ანზორ მარტყოფლიშვილი: რაც მიუღებელია უნდა შეველიოთ

AutoSharing Option
ანზორ მარტყოფლიშვილი ქართული სპორტის ერთ-ერთი გამოცდილი მუშაკია. ძიუდოს ფედერაციის მიერ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამართულ შეჯიბრებებზე ამ ორგანიზაციის ხელმძვანელთაგან უფრო ხშირად სწორედ მას ვხედავთ.

შესაბამისად ის ადგილზე არსებულ ვითარებას საკუთარი თვალით ხედავს. ამ ინტერვიუშიც ძირითადად მხოლოდ რეგიონებში პრობლემების თაობაზე ვისაუბრეთ.

- ბატონო ანზორ, ვიდრე დავკონკრეტდებით ზოგადად გაგვაცანით რეგიონებში არსებული ძიუდოს პრობლემები.
- განსაკუთრებით მოსაწესრიგებელი იყო აღრიცხვის საკითხი, რის გამოც ნოემბერსა და დეკემბერში ფედერაციამ სპეციალური ჯგუფები მიავლინა ყველა რაიონში არსებულ ძიუდოს სკოლებსა, თუ სექციებში შექმნილი მდგომარეობის გასაცნობად. დეტალურად აღვწერეთ მწვრთნელთა და
მოსწავლეთა რაოდენობა, შევისწავლეთ დარბაზების მდგომარეობა. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ზოგან ტატამებიც არ აქვთ და ხალიჩებზე ავარჯიშებენ მოსწავლეებს. ძალიან ბევრია არასტანდარტული დარბაზი. მოგეხსენებათ სეზონის განმავლობაში არაერთი შეჯიბრება ტარდება სხვადასხვა ასაკში, მაგრამ ყველა მათგანი არ აკმაყოფილებს ძიუდოს ფედერაციის მოთხოვნებს.

- რეგიონებში გამართული ტურნირებისას ხშირად ორგანიზაციული მხარე მოიკოჭლებს.
- გეთანხმებით, რომ ორგანიზაციული მხარე ბევრ ტურნირზე დასახვეწია, რასაც მეტწილად შეჯიბრების ისეთ დარბაზში გამართვა განაპირობებს, სადაც ტრიბუნები არ არის და მაყურებელს ტატამთან უწევს დგომა და ზოგჯერ ტატამზეც გადადის, რაც დაუშვებელია. გადავწყვიტეთ თუ დარბაზში 200-მდე მაყურებლის მოთავსების საშაულებაც არ არის, შეჯიბრება აღარ ჩატარდეს.

- საქართველოს ჩემპიონატებზე საასპარეზოდ რეგიონებისთვის კვოტების რეგულირება როგორ ხდება?
- კონკრეტული დრო არ არის დაწესებული. ვითარება გვკარნახობს. ამჟამად ქვეყნის ჩემპიონატებზე თითოეულ წონით კატეგორიაში ყველაზე მეტი, ოთხ-ოთხი ფალავანის გამოყვანის უფლება აქვთ თბილისს, შიდა ქართლს, ქვემო ქართლს, კახეთს და იმერეთს. სხვებისთვის ორი, ან ერთი მონაწილეც არის საკმარისი.

ჩემპიონატში თითო წონაში 32 ძიუდოისტზე მეტი არ უნდა იყოს. იყო შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი რეგიონი კვოტის გაზრდას გვთხოვდა. მაგრამ ერთია სურვილი და სხვაა შესაძლებლობა. როდესაც ამ რეგიონის გუნდი მხოლოდ ცალკეულ წონებში ახერხებს მონაწილეობას და კვოტით გამოყოფილი გუნდის სრულად დასაკომპლექტებად სხვა რეგიონიდან "თხოულობს" ძიუდოისტებს, ჩვენთვის მიუღებელია. ეს რაიონებში ძიუდოს განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.

- რეგიონებში პრობლემატურია კვალიფიციური მწვრთნელების საკითხიც. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მწვრთნელად არ უნდა მუშაობდეს ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ მას ადრე ძიუდო უჭიდავია.
- ცხადია, ეს საქმისადმი არასწორი დამოკიდებულებაა და უნდა მივხედოთ. ცოტა ხნის წინათ სემინარზე ისეთი მწვრთნელები ვნახე, რომლებმაც ძიუდოს ელემენტარული ტერმინოლოგია არ იცოდნენ. ერთ რაიონში სტუმრობისას კი მწვრთნელს რომ ვთხოვე თავისი გუნდის შემადგენლობა დაეწერა, ძიუდოისტებს წონითი კატეგორიებიც კი ვერ მიუთითა სწორად. დაწერა ის წონები, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში უბრალოდ არ არსებობს. რასაკვირველია ასეთი მწვრთნელები ფალავანს ვერ გაზრდიან, მათ ან უნდა ისწავლონ, ან ჩვენ უნდა "შეველიოთ" ასეთებს.

- შეჯიბრების რიგიანად გამართვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მსაჯების კომპეტენციაცაა.
- დღესდღეობით 24 არბიტრი ჰყავს ძიუდოს ფედერაციას. აქედან 5 საერთაშორისო კატეგორიისაა, დანარჩენები ეროვნულის. მსაჯობის დონის ასამაღლებლად გამუდმებით ვმუშაობთ. არბიტრებიც მონდომებულნი არიან. საამისოდ კარგი საშუალებაა სემინარები. ამას წინათ, თბილისის მსოფლიოს თასის წინ, ევროპის ძიუდოს კავშირის მსაჯთა კოლეგიის კომისარის ვასილი სმოლინის ხელმძღვანელობით ჩატარდა მწვრთნელთა და მსაჯთა სემინარი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს მწვრთნელებსა და არბიტრებში.

- მართალია ეს უშუალოდ რეგიონებს არ შეეხება, მაგრამ საინტერესოა თქვენი მოსაზრება ძიუდოს წესებში შეტანილი ერთ-ერთი ბოლო ცვლილების შესახებ, რომელიც ასპარეზობის დროს მწვრთნელს თავისი შეგირდისთვის კარნახის უფლებას უკრძალავს.
- ახალი წესებით კარნახი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეჩერებულია პაექრობა. ჩემი აზრით, ხშირად ეს კარნახი კი არა, უთავბოლო ყვირილი იყო. ზოგი მწვრთნელი უბრალოდ აუცილებლობად მიიჩნევდა, რომ ეყვირა და არც აკვირდებოდა რას უძახდა შეგირდს, ან იგებდა თუ არა ძიუდოისტი მის კარნახს. მთავარია, რაღაცას ხომ იძახდა. ეს იწვევს აჟიოტაჟს და აურზაურს დარბაზში. ვფიქრობ, რომ არ არის ურიგო თუ სპორტსმენი ტატამზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს შეხვედრის მსვლელობისას, ან ბოლოს და ბოლოს კარგი მწვრთნელი ხელითაც მშვენივრად მიუთითებს რისი გაკეთება ჯობია კონკრეტულ ეპიზოდში.

დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული