გია გორგოძე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია

AutoSharing Option
25 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

დელეგატებმა ამ თანამდებობაზე ყოველთვიური ჟურნალ "ათიანის" მთავარი რედაქტორი გია გორგოძე აირჩიეს.

ელგუჯა ბერიშვილი, ვინც ბოლო ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სსჟა-ს, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნებში გორგოძეს სამი კონკურენტი ჰყავდა: პაატა ნაცვლიშვილი, ოთარ გიორგაძე და დავით თავართქილაძე.

არჩევნების დაწყებამდე პაატა ნაცვლიშვილმა გია გორგოძის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა, ხმები კი შემდეგნაირად განაწილდა: გამარჯვებულს 46-მა დაუჭირა მხარი, ოთარ გიორგაძეს ოცდაცხრამ, დავით თავართქილაძეს კი 4 ხმა ერგო. ხმის დამთვლელმა კომისიამ ორი ბიულეტენი
ბათილად სცნო.

"ჩვენ უამრავი გეგმა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენი დახმარებით ყველას განვახორციელებთ. ჩემი სურვილია, რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტები ერთ დიდ ოჯახად ვიქცეთ," - განაცხადა გია გორგოძემ.

მანვე დელეგატებს თავისი გუნდი გააცნო: ბიძინა ბარათაშვილი და ირაკლი თავაძე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან, ილია ბაბუნაშვილი კი გენერალური მდივანი.

სსჟა-ს ახალი პრეზიდენტის თქმით, სპორტულ ჟურნალისტთა პირველი შეკრება მაისში გაიმართება.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული