გია პაპიტაშვილი: წინსვლა მხარდაჭერაშია

AutoSharing Option
გორში სპორტის წამყვანი სახეობების შესახებ "ლელოს" მკითხველი, ვფიქრობთ, რიგიანადაა ინფორმირებული. თუმცა არის სახეობები, რომელთა განვითარება მეტ ხელშეწყობას საჭიროებს. გვესაუბრება გორისა და გორის რაიონის სპორტის სამსახურის უფროსი გია პაპიტაშვილი.

- როგორც გავიგეთ, თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის მშენებლობა შეფერხებულია...
- სავარჯიშო პირობები კი გაუუმჯობესდათ, მაგრამ ისინი დიდი ხანია იმსახურებენ საკუთარ დარბაზს. ადგილი შერჩეულია. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას იანვარში სამუშაოები უნდა დაეწყო, მაგრამ რატომღაც აყოვნებენ. შეხსენების წერილით სამუშაოების დაწყების ბოლო ვადად 17 მარტი დავუთქვით.

წინააღმდეგ შემთხვევაში ტენდერი ხელახლა გამოცხადდება და წლეულს შემოდგომამდე სხვა კომპანია მაინც
ააშენებს ამ დარბაზს. მშენებლობა 6-7 თვეზეა გათვლილი. ჯგუფი სასპორტო სკოლაშიც დარჩება, რათა სექციების ჯანსაღი კონკურენცია შენარჩუნდეს.

- თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის რემონტის დასრულების ვადებზე რას იტყვით?
- აპრილში, ალბათ, ყველაფერი დასრულდება. ქალაქს ექნება თანამედროვე, უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი და საერთაშორისო მატჩების ჩატარება გახდება შესაძლებელი.

- წლეულსვე დაგეგმილი იყო "ქართუს" მიერ სარაგბო არენის მოწყობა. ცოტა ხნის წინათ კი ლადო ვარძელაშვილმა გორში სპორტის სასახლის მშენებლობაც დააანონსა...
- შიდა ქართლისთვის სპორტის სასახლის საჭიროებაზე მინისტრმა ქვეყნის რეგიონების სპორტის სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. ეს იქნება სერიოზული სტიმული რეგიონში სპორტის განვითარებისათვის. სარაგბო მოედნების აშენება კი, მოგეხსენებათ, საქართველოს რაგბის ფედერაციის და "ქართუს" ერთობლივი პროექტია.

წლეულს ჩვენთან აშენდება რაგბის სამი მოედანი - ერთი დიდი და ორი პატარა, ინფრასტრუქტურით. სექცია გორში უკვე ფუნქციონირებს. ახალი სარბიელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ დარწმუნებული ვართ, სპორტის ეს სახეობა შიდა ქართლში სწრაფად განვითარდება.

- ბატონო გია, წარმატებულ სპორტის სახეობათა გვერდით ისეთებიც არის, მეტ ყურადღებას რომ საჭიროებს. მაგალითად, ჩოგბურთის კორტების გახნიდან წლები გავიდა, წარმატებები კი არ ჩანს. არც შეჯიბრებები ტარდება...
- გეთანხმებით, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩოგბურთი ძვირად ღირებული სპორტია და მისი მაღალ დონემდე აყვანა მხოლოდ საკუთარი ძალებით გაგვიჭირდება. იმედი გვაქვს, გამოჩნდება სპონსორი და გორში ჩოგბურთიც დაწინაურდება.

- ცენტრალური სასპორტო სკოლის გარემონტების შემდეგ დარბაზი დაკარგა ტანვარჯიშის სექციამ და მას ახლა კუთხე აქვს სხვაგან მიჩენილი. ასე ხომ შეიძლება სულაც დავკარგოთ ეს სექცია?
- ტანვარჯიშის ფუნქციონირება აუცილებელია და მერწმუნეთ, იგი მომავალშიც იქნება გორში. ახლანდელი მდგომარეობა დროებითია, მალე ექნებათ უკეთესი პირობები.

- გორის ცენტრალურ სტადიონზე ჯერ კიდევ პირველი რემონტის შემდეგ (2007 წელს) მძლეოსნობის ბილიკი გაუქმდა. მწვრთნელი გივი იაზბარიანი სპორტსმენებს მე-11 სკოლის ეზოში ავარჯიშებს. იგი ითხოვდა ამ სკოლაში მაინც სავარჯიშო პირობების მოწესრიგებას...
- ჯერჯერობით ინვენტარით დახმარებაზე ვიზრუნეთ და მალე გადავცემთ კიდეც. ბატონი გივის მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ის ყველაფერს აკეთებს მძლეოსნობის განვითარებისათვის ჩვენს ქალაქში. ხშირად ატარებს შეჯიბრებებს, მასობრივ კროსებს, ქალაქის ქუჩებში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით.

- ბოლო წლებია, გორელი მოცურავეები წარმატებით ასპარეზობენ საქართველოს პირველობებზე. მწვრთნელმა გვითხრა, რომ ამჯობებს ჯგუფი სასპორტო სკოლის შემადგენლობაში შევიდეს...
- მესმის, ამას რატომ ამბობს. მოცურავეებს შეძლებისდაგვარად ვუწყობთ ხელს. მათთვის დიდი სტიმული იქნება საშეჯიბრო მივლინების თანხებით უზრუნველყოფა და ამ საკითხზე ვმუშაობთ კიდეც.

- შარშან ამბობდით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში იყო ლაპარაკი კალათბურთის გუნდის ჩამოყალიბებაზე...
- ჯერჯერობით ისევ ჭაბუკთა გუნდების ხელშეწყობაზე ვზუნავთ. ამ ასაკში გორს ძალიან კარგი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტანმაღალი გუნდი ჰყავს. კალათბურთის დარბაზის რემონტის შემდეგ სავარჯიშოდ შესანიშნავი პირობებია. არ არის მხოლოდ ტაბლო, რომელიც წლეულსვე გვექნება და ჩვენი გუნდების ვარჯიშს გორში შეჯიბრებებიც დაემატება.

- გორში სპორტული სკოლების გაერთიანების შექმნა იგეგმებოდა, საბოლოოდ კი "სპორტული ცენტრი" ჩამოყალიბდა განსხვავებული ფუნქციით...
- ასე ვამჯობინეთ, რადგან მთავარი სპორტსკოლების საშეჯიბრო და საორგანიზაციო მხარის დახვეწა იყო, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე.
მწვრთნელები ახლა დროს აღარ კარგავენ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე. სასპორტო სკოლის ორი სართული გარემონტდა და ცენტრს გადაეცა სასტუმროდ, რომელსაც ქალაქის თუ რეგიონის გუნდები შეკრებებისთვის, შეჯიბრებებისას კი სტუმარი გუნდების დასაბინავებლად გამოიყენებენ.

- შარშან სამხარეო ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების გამო კრივის, ქართული ჭიდაობისა და ჭადრაკის რეგიონული ფედერაციები მმართველების გარეშე დარჩნენ. ამ პოსტებზე ისევ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების არჩევას უნდა ველოდეთ?
- ფედერაციები დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და მათი გადასაწყვეტია, ვის აირჩევენ ხელმძღვანელებად. ჩვენი ამოცანაა, სპორტი განუხრელად ვითარდებოდეს გორში. ადგილობრივი ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ეხმარება სპორტის ყველა სახეობას და მათ განვითარებაში გარკვეული წვლილი შეაქვს. ვცდილობთ, რომ გორსა და გორის რაიონში მხარდაჭერას გრძნობდეს ყველა, ვინც დასაქმებულია სპორტში.

ენთუზიაზმით შეიძლება გარკვეული დონის შენარჩუნება, მაგრამ განვითარება არ მოხდება. რაკი გორში სპორტის ზოგადი წინსვლა საგრძნობია, მაშასადამე, ჩვენც და სპორტული სკოლებიც სწორი მიმართულებით ვმუშაობთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული