მამაკაცის უნაყოფობა - ბიოლოგიური შვილის ყოლის შანსი მედიცინის თანამედროვე მეთოდებით

AutoSharing Option
თანამედროვე მსოფლიოში, სხვა დაავადებების პარალელურად, ყოველწლიურად იზრდება მამაკაცის უნაყოფობის პრობლემები. ამ მიზეზით სულ უფრო აქტუალური ხდება რეპროდუქციულ კლინიკებში მომართვიანობა.

2023 წელს კლინიკა "რეპროარტის" მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის სამსახურში მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის მიზნით, დაინერგა სპერმის ასპირაციის უახლესი ქირურგიული მეთოდი მიკრო ტესე - Micro TESE, რომელიც იძლევა საშუალებას, გრძელვადიანი მკურნალობის გარეშე, ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს იმ მამაკაცსაც კი, რომელსაც უნაყოფობის ყველაზე რთული ფორმა აქვს.

ამ თემის შესახებ დაწვრილებით უროლოგ-ანდროლოგ ბექა სიბაშვილს გავესაუბრეთ.

- გვიამბეთ, რა არის Micro TESE?
- Micro TESE, ანუ სათესლე
ჯირკვლებიდან სპერმის ექსტრაქცია მიკროდისექციის გზით, არის მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი, რომლის დროსაც მიკროსკოპულ დონეზე ხდება სათესლე ჯირკვლებიდან სპერმატოზოიდების მოპოვება.

- რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სპერმის ანალიზში სპერმატოზოიდების რაოდენობა 0-ია?
- თუ სპერმალურ სითხეში სპერმატოზოიდები არ არის, მაშინ საქმე გვაქვს აზოოსპერმიასთან, რომელიც შეიძლება იყოს ორი ტიპის: ობსტრუქციული ან არაობსტრუქციული. ანუ, იმ შემთხვევაში, როდესაც სათესლე ჯირკვლებში აქტიური სპერმის წარმოქმნა (სპერმატოგენეზი) მიმდინარეობს, მაგრამ საქმე გვაქვს სპერმასავალი გზების ბლოკირებასთან, სპერმატოზოიდი სპერმალურ სითხეში (ეაკულატში) ვერ გადმოდის. ამ პათოლოგიას ობსტრუქციული აზოოსპერმია ეწოდება. ხოლო, არაობსტრუქციული აზოსპერმიის შემთხვევაში, მამაკაცებში სპერმის წარმოქმნის (სპერმატოგენეზის) პრობლემა დგას. ანუ სათესლე ჯირკვლები ან საერთოდ არ გამოიმუშავებენ სპერმატოზოიდებს, ან იმდენად მცირე რაოდენობით, რომ ისინი სპერმალურ სითხეში (ეაკულატში) ვერ ხვდებიან. არაობსტრუქციული აზოსპერმიის მიუხედავად, შესაძლოა, მამაკაცს სათესლე ჯირკვალში სპერმის წარმოების ფოკუსური უბნები ჰქონდეს. Micro TESE-ს პროცედურის დროს, ვხსნით სათესლე ჯირკვალს და მიკროსკოპის დახმარებით სპერმის წარმომქმნელ მილაკებში, სწორედ ამ ფოკუსურ უბნებს ვეძებთ, რომლებშიც აქტიური სპერმის წარმოქმნა კვლავ მიმდინარეობს.

- რა შემთხვევაში გამოიყენება Micro TESE და რა დროს მოითხოვს ეს პროცედურა?
- როგორც უკვე აღვნიშნე, Micro TESE რეკომენდებულია არაობსტრუქციული აზოსპერმიის დიაგნოზის დროს. ასევე, იმ მამაკაცებისთვის ვინც სპერმის ასპირაციის ძველი, ტრადიციული მეთოდით შედეგი ვერ მიიღეს. ყველაზე უიმედო მდგომარეობის დროსაც კი, როდესაც სპერმის დონორის შერჩევას ფიქრობს წყვილი, Micro TESE-ს საშუალებით, გვაქვს შანსი მოვიპოვოთ მოძრავი სპერმატოზოიდი და მამაკაცს მივცეთ ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა.

- პროცედურის დაწყებამდე გასავლელ ეტაპზე რას გვეტყვით? ალბათ, პირველ რიგში საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია...
- დიახ, პირველ რიგში, პროცედურამდე მამაკაცი გადის კონსულტაციას უროლოგ-ანდროლოგთან, რის შემდეგადაც მას უტარდება სხვადასხვა კვლევა, საჭიროების მიხედვით, მაგალითად: ჰორმონალური ანალიზები, სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია. გენეტიკური ტესტები - კარიოტიპირება, Y ქრომოსომის მიკროდელეციების ტესტი და სხვა. შესაბამისი წინასაოპერაციო მომზადების შემდგომ ინიშნება ოპერაცია.

- არის თუ არა ეს ქირურგიული მეთოდი უფრო მეტად სარისკო სპერმის ასპირაციის სხვა ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით? 
- არა, პირიქით, Micro TESE-ს მეთოდის გამოყენების დროს მწვავე პოსტოპერაციული და ქრონიკული გართულებების რისკი მინიმალურია და ჰორმონალური დისბალანსისა და ერექციული დისფუნქციის რისკებიც პრაქტიკულად არ არსებობს.

- საინტერესო იქნება, თუ დეტალურად მოგვიყვებით Micro TESE-ს პროცედურის შესახებ..
- კლინიკა "რეპროარტში", ამ პროცედურის დროს, სათესლე ჯირკვლის მიკრომილაკებიდან მიკროსკოპისა და მიკროქირურგიული ინსტრუმენტების დახმარებით, ხდება აქტიური სპერმატოგენეზის მქონე მინიმალური, 2-3მმ ზომის ქსოვილის ამოკვეთა, რაც სპერმის ასპირაციის სხვა ტრადიციული მეთოდების დროს ამოკვეთილი ქსოვილის მოცულობაზე დაახლოებით 70-ჯერ ნაკლებია. შემდეგ ემბრიოლოგი ამოკვეთილ ქსოვილში ეძებს მოძრავ სპერმატოზოიდებს, რათა ის ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გამოიყენოს.

- რა დრო დასჭირდება პაციენტს რეაბილიტაციისთვის და რამდენ დღეში შეძლებს დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრების წესს?
- Micro TESE-ს ოპერაციის შემდეგ პაციენტი კლინიკაში სულ რაღაც 3-4 საათს რჩება. მცირე დისკომფორტი და ტკივილი ნაოპერაციებ არეში შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს. პაციენტი ჩვეული ცხოვრების წესს 10-14 დღემდე ვადაში უბრუნდება.

- შეიძლება თუ არა, რომ მეთოდი Micro TESE წარუმატებელი აღმოჩნდეს?
- უნაყოფობის მკურნალობის ვერც ერთი მეთოდი 100%-იან გარანტიას ვერ მოგვცემს, თუმცა Micro TESE-ს შემთხვევაში ოპერაციის წარუმატებლობის რისკი წინასწარ არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, წინასაოპერაციოდ ტარდება შესაბამისი ნორმალური და გენეტიკური ტესტები, რათა შეფასდეს ოპერაციის წარმატების ალბათობა.

- დაბოლოს, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?
- მამაკაცის უნაყოფობის პრობლემის დროს სპეციალისტთან დროული მიმართვიანობა და დიაგნოსტიკა საგრძნობლად ზრდის წარმატების შანსს. აუცილებელია, არ გადადონ ექიმთან ვიზიტი და ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ზომები დროულად მიიღონ. სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მსგავსი პრობლემა განაჩენი აღარ არის. ყველა მამაკაცს აქვს შანსი, გახდეს ბიოლოგიური მშობელი და არ დაკარგოს შვილის ყოლის უდიდესი ბედნიერება.

ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დარეგისტრირდით ბმულზე: https://bit.ly/45488Wf

R

მკითხველის კომენტარები / 8 /
კაი კაცი და კაი ექიმი!
Guja
13:24 03-06-2024
0
ეს სპორტის უახლესი ამბებია
გიგი
15:18 01-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული