გორელებისთვის სიამაყის საფუძველი

AutoSharing Option
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ამ სასწავლებლის სპორტული მიღწევებისადმი მიძღვნილი ღია მუზეუმი მოეწყო. იდეა უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს ეკუთვნის. "გორის უნივერსიტეტს სპორტული თვალსაზრისით უზარმაზარი ტრადიცია გააჩნია.

სწორედ ამან და ახალმა წარმატებებმა გვიბიძგა ჩვენ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში ეს მცირე მუზეუმი მოგვეწყო, რომელშიც გამოფენილია სასწავლებლის სტუდენტ სპორტსმენთა მიერ მოპოვებული თასები, პრიზები და სამახსოვრო ჯილდოები. "დიდი მადლობა უნივერსიტეტისთვის გაწეული ფასდაუდებელი სამსახურის გამო ბატონ გურამ პაპიტაშვილს, სოსო ვაშაკიძეს, ალექსანდრე იაშვილს, აწ განსვენებულ გივი ხაჩიძეს. ამ ადამიანებისა და მათი შეგირდების ნაღვაწმა ჩვენ სიამაყის საფუძველი მოგვცა"
- თქვა რექტორმა.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს მსოფლიოს სპორტულ სარბიელზე ისეთი მედლები და ჯილდოები აქვთ მოპოვებული, რომელსაც ბევრი ქვეყანა ინატრებდა. "აქ არაერთი ჯილდოა გამოფენილი, რომელიც ჩვენი სპორტსმენების დიდ წარმატებებს გვახსენებს. განსაკუთრებით ხარკოვში 1960 წელს მოპოვებული საკავშირო უნივერსიადის ჩემპიონობა მახსენდება. უნივერსიადაში 742 სხვა სასწავლებელთან ერთად გორის ინსტიტუტიც ჩაერთო.

მაშინ ჩვენ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მაგრამ ჯერ საქართველოს 12 უმაღლეს სასწავლებელს შორის მოვიპოვეთ პირველობა. ფინალურ ეტაპზე კი ხარკოვში  17 რჩეული სასწავლებელი იბრძოდა პირველობისათვის. გუნდს რომ დასჭირდა, მწვრთნელიც მოჭიდავე გავხდი. შედეგი ყველასთვის გამაოგნებელი იყო - გორის ინსტიტუტი საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონი გახდა.

არადა, ასპარეზობის დაწყებამდე, გუნდების წარდგენისას ყურადღებასაც არ გვაქცევდნენ. საზეიმო გახნაზეც ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე დაგვაყენეს. დღეს კი იმ დარბაზის ნახევარს ალბათ ჩვენი მოპოვებული პრიზებით ავავსებდით. ბედნიერი ვარ, რომ ამდენს მივაღწიეთ. ცხადია, არც ამაზე ვაპირებთ გაჩერებას" - გვითხრა ბატონმა გურამ პაპიტაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული