ირანმა ქუთაისში ინავარდა

AutoSharing Option
ამ დღეებში საქართველოს ირანის ქალ ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრები სტუმრობდა. ირანელებმა ინდურ ჰოკეიში ჩვენებურ გუნდებთან სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და საქართველო კარგ განწყობაზე დატოვეს.

პირველი შეხვედრა სტუმრებმა ოზურგეთის სპორტის სასახლეში "ჩოხატაურის" წინააღმდეგ ჩაატარეს. სპეციფიკურ სპორტულ ეკიპირებასა და ჩადრებში შემოსილმა სტუმრებმა ადგილობრივებში დიდი დაინტერესება გამოიწვიეს და შეხვედრას საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო.

ირანელები ნამგზავრი და გადაღლილები იყვნენ, ამიტომ მათი სურვილით პირველ მატჩში 1515 წუთიანი ტაიმები ითამაშეს. დაძაბული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ამის შემდეგ, ირანელთა 21 ქალისგან შემდგარმა დელეგაციამ ქუთაისში გადაინაცვლა და იქაურ სპორტის
სასახლეში "ბათუმი" დიდი ანგარიშით10:0 დაამარცხა.

ბოლო მატჩი ირანელებმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს. შეხვედრა ქართველების უპირატესობით დაიწყო და ანგარიშიც მათ გახსნეს, თავი თამუნა სუპატაშვილმა გამოიჩინა. აზიელებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს, შესვენების შემდეგ კი კიდევ სამი გოლი გაიტანეს და 4:1 გაიმარჯვეს.

ირანელები საქართველოში სტუმრობით კმაყოფილი დარჩნენ და საპასუხოდ, მომავალი წლის მარტისთვის ჩვენი ეროვნული გუნდი თავიანთ სამშობლოში მიიწვიეს. საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ავთანდილ თევდორაძის თქმით, ირანელთა მარცხის ძირითადი მიზეზი დიდი ასაკობრივი სხვაობა და გამოცდილების ნაკლებობა იყო და დასძინა, რომ "ირანელები აზიის ჩემპიონატში თამაშობენ და იქ ისეთ გუნდებთან იღებენ გამოცდილებას, როგორიც პაკისტანი და ინდოეთია.

თანაც, მათი ჰოკეისტების საშუალო ასაკი 26-27 წელია. ჩვენი ნაკრები კი ძირითადად 15-17 წლის გოგონებით არის დაკომპლექტებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე შევიკრიბეთ, ირანი კი ამხანაგური შეხვედრებისთვის კარგად მომზადებული ჩამოვიდა".

ბოლოს გაცნობებთ, რომ ნოემბერში ინდურ ჰოკეიში ქალთა და ვაჟთა შორის საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდება. მატჩები ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული