ეტყობა, სახელმწიფომ მართლა სერიოზულად განიზრახა ქართული სპორტისთვის ისეთი მტკივნეული პრობლემის მოგვარება, როგორიც ფსიქოლოგთა დახმარებაა.
ამ მხრივ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა ძლიერი შეჯანჯღარება გამოდგა - ძალიან ბევრმა სპორტსმენმა სწორედ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო სატურნირო დატვირთვას, გადამწყვეტ მომენტში შედრკა და მოიშალა. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი საჭიდაო სახეობებში იყო ანუ ორთაბრძოლებში, სადაც ხასიათის სიმტკიცეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
სამწუხაროდ, ამ პრობლემაზე დღემდე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, პრაქტიკულად კი თითქმის
ბოლო ხანებში კი გამოჩნდნენ ენთუზიასტები - ძიუდოს ფედერაცია, რაგბის კავშირი, რომლებმაც დაუშვეს სათანადო შტატი და მიიწვიეს ფსიქოლოგები, რიოს ოლიმპიადის შემდეგ კი ხელისუფლებამაც ეს სფერო ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა - საქართველოში დაბრუნების შემდეგ ფსიქოლოგთა მოწვევაზე ერთმანეთის მიყოლებით ალაპარაკდა სპორტის სამინისტროც და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც.
რა იგეგმება ამ კუთხით და რა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგის სამსახურს, ამაზე ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი გვესაუბრება.
- სპორტსმენის გამოსვლაში 90 პროცენტი მოდის ფსიქოლოგიაზე - გვითხრა ზურაბ კახაბრიშვილმა. ამიტომ შევარჩიეთ ახალგაზრდა ექიმი ვახტანგ უკლება, ვისაც გერმანიაში აქვს სერტიფიკატი აღებული და აქტიურადაა ჩართული ამ საკითხებში. მან იცის როგორც ევროპული, ასევე იაპონური მოდელი, ერკვევა სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
ის ჩართული იყო ბაკურიანის, ყვარლის, დუშეთის შეკრებებში, უკვე მოასწრო მუშაობა იმავე ხინჩეგაშვილთან, ტალახაძესთან, პეტრიაშვილთან, ლიპარტელიანთან და სხვებთან, მაგრამ ერთ შეკრებაზე შედეგის მიღწევა ძნელია. ადრე სიდნეიშიც გვყავდა ფსიქოლოგი წაყვანილი - ამირან გრიგოლავა, მაგრამ მას დრო არ ეყო სამუშაოდ.
გუნდში ფსიქოლოგის ჩართვა ახლაც ყველა მწვრთნელს სურდა, მაგრამ ფინანსური პრობლემაა. ძიუდოს ფედერაციაში უკვე შევათანხმე, რომ საქართველოს ჩემპიონატს ფსიქოლოგიც დაესწრება, რომელიც შეხედავს რეალობას, მწვრთნელებთან თუ ფედერაციასთან ერთად გეგმას შეიმუშავებს და შეკრებებზე იქნება გუნდთან ერთად, იმუშავებს როგორც სპორტსმენთან, ასევე - მწვრთნელთან, რადგან მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
ფსიქოლოგი გასახდელის დონემდე თუ იქნება სპორტსმენთან, ხოლო ტატამთან, ხალიჩასთან ყოფნის უფლება არ აქვს. იქამდე მწვრთნელი მიჰყვება, რომელსაც შეუძლია, უფრო მეტად აანთოს და მობილიზება გაუკეთოს სპორტსმენს. ამიტომაა მნიშვნელოვანი მწვრთნელებთან მუშაობა.
უკვე შევხვდი ყველა ფედერაციის მწვრთნელებს, თუმცა საჭიროა ისეთი ფსიქოლოგები, რომლებიც სპორტსმენებს ინდივიდუალურად მიუდგებიან, რადგან ყველას თავისი ფსიქოლოგიური პორტრეტი უნდა ჰქონდეს. საამისოდ დავწერეთ და უკვე ჩავაბარეთ სამინისტროს მიზნობრივი პროექტი, რომ გაისად ქვეყნის პრემიერის, სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის თანხმობით შეიქმნას და აშენდეს სპორტული მედიცინის, რეაბილიტაციისა და პრევენციის ცენტრი, სადაც ბავშვობიდან ფსიქოლოგებიც იქნებიან, რათა მოზარდმა ყველა საფეხური გაიაროს.
არ მინდა, ფსიქოლოგია იყოს ბანალური სიტყვა, ფსიქოლოგიურად წავაგეო. ანუ რა გამოდის - ოლიმპიადაზე წაყვანილი 40 კაცი მარტო ფსიქოლოგიურად არ იყო მომზადებული და ამიტომ ვერ ავიღეთ 40 ოქრო? ფსიქოლოგიის გარდა, სხვა ყველაფერში მზად იყვნენ?
სპორტში ბევრი ნიუანსია, რაც ასე იოლად არ წყდება. შეიძლება, ადამიანი მთელი ცხოვრება ამზადო და კონკრეტულად იმ დღეს მოიშალოს, ვერ განეწყოს, ვერ იასპარეზოს სათანადოდ. მაგალითად, მე საერთოდ ავკრძალავდი ტელეფონებს, თუმცა ესეც ინდივიდუალურია. ისე არაა, ამას ეს მოსწონს, იმას - ის. ყველაფერი პირობითია - შეიძლება, ვიღაცამ უბრალო წყალი დალიოს და იმით მოიგოს ოლიმპიადა, ვიღაცამ კი ვიტამინებითაც ვერაფერი ქნას.
სიტყვა ფსიქოლოგია ესაა მეცნიერება ტვინზე, ტვინთან და სპორტსმენთა უჯრედულ დონემდე რომ ჩახვიდე, სულ მათთან უნდა იყო. თუმცა არა მარტო სპორტსმენთან, არამედ - მწვრთნელთანაც. ეს ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა. ძიუდოს, ჭიდაობის თუ სხვა ფედერაციები, ვისაც ამ თემაზე ველაპარაკე, ამაზე თანახმა არიან.
- თუმცა ერთი ვახტანგ უკლება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. რა კეთდება სპეციალისტთა მოსამზადებლად და გამოიყენებთ თუ არა უცხოურ კადრებს?
- ფსიქოლოგთა ასოციაციაა შექმნილი, რომელსაც მალხაზ დავითაშვილი ხელმძღვანელობს. ძიუდოს თავისი ფსიქოლოგი ჰყავს - სოფო ტაბაღუა, არიან სხვებიც... ლაპარაკია უცხოელების ჩამოყვანაზეც. გვინდა, უკვე მომუშავე ფსიქოლოგებს ხელშეკრულებები დავუდოთ და მათი მოვალეობა იქნება მუშაობა გუნდებთან.
სპორტის სამინისტროს უკვე მივწერეთ და გარკვეული თანხაც ჩავასმევინეთ ამ კუთხით. გვეიმედება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისაც, რომელსაც აქვს "ოლიმპიური სოლიდარობის" პროგრამა - შეიძლება, იქაც გაიგზავნონ როგორც ფსიქოლოგები, ასევე - ფიზმომზადების მწვრთნელები.
შეიძლება, ვინმე მწვრთნელი გადავამზადოთ, ვისაც დამთავრებული აქვს სპორტული ფსიქოლოგიის თუნდაც პატარა კურსი სამედიცინო უნივერსიტეტში ან სპორტის აკადემიაში. ამაზეც თანახმა ვართ და უნდა მოვძებნოთ ასეთი ხალხი, ვისაც გულით უნდა მუშაობა და არა ისეთები, მივლინებებში წამოვიდეს და მერე თქვას, აი, მე ჩემი საქმე გავაკეთეო. არა, შენი კი არ უნდა გააკეთო, იმაზე მეტი უნდა შეძლო, რასაც ქვეყანა და სპორტსმენის ტვინი მოითხოვს, რაც ორგანიზმს შეუძლია.
ამ მიმართულებით აუცილებლად ვგეგმავთ საერთაშორისო კონტაქტებს. ძალიან მესიამოვნა, როცა ამის შესახებ ინტერვიუებში სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც ისაუბრა და სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც.
- ფსიქოლოგები მთლიანად მოიცავენ ეროვნულ ნაკრებებს?
- გააჩნია, რამდენ კაცს დაგვინიშნავენ, რა დონით იქნებიან ჩართულები. ძნელია, ეს ხალხი თვეობით წავიდეს შეკრებებზე, რადგან მათ სამსახურები აქვთ. მე მაინც ვფიქრობ, პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატების შემდეგ გუნდში მოხვედრის ყველა კანდიდატი უნდა შეისწავლონ. ამის მიხედვით უნდა ჩამოვყალიბდეთ სტრატეგიულ გუნდებზე და პლუს ინდივიდუალური სახეობები, სადაც წარმატების დიდი შანსია - კანოე, ტანვარჯიში, ბატუტი, ფარიკაობა, ცურვა და სხვა.
ფსიქოლოგია იდეოლოგიასა და პატრიოტიზმზეა დამყარებული. მე რომ ახალგაზრდა ბერძენ-რომაელთა გუნდს ვუყურებ, იმათ მართლა ფანატიკურად უყვართ სპორტი, მაგრამ დიდებში უკვე ერთვება მეცნიერული მანქანა.
როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი, პირდაპირ ვამბობ - დღეს რასაც ვიგებთ, ეს მართლა ღმერთის და მართლა დიდი შრომის ნაყოფია, რომელიც ჩადებულია ამ ყველაფერში, მაგრამ სანამ არ იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, 7-8 მედალზე მეტს ვერასოდეს ვერ ავიღებთ.
ჩვენ ვერ გავზრდით მაგარ მოცურავეს, აქ თუ ისეთივე თანამედროვე ტექნოლოგიები არ იქნება, რაც უკვე არსებობს მსოფლიოში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"