თასი ევროპის საგზურით "ქუთაისმა" დაიმსახურა

AutoSharing Option
ხუთი გუნდი მონაწილეობდა ინდორ ჰოკეიში ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშებაში, რომელსაც ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

ტურნირის ფავორიტი საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი" იყო, რომელსაც საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე წვრთნის. ქუთაისელმა გოგონებმა თასზე აბაშა დაამარცხეს 6:1, ნახევარფინალში კი "ლანჩხუთს" უხვგოლიან შეხვედრაში მოუგეს 7:3 და ფინალის საგზური მოიპოვეს. ქუთაისელთა მეტოქე "ჩოხატაური"-"ბათუმის" ნახევარფინალურმა მატჩმა გამოავლინა, რომელშიც გაცილებით გამოცდილმა გურულებმა ზღვისპირლები 8:3 დაამარცხეს.

თასის ფინალი საინტერესო გამოდგა. ჩოხატაურელებმა ტურნირის მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ ქუთაისელთა ლიდერის თამუნა სუპატაშვილის კარგი თამაშისა და გოლების წყალობით
"ქუთაისმა" მეტოქის წინააღმდეგობა დასძლია და საბოლოოდ 3:1 გაიმარჯვა.

ტურნირის ბომბარდირი 7 გატანილი ბურთით სწორედ ფინალის გმირი თამუნა სუპატაშვილი გახდა. "ქუთაისი", როგორც საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი დაშვებულია ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც მომავალი წლის 24-26 თებერვალს უელსის დედაქალაქ კარდიფში ჩატარდება. ქუთაისური გუნდის მწვრთნელები და მოთამაშეები იმედოვნებენ, რომ ქალაქის მერია გუნდს საზღვარგარეთული ტურნირისთვის დააფინანსებს და გუნდი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.

ბოლოს გაცნობებთ, რომ 22-23 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს თასის გათამაშება მამაკაცებს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული