დავით აბულაძე: ქუთაისისთვის სპორტის ყველა სახეობა მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 14 სპორტსკოლა, საცხენოსნო კლუბი და სპორტის სასახლე შედის, სადაც დაახლოებით 4000-მდე მოზარდია გაერთიანებული.

როგორი იყო გასული წელი და რა მიზნებს ისახავს ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება 2013 წელს?

ამის შესახებ სამსახურის უფროსი დავით აბულაძე გვესაუბრება.

- 2012 წელი ქუთაისელი სპორტსმენებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გამარჯვებულებისა და პრიზიორების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თუ შევაჯამებთ, საქართველოს ჩემპიონატებსა თუ თასის გათამაშებებში ჩვენი ყოველი მეხუთე სპორტსმენი გამარჯვებული ან პრიზიორი გახდა.

ეს არის იმ დიდი გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგი, რომელიც ქუთაისში ბავშვთა სპორტის განვითარებისთვის
მუშაობს.

- რა როლი ითამაშა ამ საქმეში თქვენმა სამსახურმა და რით დაეხმარა სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება სპორტსმენებს მიზნების მიღწევაში?
- ყველაზე მთავარი, რაც სასიკეთოდ წაადგა ადგილობრივ სპორტს, ეს იყო სამივლინებო თანხების გაზრდა.

ადრე კვებისთვის 8 ლარი იყო გამოყოფილი, სასტუმროსთვის კი 15 ლარი, რაც დღევანდელობისთვის მართლაც შეუსაბამო თანხაა და სპორტსმენების უკმაყოფილებას იწვევდა.

შარშან ეს თანხები გაორმაგდა. დაფინანსების გაზრდამ შედეგებზეც დადებითად იმოქმედა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი სამსახურის შექმნის დღიდან სპორტსკოლებში არ შეჩერებულა სარემონტო სამუშაოები. მე-17 სპორტულ ფილიალში მალე თანამედროვე, კეთილმოწყობილი ბაზა გვექნება, სადაც ერთდროულად 70-80 ბავშვს დავაბინავებთ.

კვების ბლოკიღა დარჩა გასაკეთებელი და მალე ჩვენს ბავშვებს იქ მოსამზადებელი შეკრებების გავლაც შეეძლებათ. ყოველივე ამან კი შედეგების გაუმჯობესებაზე უნდა იმოქმედოს.

- სპორტსკოლებისა და დარბაზების კეთილმოწყობა რა თანხებით ხორციელდება?
- ეკონომიის ხარჯზე. ამ ფულით არცთუ ისე მცირე სამუშაო ჩავატარეთ. მე-17 სპორტსკოლასთან ერთად გაკეთდა ფარიკაობის სკოლა, მე-12 სპორტსკოლის სპორტული ტირი, გარემონტდა დარბაზები.

რაგბის სპორტსკოლის გარდა, სადაც სამუშაოები რაგბის კავშირის პროგრამით მიმდინარეობს, თითქმის ფილიალებში ჩავატარეთ მცირე სამუშაოები.

წლეულს ვაპირებთ, ყველა სპორტსკოლაში მოვაწესრიგოთ სანიტარული პირობები... ამ წლიდან სპეციალური პროგრამით დავიწყებთ მუშაობას თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის.

გეგმა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაა გაწერილი, რომელსაც კოორდინირებული მუშაობისთვის სპორტის სამინისტროს და ფედერაციებსაც გავაცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ შეჯიბრებაზე 15-20 სპორტსმენი უნდა გამოვიყვანოთ.

ეს არის ის აუცილებელი ამოცანა, რაზეც დღესვე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რომ 2015 წელს შესაბამისი შედეგი მივიღოთ.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პრიორიტეტი იმ სპორტის სახეობებს მიენიჭება, რომელიც თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი?
- ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ სპორტის 9 სახეობაა შეტანილი, ჩვენთვის კი სპორტის ყველა სახეობა მნიშვნელოვანია.

ვმუშაობთ ისეთი სახეობების წამოწევაზე, რომლებიც წლების განმავლობაში მივიწყებული იყო და ფაქტობრივად, აღარც არსებობდა.

მაგალითად, ბოლო წლებში პირველად გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ქუთაისელმა სპორტსმენებმა პირველი ადგილი დაიკავეს, რამაც ძალიან გაგვახარა.

გამოჩნდნენ პერსპექტიული სპორტსმენები აკრობატიკაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, მშვილდოსნობაში, წინა პლანზე წამოიწია წყალბურთმა.

აღარაფერს ვამბობ ისეთ ტრადიციულ სახეობებზე, როგორიცაა რაგბი, კალათბურთი, ჭადრაკი, ძიუდო და ჭიდაობის სახეობები.

დიდი ძვრები არის ნიჩბოსნობაში, სადაც ახალგაზრდა მწვრთნელების კარგი გუნდი ჩამოყალიბდა და შედეგებიც მალე გვექნება.

ჩვენი სამსახურის ფუნქცია არა მარტო ჭიდაობისა თუ სხვა ტრადიციული სახეობების განვითარება, არამედ სპორტის მასობრიობის ხელშეწყობაა და ვცდილობთ, რომ ეს ამოცანა წარმატებით შევასრულოთ.

ქუთაისში 40-ზე მეტი სპორტის სახეობაა დანერგილი და ჩვენი მიზანია, ყველა მათგანს თანაბარი პირობები შევუქმნათ.

- რომელმა სპორტსმენმა ან გუნდმა შემოგთავაზათ გასულ წელს სასიამოვნო სიურპრიზი?
- ძალიან გახარებულები ვართ ჩვენი მორაგბეების წარმატებით (,,აიას" ჭაბუკთა გუნდი), რომლებმაც ჭაბუკთა "ა" ლიგაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩემპიონები გახდნენ კალათბურთელებიც, თუმცა ყველაზე მოულოდნელი პატარა წყალბურთელების ჩემპიონობა იყო. ახალჩამოყალიბებული გუნდია და მართლაც კარგი სიურპრიზი შემოგვთავაზეს.

- ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ეს კორექტივებს ხომ არ შეიტანს სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების გეგმებში?
- არა მგონია, რაიმე ცვლილება მოხდეს. ჩვენ მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვფინანსდებით. სპორტის მინისტრი, ბატონი ლევან ყიფიანიც მხარს უჭერს სპორტული სკოლების არსებობას და მათ დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

ასეთი სქემა საშუალებას გვაძლევს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოვიზიდოთ ნიჭიერი ბავშვები. ისინი ჩვენს სპორტსკოლებში უფასოდ ვარჯიშობენ, შჯიბრებებზე დადიან, სპორტული ფორმები ურიგდებათ... ერთი სიტყვით, ყველა პირობას ვუქმნით, რომ თავიანთი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ.

ქუთაისი ოდითგანვე ნიჭიერი სპორტსმენების სამჭედლო იყო და ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ.

მჯერა, რომ სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ქუთაისში სპორტი კიდევ უფრო განვითარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული