აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, შესაძლოა, აიკრძალოს

AutoSharing Option
აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, შესაძლოა, აიკრძალოს და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი გახდეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზად არის და ის განხილვისთვის პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.

ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ
აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.

კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში.

აღნიშნულ საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები შეადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი და ინიციატორი არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული