ტრადიცია პლუს სიახლე

AutoSharing Option
ქარელის ცენტრალური სასპორტო სკოლა ამ პროფილის ერთადერთი დაწესებულებაა რაიონში, რომელიც მომავალი თაობის სპორტსმენთა აღზრდას ემსახურება.

აქაურები, ტრადიციულად, მაღალ შედეგებს ჭიდაობაში აღწევენ, თუმცა არც სპორტის სხვა სახეობები რჩებათ უყურადღებოდ. მაგალითად, რამდენიმე თვეა, რაც რაგბის სექცია ამუშავდა.

რაც მთავარია, ჯგუფები მთელ რაიონშია განაწილებული სპორტული ბაზების, კადრებისა და ტრადიციების გათვალისწინებით. სკოლაში 500-ზე მეტი მოსწავლეა, რომელთა დაოსტატებაზე 20-მდე მწვრთნელი ზრუნავს. გვესაუბრება სპორტსკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ზაზა მარჯანიძე.

- სპორტსკოლის მუშაობის გააქტიურებამ და პროფილის გაფართოებამ გამოაცოცხლა რაიონში სპორტული მუშაობა. ფეხბურთის სექცია დიდი ხანია მოქმედებს, მაგრამ,
სამწუხროდ, ბავშვები უსახსრობის გამო ასაკობრივ შეჯიბრებებში ვერ მონაწილეობდნენ. რაიონის გამგებლად ილია ბურჯანაძის დანიშვნის მერე, რომელიც ახლო წარსულში, ერთხანს პირველი ლიგის ლიდერ აგარის "მეშაქრის" პრეზიდენტიც იყო, სიტუაცია სასიკეთოდ შეცვალა. სტადიონსაც მიეხედა და შეჯიბრებებში მონაწილეობაც ფინანსურად შესაძლებელი გახდა. ბავშვთა ფეხბურთის სექცია რაიონში ორია და ორივე ჩვენი სკოლისაა. ქარელში სულიკო ქუმარიტოვი, აგარაში კი მურთაზ ნოზაძე მუშაობს.

- რაიონის სოფლებსა და დაბაში კიდევ სპორტის რომელ სახეობებში გაქვთ გახსნილი ჯგუფები?
- ძიუდოს ჯგუფი დიდი ხანია ნაყოფიერად მუშაობს დაბა აგარაში, ზემო ხვედურეთში, შოთა ხაბარელის მშობლიურ სოფელ ძლევიჯვარში და რუისში. რუისში წლეულს კიდევ ერთმა მწვრთნელმა გახსნა ძიუდოს ჯგუფი. ტრადიციის ძალა მაინც დიდია - ჭიდაობით გაცილებით მეტი მოზარდია დაინტერესებული. ცხადია, კმაყოფილი ვართ ძიუდოს მუშაობით, ყოველწლიურად პროგრესირებს თავისუფალი ჭიდაობის სექცია თემურ ახმედოვის და გია კვინიკაძის ხელმძღვანელობით.

- აღსაზრდელთა წლევანდელ სპორტულ მიღწევებზე რას იტყვით?
- ძიუდოსა და თავისუფალში წარმომადგენლები გვყავს ქვეყნის ასკობრივ ნაკრებებში. დღესდღეობით ყველაზე წარმატებული ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის სამბოში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა გიუნაშვილია.

პირველად ჩავატარეთ შოთა ხაბარელის სახელობის ტურნირი, რომელმაც სპორტის სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა.

- სხვა რომელ სახეობებში მიმდინარეობს მუშაობა და თუ ხართ კმაყოფილი მათი წარმატებებით?
- სამწუხაროდ, მსურველთა რაოდენობა ცოტაა ჭადრაკსა და კრივში, ამიტომ შედეგებითაც ვერ გამოვირჩევით. მასობრიობას ვგულისხმობ თორემ 12 წლის მოჭადრაკე გიორგი თავზარაშვილმა უკვე მიიპყრო სპეციალისტების ყურადღება და მისი პერსპექტიულობა ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებსაც ბევრჯერ აღუნიშნავთ. კრივის განვითარებისათვის კი ჯერაც დიდი გარჯა მოგვიწევს.
ვასილ ბალახაძე

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული