ჟამი შედეგების დათვლისა - როგორ უნდა შეფასდეს რიოში საქართველოს გამოსვლა

AutoSharing Option
დამთავრდა ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები, რომელმაც ახალი განსჯის თემები, ახალი იმედები და პერსპექტივები მოიტანა ქართულ სპორტში.

მოგეხსენებათ, საქართველო ბრაზილიაში ოლიმპიურ ფორუმზე აქამდე სარეკორდო გუნდით - 40 მონაწილით წარსდგა და არც შედეგი დაეწუნება - რაოდენობრივად გაიმეორა წინა, ლონდონური თამაშების მიღწევა და 7 მედალი მოიპოვა, რაც ჯერჯერობით სარეკორდოა დამოუკიდებელი ქართული ოლიმპიზმისთვის.

სამაგიეროდ, აუღებელი რჩება ხარისხობრივი სიმაღლე - 3 ოქრო, რაც პეკინის ოლიმპიადაზე მოვიპოვეთ.

არადა, რიო დე ჟანეიროში ძალიან ახლოს ვიყავით ამ რეკორდის გამეორებასთან, რაც ორივე პარამეტრით (ოქრო+მედლების რაოდენობა) ახალი სიმაღლე იქნებოდა ქართული
ოლიმპიზმისთვის. რას ვიზამთ - სამწუხაროდ, სპორტში მოულოდნელი წარუმატებლობისგან დაზღვეული არავინაა და ამჯერად ამ არასასურველ ლოგიკას ჩვენც დავემორჩილეთ, თუმცა ვიმეორებთ, რომ ზოგადად, დელეგაციის გამოსვლა ცუდი არაა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიაში ჩვენებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს. ეს 7 ჯილდო სპორტის 3 სახეობაზე მოდის - ძალოსნობაზე, ძიუდოსა და ჭიდაობაზე. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ძალოსნებმა იასპარეზეს: ოლიმპიური ჩემპიონობა, მსოფლიოს რეკორდი და ერთბაშად ორი კაცი ერთი წონის კვარცხლბეკზე - ამ "მძიმე ხალხმა" შედეგიც ასეთივე დიდი და გამორჩეული მოიმკო.

მართლაც საოცრად იასპარეზა მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+105), ვინც ჩემპიონობას არ დასჯერდა, მსოფლიოს რეკორდს თამამად შეუტია და დაამყარა კიდეც - 473 კილოგრამით პლანეტის ყველაზე ძლიერი მამაკაცი გახდა. ამავე წონაში არანაკლებ ივაჟკაცა ევროპის ჩემპიონმა ირაკლი თურმანიძემ და 31 წლის ასაკში მესამეზე გავიდა.

მეორე ოქრო და პლუს ორი ბრინჯაო საჭიდაო სახეობებზე მოდის: დამსახურებული ჩემპიონი გახდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) თავისუფალ ჭიდაობაში. ამავე სტილში მესამეზე გენო პეტრიაშვილი (125) გავიდა, ხოლო იმავე სინჯის მედალი ბერძნულ-რომაულში შმაგი ბოლქვაძემ (22) მოიპოვა.

დარჩენილი ორი მედალი - ვერცხლი და ბრინჯაო ძიუდოს ნაკრების მონაგარია: ვალერი ლიპარტელიანი (90) მხოლოდ ფინალში დამარცხდა, წინა თამაშების გამარჯვებულმა ლაშა შავდათუაშვილმა (73) კი ამჯერად ახალ წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული შოთა ჩოჩიშვილის შემდეგ ის გახდა მეორე ქართველი ძიუდოისტი, ვინც ორი ოლიმპიური მედალი მოიპოვა, თუმცა დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში ამ მხრივ პირველია.

სამი საინტერესო დამთხვევაც ამ სხვადასხვა თაობის ძიუდოისტთა შორის - ოლიმპიადებზე ორივემ ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა; ორივემ ეს სხვადასხვა წონაში გააკეთა და ორივე გორელია! თუმცა 24 წლის შავდათუაშვილს კიდევ შეუძლია ოლიმპიადებზე გამოსვლა (ცხადია, ლიცენზიას თუ მოიპოვებს).

საინტერესოა, რომ ანალოგიური პერსპექტივა თითქმის ყველა მედალოსანს აქვს: ტალახაძე, პეტრიაშვილი და ბოლქვაძე 22 წლისანი არიან და თუ შიდა სანაკრებო კონკურენცია დაძლიეს, მინიმუმ, 2 ოლიმპიადაზე თავისუფლად შეუძლიათ გამოსვლა. ხინჩეგაშვილი 25 წლისაა, ლიპარტელიანი - 27-ის და მათაც ასევე შეუძლიათ მომდევნო თამაშებზე მოხვედრა. ერთი სიტყვით, ახლანდელი ოლიმპიური გუნდი ძალიან ახალგაზრდულია, რომელმაც სიმწიფის ასაკს ტოკიოში უნდა მიაღწიოს, ეს კი კარგ პერსპექტივას გვიქადის, ოღონდ საჭიროა სწორი მართვა ცალკეულ ფედერაციებში და მთლიანად ქართულ სპორტში.

თან აქ ჩვენ მხოლოდ მედალოსნებზე ვსაუბრობთ, თუმცა ახლანდელ ოლიმპიელთა შორისაც ბევრია ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა - სპორტული სამყაროს გამაოცებლები, ზაზა ნადირაძე (კანოე), სალომე ფაჟავა (ტანვარჯიში), ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო)... პერსპექტიულები სხვებიც არიან (თუნდაც ძალოსნები გავიხსენოთ), მაგრამ აქ ყურადღება განსაკუთრებით გამორჩეულებზე შევაჩერეთ - დაგვეთანხმებით, სწორი მუშაობის შემთხვევაში ყველა მათგანი ტოკიოში ფავორიტად ჩავა, თუმცა მომდევნო ოლიმპიადებზეც შეუძლიათ გამოსვლა.

საინტერესოა, რომ მედალოსნებიდან 3 წარმომადგენელი გორელია - ხინჩეგაშვილი, შავდათუაშვილი და პეტრიაშვილი. ორი სპორტსმენი ჰყავს აჭარას - ბოლქვაძე და თურმანიძე, ტალახაძე საჩხერელია, ლიპარტელიანი კი თბილისშია დაბადებულ-გაზრდილი, თუმცა, მიზეზთა გამო, შიდა შეჯიბრებებში ისიც აჭარას წარმოადგენს.

რიო დე ჟანეიროში ქართული სპორტი 12 სახეობის 14 დისციპლინით იყო წარმოდგენილი. ამ ფონზე მხოლოდ 3-ის წარმატება არცთუ კარგი შედეგია, მაგრამ ზოგიერთ სახეობაში ძალიან კარგი ახალგაზრდები გამოჩნდნენ, რომელთა იმედი ნამდვილად უნდა გვქონდეს.

ფაჟავას აქამდეც კარგად ვიცნობდით და რომ არა ფეხის ტრავმა, ვინ იცის, ეგებ მეტი მედალიც გვქონოდა. ასაკობრივ ტურნირებში ნადირაძესაც ჰქონდა მედლები, მაგრამ ოლიმპიადაზე მის ასეთ "გამოვარდნას" ვერავინ წარმოიდგენდა და რომ არა გამოუცდელობა, ბრინჯაოს მედალი სავსებით რეალური იყო. ძალოსნობაც კარგ რელსებზე დადგა და მომავალში სერიოზული წინსვლაა მოსალოდნელი, მაგრამ სპორტის გუნდურ სახეობებში, ხოლო ინდივიდუალურებიდან ისეთ მასობრივებში, როგორიც მძლეოსნობა და ცურვაა, კვლავაც არასახარბიელო ვითარებაა - ჯერჯერობით აქ მედლის არანაირი პერსპექტივა არ გვიჩანს.

ამ 7 მედლით საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 38-ე ადგილზე გავიდა, ოღონდ ეს დათვლის სისტემა მრავალგვარია და პირობითი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადამწყვეტ მნიშვნელობას ოქროების რაოდენობას აძლევს და არა მთლიანად მედლებისას. სწორედ ამიტომ რეიტინგში გვისწრებენ, მაგალითად, ასევე 7-მედლიანი შვეიცარია (24-ე ადგილი), 6-იანი საბერძნეთი (26) და 4-იანი არგენტინაც (27), რადგან მათ 3-3 ოქრო აქვთ. კიდევ ერთი ოქროს მედალი (ანუ მერვე ჯილდოს მოპოვების შემთხვევაში) 25-ე ადგილს გაგვაყოფინებდა ირანთან ერთად.

თუმცა სოკ-ი მედლების საერთო რაოდენობითაც რომ ადგენდეს რეიტინგს, ჩვენ დაახლოებით ამავე პოზიციაზე ვიქნებოდით. ახლა სწორედ ოქროების რაოდენობით გავასწარით მედლების რაოდენობით ჩვენზე წარმატებულ ქვეყნებს: აზერბაიჯანს (18 მედალი), ბელარუსს (9), თურქეთს, ეთიოპიას (8-8), ჩეხეთს (10), რომლებსაც თითო ოქრო აქვთ. ამათგან ყველაზე შესაცოდი აზერბაიჯანია - 18 ჯილდო და მხოლოდ 1 ოქრო! იქაურებმა 7 ვერცხლი მოიპოვეს. აქედან 2-2 ფინალი ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში წააგეს, თითო - ქალთა ჭიდაობასა და კრივში, ერთი ვერცხლი კი კანოეში ირგუნეს.

კავკასიის რეგიონს თუ გადავხედავთ, მედლების ოდენობით აზერბაიჯანი ლიდერობს - 18 (1 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 - ბრინჯაო), თუმცა სოკ-სეული დათვლის სისტემით, ჩვენ ვუსწრებთ ამ 7 მედლით. სომხეთი ყველა პარამეტრით მესამეა - 4 მედალი (1 ოქრო და 3 - ვერცხლი).

ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ახლანდელი რეიტინგით მე-19 ადგილზეა, თუმცა ჩვენ წინ მყოფთაგან რამდენიმეს რაოდენობრივად ნაკლები მედალი აქვს: საბერძნეთს და ბელგიას 6-6 აქვთ, სლოვაკეთს - 4. 7 ჯილდო აქვს შვეიცარიასაც, მაგრამ ისინი ოქროებით გვისწრებენ.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს თუ შევედრებით, ახლანდელი დათვლის სისტემით, ანუ როცა ოქროს მედლებს ენიჭება უპირატესობა, გაგიკვიდებათ და მეხუთეზე ვართ რუსეთის (56 მედალი: 19, 18, 19), უზბეკეთის (13: 4, 2, 7), ყაზახეთის (17: 3, 5, 9) და უკრაინის (11:2, 5, 4) შემდეგ. მედლების საერთო რაოდენობით თუ დავითვლით, ამ ოთხეულის გარდა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანი (18) და ბელარუსი (9) გვისწრებენ, ჩვენ კი მეშვიდეზე ვართ.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფიდან დასახელებული შვიდეულის გარდა, მედლები მხოლოდ სომხეთმა (4), ტაჯიკეთმა (1), ლიტვამ (4), ესტონეთმა (1) და მოლდოვამ (1) მოიპოვეს, ხოლო ლატვია, ყირგიზეთი და თურქმენეთი უმედლოდ დარჩნენ.

მთლიანობაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედალი 87-მა ქვეყანამ მოიპოვა, სულ კი 204 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ მედლების ოდენობით გაუსწრო (რაოდენობითაც და ოქროებითაც) ისეთ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა სლოვენია (4 ჯილდო), ავსტრია (1), რუმინეთი (5), ირლანდიას (2), ლიტვას (4), ბულგარეთს (3), ნორვეგიას (4), ისრაელს (2), ფინეთს (1) და პორტუგალიას (1).

თუმცა ეს ოდნავადაც არ გვაძლევს თავის დამშვიდების საშუალებას, რადგან მთელ რიგ სახეობებში ბევრად მეტი შეგვეძლო, ზოგან კი საერთოდ ვერც მოვხვდით ოლიმპიადაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კაი სტატია ირაკლისგან, როგორც ყოველთვის პრინციპში ! :)
Giorgi-FCB
28 აგვისტო 2016 22:01
0
კარგია რომ შეფასება ხდება ოლიმპიადის. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია. ზოგადად ქართულ სპორტის მდგომარეობა ძალიან ცუდია ახალგაზრდობის ჩართულობა ძალიან დაბალია პოპულარიზაცია სპორტის და ჯანსაღის ცხოვრების წესის დაბალი. ჯერ ოლიმპიადის გაშუქება სატელევიზიო ეთერით რას გავდა? საქათველოში არ დაადგა საშველი რომ ერთი საზოგადოებრივი სპორტული არხი იყოს. ყველას არ აქვს საშვალება რომ ინტერნეტი ქონდეს და ადევნოს თვალი ამა თუ იმ სპორტულ ღონისძიებებს სამწუხაროდ.
jorj
28 აგვისტო 2016 21:34
0
სპორტის გუნდურ სახეობებში ჯერ ოლიმპიადის საგზურიც არ მიგვიპოვებია.რეალურად ქვეყანაში სპორტის განვითარებას სწორედ გუნდური ასახავენ,კლუბები....
Zaza
28 აგვისტო 2016 12:11
0
საქარტველოში ტანვარჯიში საერტოდ გაქრა ,პარიკაობა,სირბილი,ბაბმინტონი ასე ძნელია ახალგაზრდების გჭვრტნაა???? რაგბიტ ვტრაბახობტ და რატომ არ გვყავდა მორაგბეები,პეხბურტელები ,ქალტა პეხბურტის გუნდები,პრენბურტი საერტოდ ახსოვსს ვინმესს?? ხოლოდ ჭიდაობაში გამოვიდნენ ახალგაზრდები მშვილდ ისრის სროლაში მამააცტა გუნდი რატომ არ გვყავდა ? ან ეს ქალები 50 წლისანი ახალგაზრდები რატომ არ გყავს შემცვლელი? ცურვაზე აღარ ვლაპარაკობ ცურვის გენი და ბოდოში და ტრაკი ალბატ არ გვაქვსს ქარტველებსს . მშობლებო და სახელწიპოვ აი მხოლოდ შეხტა შეიკუნტრუშაზე ატარეტ ბავშვები ცეკვს მაინც ისწავლიან ქორწილებში ხელების გასაშლელად . მტავრობავ ტქვენ კიდევ ხვეტეტ ხვეტერტ რაც შეგიჭლიატ მეტი და ჯამრტელი მომავალი ზედმეტია საქარტველოსტვის ტქვენი საკუტარი ხომ არ არის.
TAMARI
28 აგვისტო 2016 05:28
0
მორიგი უსაფუძვლო ტრაბახი და პოლიტიკოსების მიერ აგორებული გრანდიოზული წარმატების ყალბი ფასადი. როგორ აყრის მედია და პოლიტიკოსები ტანდემში ხალხს თვალში ნაცარს. საუკეთესო შედეგი საქართველომ პეკინში დადო. რიოში არანაირი გაუმჯობესება არ იყო, გამეორდა ლონდონის შედეგი.

ყალბი სამიზნეების დასახვა აიოლებს შედეგის ინტერპრეტაციას. სხვა ქვეყნებთან შედარება თვალთმაქცობაა, პრობლემებს და სინამდვილეს აცდენილი აზროვნების დემონსტრაცია არის. თითოეულ სპორტის სახეობაში საუკეთესო შედეგებთან უნდა მოხდეს შედარება ჩვენი სპორტსმენების შედეგების. ოლიმპიადაზე 37 სპორტის სახეობაა თუ არ ვცდები, აქედან ჩვენ მხოლოდ 12 სახეობში გვყავდა წარმომადგენელი და მხოლოდ 3 სახეობაში ავიღეთ მედლები! 9 სახეობაში სრული ფიასკო განვიცადეთ. ეს არის წარმატებული გამოსვლა? არა არის. ჩვენთვის ტრადიცულად ძლიერ სპორტის სახეობებში, ძიუდოში და ჭიდაობაში სირცხვილს გადაგვარჩინეს სპორტსმენებმა, ძიუდოში ოქრო ვერ ავიღეთ, ხოლო ჭიდაობაში 1 ოქრო. რუსებმა არა მხოლოდ ოქრო წაგვართვეს ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენიც წაგვართვეს. დაფდაფებს რომ დაკრავთ და მკერდზე მუშტებს ირტყავთ ხალხი ბრმა ხომ არ გგონიათ? ზღვა სამუშაო არის გასაკეთებელი რომ ახალგაზრდა თაობებს სპორტში ჩართვის საშუალება გაუჩნდეთ. განსაკუთრებით სოფლად არ არსებობს არანაირი სპორტული კომპლექსები, აუზები, მოედნები... ძალიან დაბალ სტანდარტებს უწესებთ პოლიტიკოსები და მედია საკუთარ თავს.
ლუკა
28 აგვისტო 2016 02:51
0
გმირი ოლიმპიელი
რა ვიცი, ყველა იმას მედავება, მხოლოდ კრიტიკას წერო. ))))
ისე, მაინც სად ნახე ჩემი დამალული სიმართლე?
მერაბი
აზერებზე თავიდან მეც მასე ვფიქრობდი, რა მუღამი აქვს ამ ლეგიონერების მოპოვებულ მედლებს-მეთქი, მაგრამ რაც შარშან ვნახე ევროთამაშებზე, მივხვდი, რატომაც აკეთებენ ამას და რატომ გადაჰყავთ მასიურად სხვა ქვეყნებიდან სპორტსმენები. იდეოლოგიის ამბავია - ამით ერში გამარჯვებულის ფსიქოლოგიას აყალიბებენ. მათთვის მთავარია, გაიმარჯვოს აზერბაიჯანელმა, აიწიოს მათი დროშა, აჟღერდეს მათი ჰიმნი და სულ არ აინტერესებთ, რა ეროვნების ათლეტი გააკეთებს ამას.მთავარია, აზერბაიჯანი იყოს გამარჯვებული, რადგან ეს ქვეყნის ცნობადობის ამბავია. უნდა გენახა, ევროთამაშებზე თვით შავკანიან მორბენლებსაც კი როგორ ქომაგობდნენ - ნაღდი აზერებივით გულშემატკივრობდნენ, ყირაზე გადადიოდნენ.
ირაკლი თავაძე
27 აგვისტო 2016 23:32
0
კრივი გამოგრჩათ, მართალია ოლიმპიადაზე არ გვყოლია მოკრივე მაგრამ ეგ კიდევ უარესი, სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნები რომ გამოდიან და ტრაბახობენ, კრივი რომ მოკვდა საქართველოში თუ ამჩნევენ ნეტა?თუ უცხო და ეგზოტიკური სპორტია კრივი საქართველოში?
kote
27 აგვისტო 2016 22:35
0
ბაზაძე უსამართლოდ გამოგრჩათ
რეზო
27 აგვისტო 2016 21:02
0
ჭიდაობიდან შემოვიდა ყველაზე მეტი მედალი და ქალაქ თბილისში ბავშვთ და მოზარდთა ჭიდაობის არც განვითარების და არანაირი პროგრამა არ არსებობს. ფაქტიურად ყოველგვარი პირობების გარეშე ვარჯიშობენ და არც გამგეობიდან და არც სპორტის სამინისტროდან არავინ არ ეხმარება თითქმის განადგურების პირას მისულ ბავშვთა სპორტს. შესაძლოა ეს ჩემი კომენტარი დამიბლოკოთ რადგან არც თქვენ ჟურნალისტებს არ გაწყობთ სიმართლის მოსმენა და სიმართლის წერა. ნიაქციეთ ოდნავი ყურადღება მაინც ასე რომ ხართ აღფრთოვანებული ჩვენი გმირი ოლიმპიელების მედლებით.
გმირი ოლიმპიელი
27 აგვისტო 2016 18:55
0
უკაცრავად. 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო
მერაბი
27 აგვისტო 2016 18:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული