თამაზ თევზაძე ევროპის საბჭოს კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის წლიურ სხდომას დაესწრო

AutoSharing Option
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე - თამაზ თევზაძე 6-7 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ ევროპის საბჭოს კონვენციის CETS No.:120 "სპორტულ შეჯიბრებებზე და განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებზე მაყურებლის მიერ გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის შესახებ" მუდმივმოქმედი კომიტეტის წლიურ 35-ე სხდომას დაესწრო.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კონვენციის მონაწილე ევროპის 46-მა ქვეყანამ, საერთაშორისო და ევროპის სპორტულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, UEFA-მ, ევროპის პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა და სხვა ორგანიზაციებმა.

სტრასბურგიდან დაბრუნების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

თამაზ თევზაძე: "საქართველო კონვენციას მიუერთდა 2004
წლის 17 სექტემბერს. თუმცა ის არ არის რატიფიცირებული პარლამენტის მიერ.

საქართველოდან მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული გახლდით, როგორც მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი.

სხდომის დღის წესრიგის საკითხებიდან გამოვყოფდი: გასული წლის სხდომის ანგარიშის დამტკიცებას, რომელიც შეიცავდა კონვენციაზე მიერთებული ქვეყნების წლიურ ანგარიშს;

2012 წლის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების (პოლონეთი, უკრაინა) კონვენციის დებულებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა ანგარიშსა და დისკუსიას ჩემპიონატის მიმდინარეობაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.

აგრეთვე, აღვნიშნავდი სამ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას, რომელიც ეხებოდა: კონვენციის ტექსტში ცვლილებების შეტანის განხილვას; შეფასებების სისტემის გადასინჯვას და მუდმივმოქმედი კომიტეტის ფუნქციონირების გადახედვას.

ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა, მას შემდგომ, როდესაც პრაქტიკულად, საქართველო ბოლო 4 წლის განმავლობაში არ იყო წარმოდგენილი ამ კუთხით, იყო მეტად საჭირო. მათ გაგვიწიეს რეკომენდაცია, რომ განვახორციელოთ კონვენციის მე-2 პარაგრაფი პრაქტიკაში, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე დაფუძნდეს საკოორდინაციო საბჭო.

საბჭომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამთავრობო და არასამთავრობო დაინტერესებულ და პასუხისმგებელ სპორტულ ორგანიზაციებს, კონვენციით გათვალისწინებული დებულებების და ვალდებულებების განხორციელებას, საქართველოში ეროვნულ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე, განსაკუთრებით, სტადიონებზე ფეხბურთის მატჩებზე და არა მარტო ფეხბურთის, მომავალში პრაქტიკული განხორციელებისათვის. აგრეთვე - სპორტის სხვა სახეობების და მათ შორის, დარბაზებში.

ჩემ მიერ განმარტებულ იქნა, რომ უახლოეს ხანში სამინისტრო დასვამს საკითხს კონვენციის საპარლამენტო რატიფიკაციასთან დაკავშირებით.

აგრეთვე, ევროსაბჭოს აღნიშნული კონვენციის სამდივნოს მივმართე თხოვნით - გაითვალისწინონ მომავალში საერთაშორისო ექსპერტთა საკონსულტაციო ან შეფასებითი ვიზიტი საქართველოში, სავარაუდოდ, 2014 წელს ან შესაძლებლობის შემთხვევაში 2013 წელს."

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული