ის მეოთხედ ჭიდაობდა ოლიმპიადაზე, ხოლო თურქს ლონდონის თამაშებზეც მოუგო. თავის მხრივ, კაიაალპიმ ამჯერად შედეგი კი გააუმჯობესა, მაგრამ მთავარი მიზანი აუსრულებელი დარჩა და საამისოდ კიდევ ოთხი წელიწადი მოუწევს ლოდინი.
ბრინჯაოს ზემოხსენებული რუსი სემენოვი დაეუფლა, ვინც წინა ოლიმპიადის ფინალისტი, ესტონელთა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰეიკი ნაბი დაამარცხა. მეორე ბრინჯაოს აზერბაიჯანელთა ქურთული წარმოშობის ირანელი საბაჰ შარიათი დაეუფლა.
რიო 2016. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
85 კგ.
1. დავით ჩაკვეტაძე (რუსეთი); 2. იან ბელენიუი (უკრაინა); 3. ჯავიდ გამზათაუ (ბელორუსი), დენის კუდლა (გერმანია); 9. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო).
130 კგ.
1. მიჯაინ ლოპესი (კუბა); 2. რიზა კაიაალპი (თურქეთი); 3. საბაჰ შარიათი (აზერბაიჯანი), სერგეი სემენოვი (რუსეთი); 7. იაკობ ქაჯაია (საქართველო).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"