რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წილისყრამ მთავარ მეტოქეებს აარიდა

AutoSharing Option
დღეს, 19 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ, სადაც საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს.

გაიმართა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა წილისყრა იმ ორ წონით კატეგორიაში, რომლებიც რიოში დღეს იჭიდავებენ - 57-სა და 74-ში.

- რიო 2016: ქართველი ოლიმპიელების განრიგი 19 აგვისტოს

57-ში ჩვენი გუნდის მთავარ იმედზე, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონზე, წინა თამაშების ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე ვერც იმას ვიტყვით, რომ დიდად გაუმართლა, მაგრამ ვერც ბედს
დავემდურებით - ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ რუსთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვიქტორ ლებედევი და ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან რაჰიმი.

ჩვენებურისკენ არიან აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული, ოღონდ ზედა წონაში ჰაჯი ალიევი, ბულგარელი ევროპისა და მსოფლიოს ფინალისტი ვლადიმირ დუბოვი, ახალგაზრდებში თურქი მსოფლიოს ჩემპიონი სულეიმან ატლი, რუმინელი ევროპის მესამეპრიზიორი ივან გუიდეა და კიდევ რამდენიმე მოჭიდავე.

ეს სიაც შთამბეჭდავია, მაგრამ ვფიქრობთ, ჩვენი ფალავნისთვის მთავარი მეტოქეები მაინც ირანელი და რუსთა ციმბირელი ფალავნები არიან. თუმცა ეს უკანასკნელი ძირითად კონკურენტად უფრო "ძლიერი ზურგის" გამო მიგვაჩნია - მისი სიმამრი ალმასის მაგნატი და სახა-იაკუტიის ავტონომიის პრეზიდენტი, დიდძალი ფულის პატრონი ეგორ ბორისოვია. შეიძლება ითქვას, დიდწილად მისი დამსახურებით და კრემლის ჩარევით ლებედევი "წიხლით შეტენეს" ოლიმპიურ ნაკრებში - ჩვენც ვწერდით, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ დისკუსიად იქცა.

ირანელმა მსოფლიოს ბოლო ოთხ პირველობაზე მოიპოვა სხვადასხვა სინჯის მედალი, ანუ ზესტაბილურია, თუმცა, გახსოვთ, შარშან მსოფლიოს პირველობის ფინალში ხინჩეგაშვილმა რამდენად დამაჯერებლად მოუგო და როგორ ატირა ცხარე ცრემლებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ირანელი მასთან საჭიდაოდ ათმაგად მოტივირებული იქნება და კარგია, მეორე მხარეს რომ მოხვდა. თან ლებედევს მეორე წრეშივე ხვდება.

ბადის ამ მხარეს აღსანიშნავია მონღოლთა მსოფლიოს მესამეპრიზიორი ბეკბაიარ ერგენებატი და ამავე ჯილდოს მფლობელი კუბელი იოვლის ბონე როდრიგესი, თუმცა, საეჭვოა, მათ ირანელის გაჩერება შეძლონ (ლებედევთან გაცილებით მეტი შანსი აქვთ). თუმცა აქვეა კიდევ ერთი ძლიერი ფალავანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოსპრიზიორი,  ჩრდილოკორეელი იან კიონ II, ვისაც შეუძლია, საერთოდ თავდაყირა დააყენოს ბადის ეს მხარე.

ხინჩეგაშვილი პირველ შეხვედრას ყაზახ ნურისლამ სანაევთან გამართავს, მასთან მოგების შემთხვევაში კი ჰაჯი ალიევსა და სამხრეთკორეელ იუნსიკ იუნს შორის გამარჯვებულს დაეჭიდება. სანაევმა შარშან ლას ვეგასში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ ზემოხსენებულ მონღოლთან წააგო და მეხუთეზე დარჩა. აღსანიშნავია, რომ იქ ხინჩეგაშვილმა მასაც მოუგო და მონღოლსაც.

აქვე შევნიშნავთ, რომ ყაზახებს ამ წონაში კიდევ ერთი ციმბირელი არტააშ სანაც ჰყავთ, საკმაოდ ძლიერი მოჭიდავე, მაგრამ მას სანაევი ამჯობინეს და სანაც, ვგონებთ, რუსეთში დაბრუნდა.

ჩვენებურმა ალიევს წლეულს ევროპის პირველობაზე მოუგო, როცა წონა არ დაიკლო, თავის წონაში "მიუხტა" და კუდით ქვაც ასროლინა. თუმცა ის ადრეც დაუმარცხებია.

25 წლის კორეელი არაა ტიტულოვანი სპორტსმენი, აზიური თამაშების მესამეპრიზიორია, თუმცა მათი მომზადებისას რას გაიგებ, იმ დონის პროფესიონალები არიან...

ხინჩეგაშვილი მეორე შეხვედრის მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა, სადაც ბულგარელის, ამერიკელის, თურქის და რუმინელის კვარტეტიდან უძლიერესი შეხვდება. მერვედფინალში ბულგარელი უტიტულო და უცნობ ამერიკელს ხვდება, თურქი - რუმინელს.

74 კილოგრამში ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი პირველ შეხვედრას გამოუცდელ ბულგარელ გიორგი ივანოვთან ჩაატარებს, ამათში მოგებულს კი მომდევნო წრეში აზერბაიჯანელ ჯაბრაილ ჰასანოვსა და კოლუმბიელ კარლოს არტურო იზქუიერდო მენდესს შორის უმჯობესი შეხვდება. დიდი ალბათობით, ეს უმჯობესი ევროპის ორგზის ჩემპიონი და წლევანდელი ფინალისტი, ევროპისა და მსოფლიოს რამდენიმეგზის მედალოსანი ჰასანოვი იქნება.

მესამე წრეში ბადის ამ მხარეს ორი მრისხანე ლიდერი მოდის - რუსთა ყაბარდოელი ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ანიუარ გედუევი და ამერიკელთა მოქმედი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის მომგები ჯორდან ბაროუზი.

ყაბარდოელისა და ამერიკელის გზები უკვე მეორე წრეში, მეოთხედფინალში იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ისინი შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში და იანკმა ძლევამოსილად იმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვლადიმერ, ჩვენი ბოლო იმედი ხარ, ძმაო!!!!!!!
Lado
13:22 19-08-2016
0
არა მგონია, დამაჯერებლად მოგება დროის ამოწურვამდე 5 წამით ადრე გაკეთებული ილეთით ხდებოდეს. თუმცა ასეთ მოგებაზეც ყაბულს ვარ დღეს!
Teimuraz
13:31 19-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული