როგორც ყველა წელიწადი, 2012-იც თავისებურად გამორჩეული იყო.
მოდით, ერთად დავსხდეთ დროის მანქანაში, გადავიჭიროთ ღვედები, გავიაროთ 2012-ე გზატკეცილზე და ფანჯრიდან 13 მთავარი მოვლენა შევათვალიეროთ.
რატომ 13? ტელევიზორში თუ ტრანსპორტის ფანჯრიდან, ყველგან 13 მოჩანს, ოღონდ წინ 20 უწერია - 2013 წელი მოდისო.
კალენდარიც ასე ამბობს.
ბრინჯაოს დასაწყისი
2012 წლის ჩვენთვის საინტერესო პირველი საერთაშორისო შეჯიბრება ევროპის მოციგურავეთა ჩემპიონატი იყო, რომელიც 23-29 იანვარს ინგლისის ქალაქ შეფილდში გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში ავტომობილებს
თავისუფლად...
7 მარტს დაიწყო და 11-ში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ახალგაზრდა ყაზბეგელმა დავით მარსაგიშვილმა ფინალში ბულგარელი მიხაილ განევი დაამარცხა.
ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2012 წლის გაზაფხულზე ერთი ევროპირველობა არ დაგვიტოვებია, ოქრო რომ არ წამოგვეღო, თუ არ ჩავთვლით 17-წლამდელთა საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატს, რომლის ნახევარფინალში ქართველებმა ჰოლანდიასთან ღირსეულად დათმეს.
ფეხბურთში კი ევროპაზე ნახევარფინალში გასვლა მედლის მოპოვების ტოლფასია.
365
მარსაგიშვილის წარმატებიდან ზუსტად ერთ კვირაში მას მიბაძა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ (85კგ) - მძიმე შტანგასთან ერთად, ევროპის ჩემპიონის ტიტული ასწია.
რაულმა ჯერ 165-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, აკვრისას კი 200 კგ დასძლია და უკან მოიტოვა მასპინძელი ფატიჰ ბაიდარი.
რაულის მონაგარის შეჯამებისას საინტერესო რიცხვს ვიღებთ - 165+200=365.
კამაზი და ნივა
რუსული წარმოების რომელი მანქანაა ყველაზე გამძლე? მოდით, ავიღოთ "ნივა" და დავაჯახოთ ქუთაისში წარმოებულ "კამაზს" (იმედია, მანქანათმშენებლობის დარგი საქართველოში ოდესმე კიდევ ამოქმედდება). რა შედეგს მივიღებთ?
დაახლოებით ისეთს, როგორიც 17 მარტს, საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას გვქონდა. მეტოქე 46:0 გავჭყლიტეთ.
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი წლეულსაც მოიგო.
ისევ რუსეთი
ქართულ-რუსული თემა ამ ქვეთავშიც განვაგრძოთ, მაგრამ ფორმა უნდა შევიცვალოთ: ან თეთრი ჩოხა მოვირგოთ, ან ლურჯი - ძიუდოში ასეა, სპორტსმენები ერთმანეთს ამ ორი ფერის ფორმებით ეჭიდავებიან.
რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველთა ტრიუმფით დასრულდა - მოვიგეთ გუნდური ოქრო, ხოლო ვალერი ლიპარტელიანმა ინდივიდუალურ ჩათვლაში მონაგარს კიდევ ერთი უმაღლესი სინჯის მედალი მიათვალა.
ჯენოადან ენერგეტიკაში
12 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
არადა, მას, კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ერთი წელი უნდა ეთამაშა იტალიურ "ჯენოაში".
როგორც აღმოჩნდა, მან "ჯენოას" მაისური "ოცნების" მაისურში გაცვალა.
ოქტომბერში იგი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.
გასწრება აკრძალულია
დახედეთ საგზაო ნიშანს: შავ მანქანას წითელი უსწრებს. აქვეა ფოტო, რომელზეც შავ ფორმაში ზესტაფონელი ფეხბურთელია, წითელ-თეთრში - მეტალურგელი.
ამ გუნდებს შორის ჩემპიონობისთვის ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა და ფინიშის ხაზთან ორივე ერთად მივიდა (თანაბარი ქულები აღმოაჩნდა).
გამარჯვებულის გამოვლენას დასჭირდა ფოტოფინიში: ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაზაფხულის დასაწყისში კლუბებში დაგზავნილ წერილში ეწერა, რომ ქულათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გამარჯვებულად ის გამოცხადდებოდა, რომელსაც მეორე ეტაპზე უფრო მეტი ქულა მოუგროვდებოდა, თუმცა ეს დოკუმენტი აღმასკომის მიერ დამტკიცებული არ იყო და საბოლოოდ გაიმარჯვა "ზესტაფონმა", რომელსაც ორივე ეტაპის ჯამში მეტი ქულა აღმოაჩნდა.
სუპერმოწმობა
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს დროის მანქანას სახურავი გადავხადოთ და კაბრიოლეტით ამერიკაში შევიაროთ, სადაც თორნიკე შენგელიამ წარმატებით ჩააბარა "მართვის მოწმობის" გამოცდები და მიიღო სუპერმოწმობა - კონტრაქტი NBA-ს გუნდისგან, "ბრუკლინ ნეთსისგან".
26 ივნისის დრაფტზე 20 წლის თორნიკე "ფილადელფიამ" აიყვანა და უმალ ბრუკლინელებს დაუთმო.
ოქროს დღე
29 ივლისის მოვლენა ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
ამ დღეს გორელმა ახალგაზრდა ლაშა შავდათუაშვილმა ერთმანეთზე მიაწყო მსოფლიოს უძლიერესი ფალავნები და მკერდი ოქროს მედლით დაიმშვენა.
სიმბოლურია, რომ 20 წლის ლაშამ ფინალში თავისზე 12 წლით უფროსი უნგრელი იშტვან უნგვარი დაამარცხა. 20 და 12 რომ შევაწებოთ, 2012-ს მივიღებთ.
ავფრინდით
"ავფრინდით" - ასე დავასათაურეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების პირველი მატჩი შესარჩევ ეტაპზე, რომელშიც რუმინეთი 80:64 დავამარცხეთ.
ჩვენმა გუნდმა 8-დან 5 მატჩი მოიგო და გეზი სლოვენიისკენ აიღო, სადაც 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება (4 სექტემბერს დაიწყება).
ევრობასკეტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
ზიგზაგი
7 სექტემბერი პარასკევი იყო. ის დღეც ბევრის მეხსიერებაში დიდხანს გაძლებს.
თავი დავანებოთ იმას, რომ ფეხბურთელთა ნაკრებმა ბელორუსს 1:0 მოუგო (უფრო ძლიერი მეტოქეებიც დაგვიმარცხებია).
იმ მატჩში გატანილი გოლი საფეხბურთო შედევრი იყო - თორნიკე ოქრიაშვილმა მოედანზე სწრაფი მოძრაობით მიკლაკნილ-მოკლაკნილი საგზაო ნიშანი დახაზა, რამდენიმე ბელორუს მცველს თავგზა აუბნია და...
შედევრები ისტორიასა და მეხსიერებაში ყოველთვის ღირსეულ ადგილს იკავებს.
ზღვაზე ქარიშხალი ჩადგა
"კოკაი" იაპონურ ენაზე შავ ზღვას ნიშნავს.
ლევან ცაგურია ამ სახელის არჩევით სუმოს სამყაროს გაეცნო, როგორც შავი ზღვის პირას მდებარე პატარა სახელმწიფოს წარმომადგენელი. ქართველებს კი სუმო გაგვაცნო.
იგი პირველი ჩვენიანია, რომელმაც პროფესიულ სუმოში მოსინჯა ძალა და უმაღლეს დივიზიონში წლების განმავლობაში ღირსეულად გამოდიოდა.
სექტემბრის ბაშოს შემდეგ კოკაიმ ტრავმის გამო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
გვირაბის ბოლოს
საქართველოს არაერთხელ გაუვლია ბნელ გვირაბში, საიდანაც სინათლეზე ყოველთვის გამოსულა. თუმცა ქართული კლუბებისთვის არც 2012 წელს გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს, ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების გამოსვლას ვგულისხმობთ.
საკალათბურთო "არმია" ევროჩელენჯზე გავიდა და ექვსივე თამაში წააგო; წყალბურთის წარმომადგენელ "ლიგამუსსაც" ჯერ არ გაუსინჯავს მოგების გემო (ჩემპიონთა თასზე); როგორც წესი, ვერც ერთმა საფეხბურთო კლუბმა ვერ გადალახა საკვალიფიკაციო ეტაპი; ხოლო სარაგბო კლუბებს ევროპაში გარევა არც უცდიათ...
როცა ევროინტეგრაციაზე ვლაპარაკობთ და ნაკრებებს შედეგებს ვთხოვთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ "მერსედესის" ჩარჩოზე გადაწყობილი "ზაპოროჟეცი" თუნდაც "ოპელს" ვერ გაასწრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"