გორის წლის სპორტსმენი ლაშა შავდათუაშვილია, წლის გუნდი კი "დილაა"

AutoSharing Option
ტრადიციად იქცა "ლელოს" შიდა ქართლის ბიუროს მიერ რეგიონის წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენი გამოკითხვა.

რა თქმა უნდა, გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენი ჩვენი გამოკითხვითაც ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

მეორე და მესამე პოზიციებიც, ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების ხარისხის შესაბამისად, ვერცხლისპრიზიორმა ლადო ხინჩეგაშვილმა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა გიორგი გოგშელიძემ დაიკავეს.

წლის გუნდად ფეხბურთში საქართველოს თასის მფლობელი გორის "დილა" იქნა აღიარებული, ხოლო წლის აღმოჩენად ბირთვის და ბადროს მტყორცნელი, 15 წლის გიორგი მუჯარიძე.

როგორი მიღწევებით დაასრულეს გასული წელი გორელმა სპორტსმენებმა? გვესაუბრება ქალაქის სპორტის
სამსახურის უფროსი გია პაპიტაშვილი.

"გორში ძიუდოს და თავისუფალი ჭიდაობის ნაყოფიერი მუშაობა, პირველ ყოვლისა, ოლიმპიადამ დაადასტურა. ლონდონში ხუთი მონაწილე გვყავდა და სამი შინ მედლით დაბრუნდა.

მართალია, ოთარ თუშიშვილი უმედლოდ დარჩა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან ამჯერად მეოთხედ იასპარეზა პლანეტის უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე! სასიხარულოა, რომ რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ კრივშიც დავიმსახურეთ დიდ შეჯიბრებაში მედალი - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი გახდა ჩვენივე კრივის სკოლის აღზრდილი რატი ტლაშაძე.

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ წარმატებული სპორტსმენი გამოჩნდა მძლეოსნობაშიც. ბირთვისმკვრელი გიორგი მუჯარიძე უკონკურენტოა საქართველოში თანატოლებს შორის. მან განვლილი წლის ყველა შეჯიბრება პირველი ადგილით დაასრულა და ერთხელაც აზერბაიჯანის ღია პირველობა მოიგო.

2012 წლის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდურ გამარჯვებად კი, უდავოდ, გორის ფეხბურთელთა კლუბ "დილას" მიერ ჩვენი ქვეყნის თასის მოპოვება უნდა ჩაითვალოს.

მოგეხსენებათ, ეს კლუბი მიმდინარე სეზონში უკვე ჩემპიონობისთვის იბრძვის. ფეხბურთში "დილას" წარმატებებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მაყურებელი მრავლად მიიყვანა, ბავშვთა საფეხბურთო სკოლებში ვარჯიშის მსურველთა რიცხვი კი შთამბეჭდავად გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტთან არსებული საფეხბურთო სკოლის გარდა, ნაყოფიერად მუშაობს საფეხბურთო აკადემია "ქართლი 2011", სადაც ასევე რამდენიმე ასეულ ნორჩ ფეხბურთელს აოსტატებენ მწვრთნელები.

გუნდური სახეობებიდან აღსანიშნავია ცენტრალური სასპორტო სკოლის ჭაბუკ ხელბურთელთა და კალათბურთელთა პროგრესი. რამდენიმე ხელბურთელი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებშიც მიიწვიეს.

ამავე სასპორტო სკოლის ინდივიდუალური სახეობებიდან კმაყოფილნი ვართ ჭადრაკის, კიკბოქსინგის, კარატეს სექციების მუშაობით. შთამბეჭდავია მოცურავეთა შედეგები. მათ უკვე დაიმკვიდრეს ადგილი ჩვენი ქვეყნის წამყვან გუნდებს შორის.

შარშან დასრულდა ცენტრალური სასპორტო და კრივის სკოლების რემონტი, მოეწყო ტრიბუნები "დილას" სტადიონზე. მიმდინარე წლისთვის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის ასაშენებლად, როგორც იქნა, გამოიყო საჭირო თანხა.

იმედი გვაქვს, წლეულს სარაგბო მოედნის და სპორტის სასახლის 2012 წელში დაგეგმილი მშენებლობის საქმეშიც იქნება რეალური ძვრები, რასაც, შესაბამისად, უფრო მეტი წარმატებები მოჰყვება" - გვითხრა გია პაპიტაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული