რის გამო სჯის ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაცია თემურ ყაზარაშვილს

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადამ ჩვენთვის დახურვისთანავე დაიქუხა - ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციამ ქართველი მსაჯი თემურ ყაზარაშვილი დროებითი დისკვალიფიკაციით დასაჯა და შეჯიბრებებიდან მოკვეთა. ასეთივე სასჯელი გამოუტანეს სამხრეთკორეელ ტონ კინ ჩონსა და რუს სერგეი ნოვაკოვსკის.

ეს სამეული ოლიმპიადის ბოლო დღეს, თავისუფალ ჭიდაობაში, 65 კილოგრამში პუერტორიკოელი მსოფლიოს 2011 წლის ვიცე-ჩემპიონ ფრანკლინ მატოშ გომესისა და უზბეკი იხტიორ ნოვრუზოვის მეოთხედფინალური შეხვედრის გამო დაისაჯა, რომელშიც აზიელმა 8:5 იმარჯვა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის იქნება სასჯელი - ამაზე მსოფლიოს ფედერაციის ეთიკის კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს, მანამდე კი გარკვეული მხოლოდ
ისაა, რომ დროებით აეკრძალათ სამსაჯო საქმიანობა. თეორიულად, არაა გამორიცხული, ეთიკის კომისიამ კიდევ გაამართლოს ჩვენებური, თუმცა ვაღიაროთ, რომ ამის შანსი მცირეა. კარგი იქნება, მინიმალურ სასჯელს თუ დააჯერებენ.

57 წლის თემურ ყაზარაშვილი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონია და პირველად მსაჯობდა ოლიმპიადას. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ერთბაშად ორი მსაჯი გვყავდა - ყაზარაშვილთან ერთად, ედიშერ მაჩაიძეც იყო, ვისთვისაც ეს მეხუთე თამაშები იყო. თან ამჯერად გაცილებით მაღალ რანგში - სუპერვაიზერად მოგვევლინა.

მსაჯთა ამ ბრიგადის და კონკრეტულად ყაზარაშვილისადმი პრეტენზიები მანამდეც გაისმა. კერძოდ, ჩვენებურმა იმსაჯა 85 კილოგრამში ოლიმპიადის ფინალი რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძესა და უკრაინელ იან ბელენიუკს შორის, რომელიც ჩაკვეტაძემ 9:2 მოიგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ შეხვედრის სამართლიანობაზე მაშინვე გაჩნდა ეჭვები, ხოლო უკრაინის სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა პირდაპირ დაადანაშაულა ქართველი არბიტრი თანამემამულის მხარდაჭერაში.

- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!

რაც შეეხება დანარჩენ დასჯილებს, ორივეს სახელი უკავშირდება ქართველებს - სწორედ კორეელი მსაჯობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი ოლიმპიური პრიზიორის, შმაგი ბოლქვაძისა და მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის, დავორ სტეფანეკის ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც ჩვენი ფალავანი დაჩაგრეს; ასევე ის მსაჯობდა ჩვენი აწ უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პაექრობას აზერბაიჯანელ მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულ ჰაჯი ალიევთან, ხოლო ნოვაკოვსკი ჟიურიში იჯდა და ჩვენების ჩელენჯზე არც უნდოდა ქართველისთვის ქულის დამატება.

ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციისაც გასაკვირია, ეს ხალხი ტურნირის ბოლო დღეს რომ დასაჯა, როცა მათ მანამდეც არანაკლები (თუ უფრო მძიმეც არა) შეცდომები ჰქონდათ. რას უცდიდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება იქამდე?

თან, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ეს არ ყოფილა ნოვრუზოვის ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სკანდალით დასრულდა. გაცილებით უფრო დიდი ხმაური მოჰყვა მის შეხვედრას დამამშვიდებლის ფინალში, სადაც მონღოლ მანდაკარან განზორიგს 7:7-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო. მაშინ მსაჯობით აღშფოთებულმა მონღოლმა მწვრთნელმა აქამდე გაუგონარი რამ ჩაიდინა - ხალიჩაზე შევარდა, ტანსაცმელი გაიძრო და მსაჯებს სახეში მიაფერთხა...

- სკანდალი რიოს ოლიმპიადის ბოლო დღეს - შიშველი პროტესტი [VIDEO]

არახალია, რომ მსაჯობა კარგა ხნის წინ იქცა ჭიდაობის "აქილევსის ქუსლად" და ძაღლის კუდის მსგავსად, არც ის სწორდება. თავიდან ამ ოლიმპიადაზეც ძალიან ცუდი სურათი დაიხატა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მომდევნო დღეებში ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა - კი, იყო საკამათო შეხვედრები, მაგრამ აშკარად მოიკლო ალოგიკურმა გადაწყვეტილებებმა და ბევრად სამართლიანი მსაჯობა ვიხილეთ.

თან, ბოლქვაძის მსგავსად, კიდევ შეიძლება რაღაცების გახსენება, მაგრამ ჩვენებურთა უმეტესობის წაგებას არბიტრებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. თან, რაც ხინჩეგაშვილისა და ალიევის შეხვედრაში ინამუსეს, საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის - ეს ორთაბრძოლა თუნდაც შარშან რომ გამართულიყო, დიდი ეჭვი მაქვს, ყველა სადავო ეპიზოდში აზერბაიჯანელის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.

ისე, ჭორად ამბობენ, რომ ამჯერად მოგვარის ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ფსონს (ცხადია, დიდი ფულის სანაცვლოდ) თვით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩადიოდაო, მაგრამ მსაჯებმა ორივე საკამათო ეპიზოდში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.

შესაძლოა, ამაში თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ რიოში ერთბაშად ორი არბიტრი გვყავდა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პირველი დღეების შემდეგ მსაჯებს თვით მსოფლიოს ფედერაციამ მოუწოდა სამართლიანობისკენ და "თავისუფალში" ამიტომ ვიხილეთ შედარებით გამოსწორებული მდგომარეობა. მით უფრო, ამათი ლამის გამოცხადებულ-დაკანონებული ქორვაჭრობა კარგა ხანია, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც ყელში ამოუვიდა და ამ კორუფციის გამო იყო, ჭიდაობას ოლიმპიადის პროგრამიდან რომ იღებდნენ.

თუმცა, სამწუხაროდ, ჭიდაობას იმდენად გაუტყდა სახელი, რომ ძაღლის კუდის გასწორებას უფრო უნდა ველოდოთ, ვიდრე - ამათი არბიტრებისას.

ალბათ, ლოგიკური იყო ოლიმპიადის იმ ინციდენტით დასრულება, რაც 65 კილოგრამში განზორიგი-ნოვრუზოვის შეხვედრისას ვიხილეთ, როცა ხალიჩაზე საცვლის ამარა დარჩენილმა განზორიგის მწვრთნელმა "ბრაზილიურ მოტივებზე მონღოლური სტრიპტიზი" შემოგვთავაზა და ტანსაცმელი სახეში მიაყარა მსაჯებს - მათ ეს დაიმსახურეს. სავარაუდოდ, მას მკაცრად დასჯიან (მასთან ერთად - მეორე მწვრთნელსაც, რომელიც ასევე შევარდა ხალიჩაზე, მაგრამ მხოლოდ მაისურის გახდას დასჯერდა), ხოლო მონღოლეთის ჭიდაობის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.

მწვრთნელების საქციელს არ ვამართლებთ - ვგონებთ, მსგავსი უპრეცედენტო ინციდენტი ოლიმპიადების ისტორიაში ძალზე იშვიათია, მაგრამ ახლა რა გამოდის - უზბეკებს, თუ მართლა იყიდეს ნოვრუზოვის შეხვედრები, ეს ყველაფერი უნდა შერჩეთ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
DAVID ჩაკვეტაძემ საკმარისად იჭიდავა საქართველოს სახელით სანამ რუსეთში წავიდოდა.როცა რამეს წერ ვინმეზე,წაიკითხე რამე იმ თემაზე რაზეც წერ.
წარმოშობით ქართველია მარა ისე ყარაყავჩაღია თუ ესკიმოსი?არ მესმის რისი თქმა გინდათ?რომ არა ქართველი მსაჯი წაგებული ჰქონდა?
გია
24 აგვისტო 2016 05:29
0
მაინტერესებს რას ამბობთ?ჩაკვეტაძემ წააგო რომ არა მსაჯი?
gia
24 აგვისტო 2016 03:33
0
მაგრამ ამაზეც თანახმა ვარ.ორი წლის წინ საერთოდ აპირებდნენ ჭიდაობის ამოღებას ოლიმპიადიდან.ბეწვზე ვართ გადარჩენილი.
gia
24 აგვისტო 2016 03:24
0
ბოდიშს ვიხდი და რა შუაშია მსაჯი როცა ჭიდაობა საერთოდ აღარ არსებობს.არის სამარცხვინო ძიძგილაობა და თუ ღვთის წყალობით მათხოვრული ქულა მოგცეს რამენაირად უნდა შეინარჩუნო.ჩაკვტაძეს ეს არ ეხება კარგად შეხედეთ გამეორებებს,ბოლომდე იჭიდავა.რც შეეხება მონგოლს და აზერბაიჯანელს ძაან დიდ გაუგებრობას ქონდა ადგილი!
gia
24 აგვისტო 2016 03:18
0
ამოსაღებია საერთოდ ეს ვითომ ჭიდაობა ბერძნულ-რომაულს ვგულისხმობ, თუ რამე გააჩნია კარგი შეურწყონ თავისუფალს და რაგაცას დაამსგავსონ, ამ უაზრო ბღლაძუნში მსაჯს ვისაც უნდა იმას აფრთხილებს და შედეგს სვავ, რა სიბინძურეცაა ეგ უკვე ყველამ იცის, ოლიმპიადაზე რომ ამას გააკეთებენ სხვაგან რას იზავენ...ყველა მსაჯი ვინც კი მართლა არაობიექტურად მსაჯობს მოსაკვეთი კი არა დასაჭერია იმიტომ რომ არ მგონია ეგენი ესე ჰაერზე მიემხრონ ვინმეს...ქართველებს რომ ჩაგრიან ხომ ძნელია ჩვენთვის ასევე ძნელია სხვებისთვისაც დაჩაგვრა..სირცხვილია ეგ ჭიდაობა კი არა
dudu
24 აგვისტო 2016 01:38
0
მადლობა ღმერთს ამ ყველაფრის გარკვევა ვიდეო გამეორებებით ძალიან მალე იქნება შესაძლებელი და შედეგსაც ალბათ მალე დადებენ, დეტალებითურთ და საკამათოც არაფერი იქნება, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში იქნება შავი ლაქა, სამწუხაროდ.
შეიძლება საბოლოო შედეგი არ იყოს ჩვენთვის საგანგაშო, მაგრამ ეს ლაქად დარჩება.
მე პირადად არ ვიცი პროცედურა როგორია, შეეძლო თუ არა ყაზარაშვილს აეცილებინა რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებული ფინალის მსაჯობა, რადგან მაშინვე შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ თუ მისი (ჩაკვეტაძის) უპირატესობა აშკარა არ იქნებოდა ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა გაუგებრობას და კითხვის ნიშნებს გააჩენდა
გულშემატკივარი
23 აგვისტო 2016 21:07
0
kaxi-ს დამაინტერესა რამდენი წლის ხარ?
svani
23 აგვისტო 2016 20:15
0
ყაზარაშვილს წესით და რიგით თვითონ უნდა ეთქვა უარი ჩაკვეტაძის მონაწილეობით ბრძოლაზე. ჩAკვეტაძის ქართველობა არ გაიშვა, მაგრამ წარმოშობით ქართველია და თუნდაც მაგიტომ.
David
23 აგვისტო 2016 17:51
0
და კიდევ ერთი: ბოლქვაძე სტეფანეკთან ძალიან მცირედით დაჩაგრეს, დაახლოებით ისევე, როგორც ბელენიუკი ჩაკვეტაძესთან. აი, ფინალში კი აშკარა იყო სტეფანეკისადმი მიდგომა.
Teimuraz
23 აგვისტო 2016 16:07
0
ჩაკვეტაძის ბელენიუკთან შეხვედრაში ნამდვილად ჰქონდა მცირე მიდგომას ადგილი (თანაბარ სიტუაციაში უკრაინელის გაფრთხილება და ა.შ.), თუმცა, არა მგონია, რომ ეს გადამწყვეტი ყოფილიყო (სხვა საქმეა, რომ ყაზარაშვილი არ უნდა ყოფილიყო იმ შეხვედრის მსაჯი). მეორეს მხრივ, ის, რაც მსაჯებმა პუერტორიკოელისა და უზბეკის შეხვედრაში გააკეთეს, ამას ანალოგი მგონი არც აქვს. აშკარა იყო, რომ პუერტორიკოელმა გაიყვანა უზბეკი ხალიჩის მიღმა, ამ უკანასკნელმა მერე დაიწყო ილეთის გაკეთება და გააკეთა კიდეც და ქულა მას მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი ეკრანზე. სხვათა შორის, ქალმა მსაჯმა მისცა კიდეც ქულა პუერტორიკოელს, მაგრამ ნოვაკოვსკიმ და მეორე მსაჯმა გადააფიქრებინეს. ჰოდა, აი, შედეგიც.
Teimuraz
23 აგვისტო 2016 16:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული