"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"

AutoSharing Option
ვლადიმერ ნუცუბიძე ქართული ძიუდოს ისტორიაში მეორე მსაჯია ანზორ ქიბროწაშვილის შემდეგ, ვინც ოლიმპიადაზე იმსაჯა, თუმცა პირველია, ვისაც ასეთი პატივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერგო.

მაგრამ პატივისცემასაც გააჩნია და ის, რაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მოხდა, ალბათ, თავადაც არ ელოდა - ოთხი ფინალის მსაჯობა ანდეს. ამათგან ერთ-ერთი 81-ის საჩემპიონო შეხვედრა იყო ვაჟებში, თუმცა ამბობს, რომ ერჩივნა, იმ დროს იქ ტატამზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ყოფილიყო და ეს შეხვედრა არ მიენდოთ...

ასეთმა წარმატებამ მას ახალი პერსპექტივა გადაუშალა, თუმცა ამჯერად მასთან საუბარში წმინდა ოლიმპიური თემატიკით შემოვიფარგლეთ, რაზეც
ნუცუბიძე საინტერესოდ გვესაუბრება.

- ელოდით თუ არა, რომ ბრაზილიაში ოთხ ფინალს იმსაჯებდით?
- ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ვინმეს ერთ ოლიმპიადაზე 14-დან ოთხი ფინალი ემსაჯოს, ახლა კი მე და იაპონელმა აკინობუ ოსაკომ ვიმსაჯეთ 4-4. თავის დროზე ის ცნობილი ძიუდოისტიც იყო, მერე ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ერთი ოლიმპიური ციკლის განმავლობაში და საკმაოდ ცნობილი არბიტრიცაა, თუმცა ამ თამაშებზე ჩვენ ორი განსაკუთრებით გამოგვარჩიეს, რადგან აქცენტი გაკეთდა პრინციპულობაზე და იმაზე, ვინც უკეთ აუღო ალღო ოლიმპიადის საერთო მოთხოვნებს

- ამბობენ, რომ სპორტსმენისთვის ოლიმპიადა ბევრად განსხვავდება სხვა ნებისმიერი შეჯიბრებისგან. მსაჯებისთვისაც ასეა?
- პირველად ვიყავი ოლიმპიადაზე და მეგონა, ის ბევრად რთული იქნებოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი ამას - მსოფლიოს ჩემპიონატი ბევრად ძნელია სამსაჯოდ. ოლიმპიადაზე ბევრად ნაკლები შეხვედრაა, რადგან დღეში მხოლოდ ორი წონა ტარდება - თითო ქალებში და ვაჟებში, ხოლო ფინალები ერთი და იგივეა. თან მსოფლიოზე არაკვალიფიციური სპორტსმენებიც ხვდებიან, ასეთების შეხვედრა კი, როცა არც ერთმა არ იცის ჭიდაობა, ძალიან ძნელი სამსაჯოა. მსაჯი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, რომ ის ერთი შანსიც არ გამოეპაროს, თორემ, შეიძლება, უსასრულოდ იჭიდაონ, ორივეს მოხსნა კი არ შეიძლება, ასეთი წესი არ არსებობს.

მსოფლიოსთან შედარებით, ოლიმპიადაზე ძალიან დიდია ალბათობა, რომ ცნობილი სპორტსმენები ნერვიულობის გამო ბავშვურ შეცდომებს უშვებენ და მარცხდებიან - მსაჯი ამ დროსაც დიდი ყურადღებით უნდა იყოს.

ამბობენ, რომ სამსაჯოდ ყველაზე ძნელი პირველი და ბოლო ფინალიაო. პირველი იმიტომ, რომ თავიდან როგორც დაიწყებ, ისევე აგრძელებ - დასაწყისშივე მოპოვებული ავტორიტეტი ძალიან ბევრს ნიშნავს, ბოლო კი მიუთითებს, რომ ეს გავლენა ტურნირის დასასრულამდე შეინარჩუნე. ზემოხსენებული იმ 7 მსაჯიდანაც მხოლოდ 3 აღმოვჩნდით, რომლებმაც ყველა დღის ფინალურ ბლოკში მივიღეთ მონაწილეობა - მე, იაპონელი ოსაკო და ჩინელი ვანი. ანუ ამ სიაში ევროპიდან მხოლოდ მე ვიყავი და, იმედია, ევროპის ფედერაცია დააფასებს ამას, რუსებმა თუ არ იმძლავრეს.

- ამ ოთხი ფინალიდან რომელს გამოარჩევდით, რომელი იყო ყველაზე რთული ან თქვენთვის რამე სხვა ნიშნით დასამახსოვრებელი?
- ყველაზე პრესტიჟული იყო პირველი ფინალის მსაჯობა. ეს იყო ქალთა ტურნირში, რომელიც არგენტინელმა პაულა პარეტომ მოიგო. ეს არგენტინისთვის პირველი ოქრო იყო ძიუდოში და ამიტომ დიდი იყო დაძაბულობა - არგენტინაში თუ ვინმე მაღალჩინოსანი იყო, ყველა ესწრებოდა ამ შეხვედრას, ვიზერი ალყაში ჰყავდათ. სპორტის მინისტრიც იქ იყო, ოლიმპიური კომიტეტის, მთავრობის წარმომადგენლობაც, მაგრამ ჩემთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. თან შეხვედრაც ისე ადვილად წარიმართა, ყველაზე იოლი ფინალი აღმოჩნდა, ყველაზე ძნელი კი ბოლო გამოდგა - ვაჟებში 100 კილოგრამის გადამწყვეტი შეხვედრა ჩეხ ტომაშ კრპალეკსა და აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს შორის.

ორივე მხარე ჩემს იმედზე იყო, რადგან ვახლობლობ ორივე მხარის ფედერაციის პრეზიდენტებთანაც, მთავარ მწვრთნელებთანაც და ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი ურთიერთობა ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან მაქვს. ჩეხებიდან დანიელ ბრატა მსოფლიოს ფედერაციის სპორტული დირექტორია, ტომაშ ვახუნი - ევროპული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. აზერბაიჯანი საერთაშორისო ფედერაციის ყველაზე მსხვილი სპონსორია და თან იქ მთავარ მწვრთნელად პეტერ ზაიზენბახერი მუშაობს, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

საბედნიეროდ, სიმართლემ გაიმარჯვა და ყველაფერი სუფთა გდებით დამთავრდა, შედეგად კი კრპალეკის მოგებას კითხვის ნიშნები არ გამოუწვევია, სამართლიანი გამარჯვებული გამოვლინდა და პრეტენზიები არც ერთ მხარეს არ გამოუთქვამს.

- სხვა შეხვედრებში თუ იყო პრეტენზიები თქვენ მიმართ?
- ერთადერთი პრეტენზია ზუსტად მაგ დღეს ბრაზილიელთა მხრიდან გამოითქვა, როცა ქალთა შორის 78 კილოგრამის ნახევარფინალში მათი სპორტსმენი და მთავარი იმედი ფრანგ ემილი ანდეოლისთან ჭიდაობდა. ბრაზილიამ მანამდე კი მოიპოვა ოქრო, მაგრამ ლიდერად ეს გოგო მიიჩნეოდა და მას ქომაგობდნენ.

ძირითადად ტაქტიკური შეხვედრა იყო, ორივე სპორტსმენი გაფრთხილებაზე, შიდოებზე მუშაობდა და არა გდებებზე. შესაბამისად, ჩემს გადაწყვეტილებაზე ბევრი იყო დამოკიდებული. პირველად ფრანგი გავაფრთხილე, რადგან ბრაზილიელი უკეთეს ფორმაში იყო და უფრო ძლიერიცაა, მაგრამ ერთ ეპიზოდში შეცდა და გაშლილი ხელით დიდხანს იდგა ბლოკზე, ფრანგს არ აძლევდა ჭიდაობის საშუალებას, რისთვისაც გავაფრთხილე. რა თქმა უნდა, ამაზე დაინგრა დარბაზი. ამის შემდეგ ბრაზილიელი გააქტიურდა და ანდეოლი მეორედ გავაფრთხილე, მაგრამ ბოლო წუთზე მასპინძელმა მუხლის საშუალებით გააშვებინა ჩავლება. ეს იმდენად აშკარა დარღვევაა, თვალს ვერ დავხუჭავდი, თორემ მასპინძლისადმი მიკერძოება გამომივიდოდა.

ამ გაფრთხილებით დამარცხდა ბრაზილიელი, რის გამოც საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე. თუმცა რა ვქნა, სიმართლე მთავარია.

- როგორც ცნობილია, რამდენიმე არბიტრს უშუალოდ ოლიმპიადის მიმდინარეობისას აუკრძალეს მსაჯობა. ეს რამ გამოიწვია?
- ეს მეოთხე დღეს მოხდა, როცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სხდომაზე რამდენიმე საკითხთან ერთად მსაჯთა კომისიას რადიკალური რეფორმების გატარება მოსთხოვეს, რადგან წინა სამი დღის განმავლობაში რამდენიმე უხეში შეცდომა გამოვლინდა. კომისიამაც გადაწყვიტა, ყველაზე პასიური არბიტრები დაესაჯა. იქ ყოველი შეხვედრის შემდეგ ქულები გვეწერება, რითაც დგება რეიტინგი. ამის მიხედვით გამოავლინეს ოთხი ყველაზე დაბალრეიტინგული მსაჯი - 2-2 თითო ტატამიდან და "ჩახსნეს". ისინი პირველ დღეს საერთოდ არ ამსაჯეს, მეორე დღეს კი დააბრუნეს, მაგრამ - მხოლოდ გვერდითებად, ტატამზე არ უშვებდნენ. ფაქტობრივად, 10 მსაჯი დავრჩით, თუმცა ფინალურ ბლოკზე ეს არ ასახულა - 5 არბიტრი ვიყავით უცვლელად და მხოლოდ მეექვსე იცვლებოდა.

- ამ ოლიმპიადაზე შედარებით ნაკლები იყო მსაჯთა შეცდომები. ეს მხოლოდ ასეთმა მკაცრმა მიდგომამ გამოიწვია?
- ცხადია, არა. ამჯერად ბევრად მეტი პროფესიონალი მსაჯი შეირჩა. მაგალითად, წინა თამაშებზე ლონდონში 25 არბიტრი იყო მიწვეული, ახლა კი ბევრად მობილური ჯგუფი შეირჩა. გზადაგზა ესეც გაიცხრილა და საბოლოოდ ეს ჯგუფი დარჩა, თუმცა იმათგანაც 4-მა კიდევ ვერ გაუძლო.

თუმცა ეს ერთი მხარეა, მეორე კი ისაა, რომ ადრე ძალიან დიდი უფლებები ჰქონდათ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, რომლებიც აქტიურადაც იყენებდნენ ამ უფლებას. ახლა ყველაფერი ვიზერმა დაუქვემდებარა თავის კონტროლს, ერეოდა ყველა სადავო საკითხში; კომისრების გარდა, თავისი ნდობით აღჭურვილი პირებისგან შექმნა მრჩეველთა საბჭოს მსგავსი კომისია, რომელთანაც გადიოდა კონსულტაციას ყველა სადავო მომენტში, მხოლოდ მათთან მოთათბირების შემდეგ იძახებდა კომისრებს და პასუხს სთხოვდა ყველა საკამათო ეპიზოდზე. შეიძლება კომისრებიც მართლებიც გამომდგარიყვნენ, მაგრამ მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ, რომ ზედმეტად არ ჩარეულიყვნენ. ყველანაირად გამორიცხა მიკერძოება და საერთაშორისო ფედერაციის ვერც ერთი მაღალჩინოსანი ვერ ბედავდა ჩარევას.

- ჩვენს სპორტსმენებთან მისვლის საშუალება თუ გქონდათ, თუნდაც წარმატება რომ მიგელოცათ მათთვის?
- ამის საშუალება არც იყო, იმდენად შეზღუდული ვიყავით. მსაჯები იზოლირებულად, სულ სხვაგან ვცხოვრობდით, ხოლო დარბაზში კი დერეფნითაც არ გვქონდა საერთო, არენაზე ცალ-ცალკე გასასვლელით გავდიოდით. ერთადერთი, მხოლოდ ტატამიდან გამოსვლისას ჩემს მაგიდასთან თუ ჩაივლიდნენ და თვალებით "გავესაუბრებოდით" ერთმანეთს.

ძიუდოში ეს თემა მკაცრადაა განსაზღვრული და ერთი ასეთი ამბავიც მოხდა: როცა ლიპარტელიანმა ერთ-ერთი შეხვედრა მოიგო, მწვრთნელ ირაკლი უზნაძესა და ექიმ ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად გასასვლელში დარჩა, მორიგ შეხვედრას უყურებდნენ, რომელშიც მისი მეტოქე ირკვეოდა. ამ დროს ჩამოიარა მსაჯთა მაგიდისკენ მომავალმა იაპონური წარმოშობის ბრაზილიელმა მსაჯმა ედისონ მინაკავამ, რომელიც კარგად იცნობს ჩვენებს და მიესალმა მათ, ხელი ჩამოართვა სამივეს. ეს ეპიზოდი ვიღაცამ გადაიღო და როგორც კი ლიპარტელიანმა მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა, ეს ფოტო მყისვე, 10 წუთში მთელ მონღოლურ სოციალურ მედიას მოედო, აი, რატომ წააგო ჩვენმა სპორტსმენმა, ეს მსაჯი ქართველს ხელს ართმევს და კიდეც მიეხმარებოდა მასო.

ცხადია, ეს ამბავი არც საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობას გამორჩენია. სპორტული დირექტორი არმენ ბაღდასაროვი მივიდა მინაკავასთან, აჩვენა ეს ფოტო და უთხრა, მორიდებოდა მსგავს რამეებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა რომ ქიბროწაშვილი გაიხსენეთ, მასზეც დაწერეთ ხოლმე ხშირად, დიდი სპორცმენი, დიდი ქართველი, მისმა დაღუპვამ გორელებს ძალიან გვატკინა გული.
jemali
17 სექტემბერი 2016 17:52
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული