ეს სამეული ოლიმპიადის ბოლო დღეს, თავისუფალ ჭიდაობაში, 65 კილოგრამში პუერტორიკოელი მსოფლიოს 2011 წლის ვიცე-ჩემპიონ ფრანკლინ მატოშ გომესისა და უზბეკი იხტიორ ნოვრუზოვის მეოთხედფინალური შეხვედრის გამო დაისაჯა, რომელშიც აზიელმა 8:5 იმარჯვა.
ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის იქნება სასჯელი - ამაზე მსოფლიოს ფედერაციის ეთიკის კომისია უახლოეს დღეებში იმსჯელებს, მანამდე კი გარკვეული მხოლოდ
57 წლის თემურ ყაზარაშვილი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონია და პირველად მსაჯობდა ოლიმპიადას. აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ოლიმპიადაზე ერთბაშად ორი მსაჯი გვყავდა - ყაზარაშვილთან ერთად, ედიშერ მაჩაიძეც იყო, ვისთვისაც ეს მეხუთე თამაშები იყო. თან ამჯერად გაცილებით მაღალ რანგში - სუპერვაიზერად მოგვევლინა.
მსაჯთა ამ ბრიგადის და კონკრეტულად ყაზარაშვილისადმი პრეტენზიები მანამდეც გაისმა. კერძოდ, ჩვენებურმა იმსაჯა 85 კილოგრამში ოლიმპიადის ფინალი რუსეთის სახელით მოჭიდავე დავით ჩაკვეტაძესა და უკრაინელ იან ბელენიუკს შორის, რომელიც ჩაკვეტაძემ 9:2 მოიგო.
ამ შეხვედრის სამართლიანობაზე მაშინვე გაჩნდა ეჭვები, ხოლო უკრაინის სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა პირდაპირ დაადანაშაულა ქართველი არბიტრი თანამემამულის მხარდაჭერაში.
- უკრაინის სპორტის მინისტრი: ჩაკვეტაძეს ოლიმპიური ოქრო მსაჯმა ყაზარაშვილმა მოაგებინა!
რაც შეეხება დანარჩენ დასჯილებს, ორივეს სახელი უკავშირდება ქართველებს - სწორედ კორეელი მსაჯობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენი ოლიმპიური პრიზიორის, შმაგი ბოლქვაძისა და მომავალი ოლიმპიური ჩემპიონის, დავორ სტეფანეკის ნახევარფინალურ შეხვედრას, რომელშიც ჩვენი ფალავანი დაჩაგრეს; ასევე ის მსაჯობდა ჩვენი აწ უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის პაექრობას აზერბაიჯანელ მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულ ჰაჯი ალიევთან, ხოლო ნოვაკოვსკი ჟიურიში იჯდა და ჩვენების ჩელენჯზე არც უნდოდა ქართველისთვის ქულის დამატება.
ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციისაც გასაკვირია, ეს ხალხი ტურნირის ბოლო დღეს რომ დასაჯა, როცა მათ მანამდეც არანაკლები (თუ უფრო მძიმეც არა) შეცდომები ჰქონდათ. რას უცდიდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება იქამდე?
თან, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ეს არ ყოფილა ნოვრუზოვის ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სკანდალით დასრულდა. გაცილებით უფრო დიდი ხმაური მოჰყვა მის შეხვედრას დამამშვიდებლის ფინალში, სადაც მონღოლ მანდაკარან განზორიგს 7:7-ზე დამატებითი მაჩვენებლებით მოუგო. მაშინ მსაჯობით აღშფოთებულმა მონღოლმა მწვრთნელმა აქამდე გაუგონარი რამ ჩაიდინა - ხალიჩაზე შევარდა, ტანსაცმელი გაიძრო და მსაჯებს სახეში მიაფერთხა...
- სკანდალი რიოს ოლიმპიადის ბოლო დღეს - შიშველი პროტესტი [VIDEO]
არახალია, რომ მსაჯობა კარგა ხნის წინ იქცა ჭიდაობის "აქილევსის ქუსლად" და ძაღლის კუდის მსგავსად, არც ის სწორდება. თავიდან ამ ოლიმპიადაზეც ძალიან ცუდი სურათი დაიხატა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მომდევნო დღეებში ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა - კი, იყო საკამათო შეხვედრები, მაგრამ აშკარად მოიკლო ალოგიკურმა გადაწყვეტილებებმა და ბევრად სამართლიანი მსაჯობა ვიხილეთ.
თან, ბოლქვაძის მსგავსად, კიდევ შეიძლება რაღაცების გახსენება, მაგრამ ჩვენებურთა უმეტესობის წაგებას არბიტრებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. თან, რაც ხინჩეგაშვილისა და ალიევის შეხვედრაში ინამუსეს, საყვედური ნამდვილად არ გვეთქმის - ეს ორთაბრძოლა თუნდაც შარშან რომ გამართულიყო, დიდი ეჭვი მაქვს, ყველა სადავო ეპიზოდში აზერბაიჯანელის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
ისე, ჭორად ამბობენ, რომ ამჯერად მოგვარის ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ფსონს (ცხადია, დიდი ფულის სანაცვლოდ) თვით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩადიოდაო, მაგრამ მსაჯებმა ორივე საკამათო ეპიზოდში სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს.
შესაძლოა, ამაში თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ რიოში ერთბაშად ორი არბიტრი გვყავდა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ პირველი დღეების შემდეგ მსაჯებს თვით მსოფლიოს ფედერაციამ მოუწოდა სამართლიანობისკენ და "თავისუფალში" ამიტომ ვიხილეთ შედარებით გამოსწორებული მდგომარეობა. მით უფრო, ამათი ლამის გამოცხადებულ-დაკანონებული ქორვაჭრობა კარგა ხანია, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც ყელში ამოუვიდა და ამ კორუფციის გამო იყო, ჭიდაობას ოლიმპიადის პროგრამიდან რომ იღებდნენ.
თუმცა, სამწუხაროდ, ჭიდაობას იმდენად გაუტყდა სახელი, რომ ძაღლის კუდის გასწორებას უფრო უნდა ველოდოთ, ვიდრე - ამათი არბიტრებისას.
ალბათ, ლოგიკური იყო ოლიმპიადის იმ ინციდენტით დასრულება, რაც 65 კილოგრამში განზორიგი-ნოვრუზოვის შეხვედრისას ვიხილეთ, როცა ხალიჩაზე საცვლის ამარა დარჩენილმა განზორიგის მწვრთნელმა "ბრაზილიურ მოტივებზე მონღოლური სტრიპტიზი" შემოგვთავაზა და ტანსაცმელი სახეში მიაყარა მსაჯებს - მათ ეს დაიმსახურეს. სავარაუდოდ, მას მკაცრად დასჯიან (მასთან ერთად - მეორე მწვრთნელსაც, რომელიც ასევე შევარდა ხალიჩაზე, მაგრამ მხოლოდ მაისურის გახდას დასჯერდა), ხოლო მონღოლეთის ჭიდაობის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა დაეკისრება.
მწვრთნელების საქციელს არ ვამართლებთ - ვგონებთ, მსგავსი უპრეცედენტო ინციდენტი ოლიმპიადების ისტორიაში ძალზე იშვიათია, მაგრამ ახლა რა გამოდის - უზბეკებს, თუ მართლა იყიდეს ნოვრუზოვის შეხვედრები, ეს ყველაფერი უნდა შერჩეთ?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
შეიძლება საბოლოო შედეგი არ იყოს ჩვენთვის საგანგაშო, მაგრამ ეს ლაქად დარჩება.
მე პირადად არ ვიცი პროცედურა როგორია, შეეძლო თუ არა ყაზარაშვილს აეცილებინა რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებული ფინალის მსაჯობა, რადგან მაშინვე შეიძლებოდა იმის ვარაუდი, რომ თუ მისი (ჩაკვეტაძის) უპირატესობა აშკარა არ იქნებოდა ეს ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა გაუგებრობას და კითხვის ნიშნებს გააჩენდა