უნივერსალიზმის მეხოტბე - "ლელოს" სტუმარი გიორგი შხვაცაბაიაა

AutoSharing Option
"ორი ათასი წლის შემდეგ ეს იქნება პირველი ხელოვნების ნიმუში, შექმნილი დიდი მოქანდაკის მიერ, რომელიც ძველბერძენთა უკვდავ ნამუშევრებთან ერთად საუკუნეებს გაუძლებს", - ეს სიტყვები წარმოსთქვა ცნობილმა ბერძენმა არქიტექტორმა იოვანის სეფერდისიმ ქართველი მოქანდაკის გიორგი შხვაცაბაიას ნამუშევრის "მშვიდობის ჩირაღდანის" შეფასებისას.

თავად ბატონმა გიორგიმ კი, რომელიც დღეს "ლელოს" სტუმარია, გვითხრა:

"ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბრინჯაოს ეს ოთხმეტრიანი (!) ფრთოსანი ქალის ქანდაკება, რომელიც კაცობრიობას მოუხმობს მშვიდობისკენ, აღმართულია ძველი ოლიმპიის ცენტრალურ მოედანზე, სულ ახლოს იმ წმიდათაწმიდა ადგილიდან, სადაც უკვდავი პრაქსიტელეს "ჰერმესი" დგას.

ეს იყო ჩემი გულწრფელი
სიყვარულის გამოხატვა ბერძნული ცივილიზაციისა და ქანდაკების მიმართ".

დიდი ხელოვნებისკენ ყველა თავისი გზით მიდის, ზოგისთვის ეს გზა სხვისი სურვილით გაკეთებული არჩევანია, ზოგისთვის - საკუთარი ნებით.

გიორგი შხვაცაბაიას ოჯახი და ნათესავები დარწმუნებულები იყვნენ, რომ 1960-იან წლებში, როგორც მაშინ მოდაში იყო, გოგი ან სამედიცინოზე, ან საინჟინროზე გააგრძელებდა სწავლას, მაგრამ...

- ჯიუტად ხელოვნება ავირჩიე, - ამბობს ბატონი გიორგი, - დაბადებული ვარ 15 აპრილს. 15 აპრილი ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეა და რატომღაც სულ ვავლებდი პარალელს. ბავშვობიდან კერპად გავიხადე ეს დიდი ხელოვანი. მუდამ იმის შეგრძნება მქონდა, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება უნდა მომესწრო, ოღონდ უნივერსალიზმის გზით.

Sportall.Ge- რას გულისხმობდით უნივერსალიზმში...
- ზუსტი მეცნიერებების დაუფლებას. კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით ძლიერი ვიყავი მათემატიკასა და ფიზიკაში. ლენინგრადში ოლიმპიადაც მოვიგე ფიზიკაში, თუმცა სკოლიდან ოქროს მედალი ვერ გამოვიტანე. მერვე კლასში კონსტიტუციაში მიღებულმა ოთხიანმა "დამწვა".

- იზრდებოდით მეცნიერთა წრეში. ამავე დროს მამათქვენი, აკადემიკოსი გიორგი შხვაცაბაია თავის დროზე ცნობილი მძლეოსანი, საერთოდ უნივერსალური სპორტსმენი იყო, რა გავლენა მოახდინა თქვენზე მამის სპორტულმა წარსულმა?
- უპირველესად გეტყვით, რომ გამაამაყა. მამა იყო ქართველთაგან საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი და რეკორდსმენი მძლეოსნობაში. უცნაური დამთხვევაა; იმ დღეს, როცა მამა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და რეკორდსმენი გახდა, ეს კი 1929 წელს იყო, დაიბადა გივი კარტოზია, რომელიც შემდეგ მსოფლიოს პირველ ჩემპიონად მოევლინა საქართველოს და არა მხოლოდ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, არამედ საერთოდ ქართულ სპორტში.

- პირადად თუ იყავით გატაცებული სპორტით?
- როგორ არა, ვთამაშობდი ფეხბურთს. გამოვდიოდი მძლეოსნობაში, ძირითადად ხტომებში. ერთხელ ფეხბურთში სამხატვრო აკადემიის გუნდი, რომლის წევრი მეც ვიყავი, თბილისის უმაღლეს სასწავლებლებს შორის მესამე პრიზიორი გახდა ფიზკულტურის ინსტიტუტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდების შემდეგ. მახსოვს, თსუ-ს ბიჭებს, რომლებსაც თვით ცნობილი გრიგოლ გაგუა წვრთნიდა, 2 გოლი მე გავუტანე.

- არც სამედიცინო, არც საინჟინრო, არამედ სამხატვრო აკადემია, როგორ...
- ბავშვობაში რვა წელიწადი თბილისის პიონერთა სასახლეში პედაგოგების ზაქრო კრაწაშვილისა და გრიგოლ მესხის ხელმძღვანელობით ვეუფლებოდი ფერწერას. აკადემიაში ჩაბარება ნამდვილად არ გამჭირვებია.

- დიდი ხანია, თქვენ გიცნობენ, როგორც ქართული სპორტის თავგამოდებულ ქომაგს და თანამემამულე ათლეტთა თაობების დიდ მეგობარს, ხელოვანს. როდის გაჩნდა სპორტი თქვენს შემოქმედებაში?
- სტუდენტობისას, როცა ძალზე დინამიკური ნამუშევარი "ლელო" შეიქმნა. ისე, სპორტის თემა სულ მაწვალებდა, დღესაც ჯიბით დამაქვს მამის სპორტული ასპარეზობის ფოტოები.

სხვათა შორის, მამას "შავ ავაზას" ეძახდნენ სპორტსმენობისას. გივი ჩოხელმა რომ გაიგო, ამ ამბავს ყველას ეუბნებოდა. მიხეილ მესხს ისე მოწონებია, "ავაზა" დაარქვა თავის მიერ დაარსებულ ბავშვთა საფეხბურთო სპორტულ სკოლას.

- მერე რა იყო...
- მოგეხსენებათ 1960-80-იან წლებში ქართული სპორტი აღმავლობას განიცდიდა. განსაკუთრებით გვახარებდნენ ფეხბურთელები და მეც ვქმნიდი მათ პორტრეტებს. ასე გაჩნდა გრაფიკული ნამუშევრები: ვლადიმერ ბარქაია, სერგო კოტრიკაძე, მიშა მესხი, სხვები და სხვები.

უნივერსალიზმის მიმდევარი ვარ შემოქმედებაშიც.

- სიტყვამ მოიტანა და გკითხავთ: თქვენ მიშა მესხის ქანდაკებაზეც მუშაობდით, დაამთავრეთ?
- მზადაა ბრინჯაოში ჩამოსასხმელად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ველოდები. დასადგენია მესხის სტადიონის შესასვლელის საბოლოო არქიტექტურული სახე, შემდეგ კი საერთო ხედს მიებმება ბიუსტის განთავსების ადგილი.

- თქვენი მოთხოვნა რა არის?
- მე მინდა, რომ მიშა მესხის ბიუსტი იქცეს ქალაქის ორგანულ ნაწილად და თვალმისაწვდომი არ უნდა იყოს მხოლოდ სტადიონის ტერიტორიაზე შესულთათვის, მოკლედ, არ უნდა "მიიჩქმალოს".

- ალექსანდრე მეტრეველის ფიგურა, რომელიც თქვენ ამ დიდი ჩოგბურთელის ზენიტში ყოფნის წლებში შექმენით, დღეს მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეას ამშვენებს. როგორ მოხვდა ქანდაკება ამ გალერეაში?
- 1970-იან წლებში ეს ნამუშევარი მოსკოვში მქონდა წარმოდგენილი ეგრეთ წოდებულ "სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე". ალექსანდრე მეტრეველი იმდენად პოპულარული იყო, ბიუსტი უკან აღარ გამოგვატანეს - ტრეტიაკოვის გალერეამ შეიძინა და იქ რჩება დღემდე.

- თქვენი შემოქმედების შთაგონების წყარო ქართველი ფალავნებიც იყვნენ...
- დიდ პატივს ვცემდი გივი კარტოზიას, ის იყო უნიკალური პიროვნება და შევეცადე, ასეთად - ფიზიკურად და სულიერად ამაღლებული გამომესახა ბიუსტში.

Sportall.Geბრინჯაოს ეს ნამუშევარი თბილისის სპორტის სასახლესთან დგას, მას შემდეგ, რაც ამ შესანიშნავ სპორტულ ნაგებობას გივი კარტოზიას სახელი ეწოდა.

შექმნილი მაქვს თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ხალხის საყვარელი ფალავნის, გურამ საღარაძის პორტრეტი.

- დავუბრუნდეთ ოლიმპიაში აღმართულ თქვენ მიერ შექმნილ ქანდაკებას. ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული, იქ, სადაც ოლიმპიზმის აკვანი დაირწა, პირველად დაიდგა ახალი ქანდაკება, როგორ?
- 1987 წელს საბერძნეთში, კერძოდ, ანტიკურ ოლიმპიაში შეიკრიბა საბჭოეთიდან მშვიდობის დაცვის კომიტეტის დელეგაცია. ქალაქის მერი გვმასპინძლობდა - ვეტერანი ოლიმპიელი და ოლიმპიზმის ისტორიის უბადლო მცოდნე - სპიროს ფოტინოსი.

ფოტო ვაჩვენე, მოიწონა. მერე საქართველოში 1989 წელს შეიქმნა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ეს ძეგლი ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საჩუქრად გადასცა ქაქაქ ოლიმპიას. დიდი ზეიმი შედგა მაშინ.

და დღეს ამაყად დგას ჩვენი საჩუქარი ოლიმპიზმის სამშობლოში. გეტყვით, რომ ძეგლი იქ 1992 წელს გაიხსნა, ბარსელონის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიაში ცეცხლის ანთების დროს. ოლიმპიურმა ჩირაღდანმა მაშინ მოგზაურობა სწორედ ამ ძეგლის არეალიდან დაიწყო.

თენგიზ გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული