ხაშურს ბატუტი და რაგბი მიემატა

AutoSharing Option
ხაშურს ამას წინათ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირის დროს ვსტუმრობდით, რომელიც ადგილობრივი სასპორტო სკოლის მიერ იყო ორგანიზებული.

სპორტული შეჯიბრებების გამართვას აქ, ძირითადად, სწორედ ეს სკოლა უზრუნველყოფს. შესაბამისად, ხაშურში მიმდინარე სპორტულ ცხოვრებასა და პრობლემატურ საკითხებზე სასაუბროდ სკოლის ხელმძღვანელს ზაზა აბრამაშვილს მივმართეთ, რომელიც 1990 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია ბატუტზე ხტომაში, სკოლის დირექტორად კი გასული წლის დეკემბრიდან მუშაობს.

- თქვენი მოსვლის მერე ყველაზე მნიშვნელოვანი რა შეიცვალა ხაშურის სასპორტო სკოლაში?
- აღსანიშნავი ისაა, რომ კიდევ ორ სპორტის სახეობაში ჩავაბით ბავშვები მეცადინეობაში. ჩემი ინიციატივით, ბატუტზე ხტომის
სექცია ავამოქმედეთ, რისთვისაც შევიძინეთ ინვენტარი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ჯგუფში უკვე ოცამდე ბავშვი მეცადინეობს, რომელთაც თავად ვავარჯიშებ. ჯერჯერობით, ბუნებრივია, ისინი არ არიან მზად შეჯიბრებებზე საასპარეზოდ და მით უფრო გამარჯვებების მოსაპოვებლად, თუმცა შეგირდების მონდომებას რომ ვუყურებ, პერსპექტივის იმედი მიჩნდება.

- რაგბის სექციაშიც აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი ახალგაზრდობა?
- კი, საკმაოდ მრავლად არიან მოსწავლეები. დავესწარი ვარჯიშს და უშუალოდ ვნახე, როგორი შესაშური ენთუზიაზმით მეცადინეობენ. ჯგუფს ლიცენზირებული მწვრთნელი დავით სტეფანოვი ხელმძღვანელობს.

ვარჯიშობენ "ივერიას" სტადიონზე, სადაც სურამულასგან არენის დატბორვის მერე, მართალია, არადამაკმაყოფილებელი პირობებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე უკეთესი გამოსავალი მათთვის ვერ მოვძებნეთ.

- "ივერიის" სტადიონი სავარჯიშოდ კიდევ როგორმე შეიძლება გამოდგეს, მაგრამ სათამაშოდ ხომ უვარგისია?
- დიახ, იქ ასპარეზობა გამორიცხულია. ამიტომ ჩვენი ასაკობრივი საფეხბურთო გუნდებიც ვერ თამაშობენ იმ მინდორზე.

მორაგბეებსაც მხოლოდ სავარჯიშოდ თუ წაადგებათ იქაურობა, თორემ მატჩის გამართვა ვერ მოხერხდება. აქვე დავძენ, რომ სტადიონის რემონტი ჩვენი სპორტული ინფრასტრუქტურის უპირველესი საზრუნავია.

იმედი გვაქვს, რომ ლაპარაკი მინდვრის საფარის გამოცვლისა და საფუძვლიანი გარემონტების შესახებ მალე საქმედაც იქცევა.

- ხაშურში სპორტული დარბაზის აშენების დაპირებაც იყო...
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წლეულს ახალი დარბაზი აღარ აშენდება, თუმცა მის ერთგვარ სათადარიგო ვარიანტად მაშინვე მიიჩნეოდა ამჟამინდელი სპორტსკოლის გარემონტება და რადგანაც ახლის აგება არ ხერხდება, მჯერა, რომ სპორტსკოლას აუცილებლად გაგვირემონტებენ.

- სტადიონის გარდა, სხვა სპორტული დარბაზების მდგომარეობაც, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაშია...
- ჩვენ რაც შეგვიძლია, ძალებს არ ვიშურებთ ამ საკითხის მოსაწესრიგებლად.

- ადგილზე გამართული რაიონული შეჯიბრებები და ღია პირველობები ხშირია ხაშურში?
- ზამთარში ნაკლებად ვატარებთ შეჯიბრებებს, ძირითადად, ვარჯიშებით ვართ დაკავებული. გაზაფხულიდან ტურნირებიც დავიწყეთ.

მაისში ტრადიციული ღია პირველობები გავმართეთ ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. იქამდე კი რვა სპორტული ღონისძიება ჩავატარეთ საზოგადოებრივი პროკურატურის პროგრამით ფეხბურთში, კალათბურთში (ორ-ორჯერ), ჭადრაკში, თავისუფალ ჭიდაობასა და ძიუდოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული