გია პაპიტაშვილი: გორში სპორტულ ორგანიზაციებს დაფინანსება უნდა გაეზარდოთ

AutoSharing Option
ახლახან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა დამტკიცებულიყო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის, გია პაპიტაშვილის გამოსვლა საკმაოდ საინტერესო და კრიტიკული გამოდგა.

პირველ ყოვლისა, მან ბიუჯეტში სპორტისათვის გამოყოფილი დაფინანსების შემცირების მცდელობა გააპროტესტა და სხვა საქმიანი წინადადებებითაც გამოვიდა.

- საკრებულოს მიმართ უკმაყოფილება გამოთქვით ბიუჯეტის დამტკიცებისას...
- საზოგადოდ თანამშრომლობის პრობლემა ამ ორგანოსთან არა გვაქვს, მაგრამ როდესაც ბიუჯეტი დგება და სხვებთან ერთად სპორტული ორგანიზაციების ბიუჯეტიც უნდა გაიწეროს, როგორ შეიძლება მათთან უკითხავად გადაწყდეს, რა თანხას და რატომ გამოყოფს საკრებულო?

საკრებულოს კატეგორიულად
ვერ დავეთანხმები იმაში, რომ ბიუჯეტის პროექტით, თუნდაც მცირედით, მაგრამ გორში მოქმედი სპორტული ორგანიზაციებისთვის დაფინანსება შემცირდეს.

როდესაც ქვეყანაში კომუნალური გადასახადების გაზრდის გამო სპორტული დაწესებულებები წყლის, გათბობის და ა. შ. გადასახადზე უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე უწინ, ფული საიდან უნდა მოიტანონ?

სახელფასოდ გათვალისწინებულ თანხას შეეხონ? ესეც დარღვევაა. გამოდის, რომ დაუგროვდებათ კომუნალური მომსახურების ვალები. მე სპორტული ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდას ველოდი, არათუ შემცირებას.

- დღესდღეობით გორში მოქმედი ყველა სპორტული ორგანიზაციისთვის შეჯიბრებების და შეკრებების ორგანიზებისთვის თანხებს გამოყოფს "სპორტული ცენტრი". მათაც უპირებენ დაფინანსების შემცირებას?
- წლეულს მათზე გათვალისწინებული იყო 369 ათასი ლარი, გაისად ფიქრობენ ბიუჯეტში ცენტრს 360 ათასი გამოუყონ.

გამეცინა კიდეც ამაზე, ნეტავი ეს 9 ათასი რის გამო მოაკლეს-მეთქი, შეჯიბრებაზე "გადამეტებით" წავიდა რომელიმე გუნდი და ახლა იქ გამოსვლა აღარაა საჭირო, თუ უბრალოდ, თანხის დამრგვალებით უნდოდათ შემცირება? არადა, ეს "სპორტული ცენტრი", გია თენაძის ხელმძღვანელობით, შესანიშნავად მუშაობს! იგი ამ წელს შეიქმნა და აშკარად გაამართლა!

მათი მოვალეობაა ადგილობრივი შეჯიბრებების ორგანიზება, სხვადასხვა სახეობაში მოასპარეზე სპორტსმენების, გუნდების შეკრებებისა და ამა თუ ამ ტურნირებზე მივლინებათა ხარჯის დაფინანსება.

მწვრთნელებს აღარ აქვთ საზრუნავი ამ საქმეზე, ისინი მხოლოდ თავიანთი საქმით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, კარგია, რომ სპორტის არაერთ სახეობაში (ჭიდაობა, ძიუდო, კრივი, ფეხბურთი და სხვა) ვარჯიში უფასოა, მაგრამ თუ ამ სიკეთეს ვაკეთებთ, ისიც ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ სპორტსმენს დარბაზი გავუთბოთ და ვარჯიშის შემდეგ ცხელი წყლის გადავლების საშუალება ჰქონდეს?!

- სულ რამდენი სპორტული ორგანიზაციაა ამჟამად გორში?
- შვიდია. გარდა სპორტული ცენტრისა, არის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა, კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლა, ცენტრალური სასპორტო სკოლა, ტურისტულ-სპორტული ცენტრი "ტონთიო", საცურაო აუზი და ბავშვთა საფეხბურთო კლუბი "დილა".

ამ ორგანიზაციების მუშაობა დამაკმაყოფილებელია და იმსახურებენ უკეთეს პირობებს. ამიტომაა დაფინანსების გაზრდა საჭირო მათთვის, რომ მიღწეული შედეგების მზარდი ტემპი შეინარჩუნონ, განაახლონ ინვენტარი, თავადაც შეძლონ დარბაზში საჭირო მცირე კოსმეტიკური რემონტისთვის თავის მობმა.

ასე რომ არ ვაკეთებდით ადრე, თუნდაც ცენტრალურ სასპორტო სკოლაში, ბოლოს იგი ისეთ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდა, რომ შარშან კაპიტალური რემონტისთვის უზარმაზარი თანხის გამოყოფა გახდა საჭირო.

- ბატონო გია, საკრებულოს სხდომაზე თქვით, რომ გორში თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის არაშენება დიდი სირცხვილია. მართლაც და, რა გახდა ბოლოს და ბოლოს დანაპირების შესრულება?
- ძალიან გული მტკივა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერაფრით მოხერხდა საკითხის გადაწყვეტა. შარშან გარკვეული პროცედურების და სამშენებლო ხარჯების ზრდის გამო პროექტი ისევ გადაიდო.

გუშინწინ მე და ბატონი ნუგზარ სხირელი კიდევ ერთხელ შევხვდით ქალაქის ხელმძღვანელობას და გადაწყდა, რომ სამშენებლო თანხა 300-დან 400 ათასამდე გაიზრდება.

შესაძლოა მშენებლობა ორ ეტაპად წარიმართოს და ორჯერ გამოცხადდეს ტენდერი, მაგრამ მთავარია, რომ აშენდება. თავისუფალი ჭიდაობის და ძიუდოს დარბაზებში ბავშვების რაოდენობამ ახალი სასწავლო წლიდან ერთიორად იმატა.

რასაკვირველია, სირცხვილია, რომ ისინი და ჩვენი ტიტულოვანი ფალავნები სათანადო პირობებში არ ვარჯიშობენ. გვახარებს ოლიმპიურ თამაშებში მოპოვებული მედლები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯილდოები სპორტსმენთათვის ხელის შეწყობის გარეშე, თავისთავად არ მოვა. გორელებმა ჩვენს პატარა ქალაქში სამი ოლიმპიური მედალი ჩამოიტანეს და ამას სათანადო დაფასება უნდა!

- დაფასებას ძველი ოლიმპიელებიც იმსახურებენ, მაგრამ გორში ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით თუ წაყრუებით წლეულს ოლიმპიური კედელი დაანგრიეს, რასაც ყველას და მათ შორის "ლელოს" მხრიდან კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
- რასაკვირველია, ეს საზოგადოების უარყოფითი რეაქციის გარეშე ვერ ჩაივლიდა და კრიტიკაც ლოგიკური იყო.

ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ კედლის დემონტაჟიდან მალევე ახალი კედლის ქალაქის სხვა ადგილზე გადატანა გადაწყდა, თუმცა სამწუხაროდ, კონკრეტული ადგილი ჯერ ისევ არაა გამოყოფილი.

- თქვენ გამოხვედით ინიციატივით, რომ ქალაქში მოქმედმა სპორტულმა ორგანიზაციებმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ სამედიცინო დაწესებულებებთან.
- დიახ და ვიცი, რომ ეს მხოლოდ გორის პრობლემა არაა. კარგია, რომ ყველა შეჯიბრებაზე მედიცინის მუშაკის ყოფნა ბოლო ხანს უზრუნველყოფილია, მაგრამ ეს მხოლოდ ტურნირებისას ხდება.

აუცილებელია სათანადო სახსრები გამოიყოს იმისათვის, რომ ჩვენს დარბაზებში მოვარჯიშე სპორტსმენები წელიწადში ერთხელ მაინც გავატაროთ სამედიცინო შემოწმებაზე. ისინი მხოლოდ ტრავმის შემთხვევაში არ უნდა მიდიოდნენ ექიმთან.

- ჩოგბურთის სექციაში თავის დროზე ბიუჯეტიდან ბურთებისა და ჩოგნების თანხა არ გაითვალისწინეს. მაშინ რომ ვიკითხე, ადგილობრივ ხელისუფლებაში მიპასუხეს: "უბრალოდ, დაგვავიწყდა" (?!). უკვე მეოთხე წელიწადია, "ავიწყდებათ".
- დაავიწყდათ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, გეთანხმებით, რომ ამ სახეობაში პრობლემებია და მის გამოსასწორებლად გარკვეული ღონისძიებების გატარებაა საჭირო.

- მიუხედავად სპორტის მინისტრის დაპირებისა, რომ წლეულს გორში სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, საქმე ადგილიდან არ დაძრულა.
- ეს ადგილობრივი ბიუჯეტით ვერ მოხერხდება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტით იგი უახლოეს წლებში მაინც აშენდება.

გორში სადემონსტრაციო დარბაზის ფუნქციას 90-იანი წლების დასაწყისამდე ცირკის შენობა ითავსებდა (იქ 1200 მაყურებელი ეტეოდა), სადაც უამრავი სპორტული შეჯიბრება ტარდებოდა. ის შენობა დაიწვა და ოც წელიწადზე მეტია, ქალაქში საშეჯიბრო დარბაზი აღარაა.

არადა, ამას ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმე იმსახურებს, ერთ-ერთი პირველთაგანი გორია! ადგილობრივ მაყურებელს არა აქვს საშუალება, თავისი ცნობილი სპორტსმენების ასპარეზობა, ტელევიზიის გარდა, შეჯიბრებაზე უშუალოდ იხილოს და უქომაგოს! გორში სპორტის სასახლის აშენება აუცილებელია, თანაც არა შორეულ მომავალში, შეძლებისდაგვარად, მალე!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული