სეოკ-ის აღმასკომის სხდომა: საპრეზიდენტო კამპანია გაიხსნა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, რომელმაც დაადგინა სეოკ-ის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის თარიღი - მიმდინარე წლის 23 დეკემბერი.

სხდომაზევე გამოიკვეთა პრეზიდენტობის ორი მსურველი - მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი აღმასკომმაც დაამტკიცა, ხოლო სპორტის ექსპერტმა თამაზ თევზაძემ დაადასტურა თავისი განზრახვა, მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ის სათანადო პროცედურებს უახლოეს მომავალში გაივლის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ასევე ოფიციალურად დააფიქსირა სპორტის დეპარტამენტის ექსთავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა.

დღის წესრიგი და მილოცვები
აღმასკომის გუშინ
დელი სხდომის დღის წესრიგში სამი საკითხი იყო: რიო დე ჟანეიროს თამაშებში ქართველ სპორტსმენთა გამოსვლა; საარჩევნო-საანგარიშო სესიის დანიშვნა და სხვადასხვა.

სხდომა შესავალი სიტყვით ხაბელოვმა გახსნა და ჯერ ოლიმპიელებს მიულოცა ბრაზილიაში მოპოვებული წარმატება, მერე, იმ რამდენიმე სპორტული ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტებს (ძიუდო, მშვილდოსნობა, ძალოსნობა და სხვა), რომლებმაც უკვე ჩაატარეს ახალი საარჩევნო ყრილობები.

ხაბელოვმაც და პირველი საკითხის მომხსენებელმაც, სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმაც ზაფხულის XXXI თამაშებზე ჩვენი გუნდის გამოსვლა წარმატებულად შეაფასეს, რადგან წინა თამაშების რაოდენობრივი მაჩვენებელი არ გაუარესებულა (ისევ 7 მედალი), ხოლო ხარისხობრივი გაუმჯობესდა და 1 ოქროს ნაცვლად ამჯერად 2 მოიპოვეს. ამასთან, გაიზარდა ლიცენზიანტთა და სპორტული დისციპლინების რაოდენობა, წინსვლაა რიგ სხვა პარამეტრებშიც, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ იყო რამდენიმე გულდასაწყვეტი მარცხი და ჩვენებს რეალურად მეტი შეეძლოთ.

ყველაზე დასანან მომენტებად ძიუდოისტთა გამოსვლა და მოჭიდავეებში რამდენიმე წაგება დაასახელეს, ყველაზე მეტი ქება კი ძალოსნებს ხვდათ წილად. კონკრეტულად, მათ ტრიუმფატორებს - ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს და ირაკლი თურმანიძეს (ორივე - +105). აგრეთვე, ფედერაციისა და ნაკრების ხელმძღვანელობას.

სამადლობელი სიტყვებით მოიხსენიეს აგრეთვე მეორე ოლიმპიური ჩემპიონი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და ყველა მედალოსანი, თუმცა თავისი წილი ქება იმ უმედლოდ დარჩენილებსაც მიაგეს, რომლებმაც ბრაზილიაში დიდი სპორტული შემართება გამოიჩინეს: ნიჩბოსან ზაზა ნადირაძეს, მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, ოლიმპიურ ჩემპიონს ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძეს და მის შვილს, ასევე მსროლელ ცოტნე მაჭავარიანს, ბატუტუზე მხტომელ ლუბა გოლოვინას. აგრეთვე საგანგებოდ შეაქეს მოგვიანებით პარალიმპურ თამაშებში გამარჯვებული ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური (90).

მოგვიანებით ხაბელოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარალიმპიადა ჩვეულებრივ ოლიმპიადასთანაა გათანაბრებული და ამიტომ გოგოჭურიც იმავე ოდენობის პრემიას მიიღებს - 170 000 ლარს, რასაც ხინჩეგაშვილი და ტალახაძე.

ელგუჯა ბერიშვილმა იმ სახეობებზეც ისაუბრა, სადაც მეტია საჭირო და კვლავაც ბევრი სამუშაოა: მძლეოსნობა, ცურვა, ტანვარჯიში...

ბერიშვილის თქმით, ეს წარმატება ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროსა და თავად ფედერაციების ერთობლივმა ნაყოფიერმა მუშაობამ განაპირობა. მისი თქმით, გაიზარდა დაფინანსებაც. ადრე თუ სპორტის მთლიანი ბიუჯეტი 2-3 მილიონი იყო, ახლა ამდენი წარმატებულ ფედერაციებს აქვთო, აღნიშნა მომხსენებელმა.

შეთანხმებულ-კოორდინირებული მუშაობის სიკეთეზე მოგვიანებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემაც ისაუბრა და ახალ ოლიმპიურ ციკლში სახელმწიფოს მხრიდან კიდევ მეტი დახმარების პირობა დადო. მისი თქმით, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტს გააკეთებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ფსიქოლოგთა მოსაწვევად.

ყრილობის პერიპეტიები
საარჩევნო-საანგარიშო სესიის მოსამზადებელ სამუშაოებზე სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ისაუბრა. აღმასკომმა დაამტკიცა მისი წინადადება ყრილობის 23 დეკემბერს გამართვის შესახებ. აგრეთვე, დღის წესრიგი: აწ უკვე ჩავლილი 4-წლიანი ოლიმპიური ციკლის ანგარიში და პრეზიდენტის არჩევნები.

სავარაუდოდ, ყრილობა სასტუმრო "რედისონში" ჩატარდება. პრეზიდენტის პოსტზე განაცხადების მიღება ყრილობამდე 10 დღით ადრე შეწყდება, ფედერაციებმა კი დელეგატთა სიები 5 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ.

ხაბელოვის თქმით, ყრილობამდე უნდა მოესწროს ორ ახალ ოლიმპიურ ჩემპიონზე - ხინჩეგაშვილსა და ტალახაძეზე წიგნების გამოცემა, ოლიმპიური ჟურნალისა და საინფორმაციო ბუკლეტის გამოშვება, ვიდეორგოლის დამზადება.

ყრილობის დღესვე გაიხსნება ახალ ოლიმპიურ ჩემპიონთა ვარსკვლავი, გადაეცემათ პრემიები.

გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა
აღმასკომის სხდომაზე იმ ამბავზეც ისაუბრეს, რომელშიც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აღმოჩნდა გარეული. საქმე ეხება უკრაინაში გადაღებულ და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაა გადაღებული.

- მიშა სააკაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი რთველში უკრაინელ ლამაზმანებთან ერთად [VIDEO]

ხაბელოვმა ეს პოლიტიკურ პროცესებში სპორტსმენთა ჩარევად შეაფასა, თან აღნიშნა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ იმთავითვე უარი თქვა ამაზე და მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან.

მოგვიანებით ეს თემა კიდევ ერთხელ გახმაურდა და დაისვა კითხვა, აქვთ თუ არა სპორტსმენებს უფლება, გამოხატონ მხარდაჭერა ამა თუ იმ კანდიდატის ან პარტიის მიმართ. ამ კითხვამ მცირე დისკუსიაც კი გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ ყველა იოლად შეთანხმდა იმაზე, რომ სპორტსმენებმა არ უნდა შეითავსონ პოლიტიკოსობა, თორემ სიმპათიების გამოხატვას, თუნდაც პოლიტიკაში ჩართული მეგობრების მხარდასაჭერად არავინ უშლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული