ყველა დროის ტყუილი: ამერიკელი ფეხბურთელის სასიყვარულო ისტორია არარსებულ გოგონასთან

AutoSharing Option
ამერიკული ფეხბურთის 21 წლის მოთამაშე მანტი ტე’ო კიბოთი გარდაცვლილ გოგონას ლენეი კეკუას ყოველ ინტერვიუში იხსენებდა და მას უძღვნიდა თავის ყველა წარმატებას.

ის მთელს ამერიკას ეცოდებოდა. მაგრამ, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კეკუა, რომელსაც ტე’ო ასე ეთაყვანებოდა, სინამდვილეში არ არსებობდა.

აგორდა გრანდიოზული სკანდალი. ერთნი ტე’ოს მატყუარას უწოდებენ, მეორენი კი მის მეგობარს ადანაშაულებენ.

მანტი ტე’ო - ნოტრ-დამის უნივერსიტეტის საუკეთესო მოთამაშეა. ის კოლეჯის ფეხბურთის ვარსკვლავი გახლავთ. 2012 წელს, ტე’ომ რვა ინდივიდუალური პრიზი მოიპოვა - ეს რეკორდია. წინ არის დრაფტის პირველი რაუნდი და ვარსკვლავის სტატუსი. ტე’ო
- სოფლელი ბიჭია, დაიბადა ჰავაის კუნძულ ოაჰუზე. მას უყვარს დედა და მამა, პატივს სცემს ბებიებსა და ბაბუებს, ასევე მორმონიზმის მიმდევარია. მოკლედ, საქმე გვაქვს ნამდვილ ამერიკულ ოცნებასთან.

მაგრამ მანტი - ტრაგიკული ბედის ადამიანია. მას ჰყავდა გოგონა, მუზა, აღმაფრენის უშრეტი წყარო - ლენეი კეკუა. მათ 2011 წელს გაიცნეს ერთმანეთი - ამაში ინტერნეტი დაეხმარათ; გაჩაღდა ვნებიანი და გულწრფელი რომანი...

მაგრამ, 2012 წლის ზაფხულში უბედურება მოხდა: ექიმებმა ლენეის ლეიკოზი დაუდგინეს და გოგონა 11 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველაზე ნაღვლიანი ის არის, რომ იმავე დღეს გარდაცვალა ფეხბურთელის ბებია. მთელი ღამე მანტი ტელეფონით ელაპარაკებოდა ლენეის. გოგონა მას სიყვარულში გამოუტყდა, ბიჭმა კი აღუთქვა, რომ კიდევ უფრო უკეთ ითამაშებდა და ყველას გაანადგურებდა.

მანტი სიტყვას ასრულებდა: ლენეის სიკვდილიდან სამი დღის თავზე, მან ფაქტობრივად გაანადგურა მიჩიგანის უნივერსიტეტის გუნდი, შემდეგ კი არ გამოუტოვებია NCAA-ის ჩემპიონატის არც ერთი მატჩი. ლენეის ის ყოველ ინტერვიუში იხსენებდა, ყველა გამარჯვებას მხოლოდ მას უძღვნიდა. მანტის კოლეგებმა, როგორც კი სიტყვა "ლეიკემია" გაიგეს, ქველმოქმედებას მიჰყვეს ხელი.

სულისშემძვრელი ისტორიის შესახებ არა მარტო გაზეთები წერდნენ, არამედ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიები უთმობდნენ დიდ დროს - დიასახლისები ტიროდნენ. ბიჭს კუნძულ ოაჰუდან მთელი ამერიკა უთანაგრძნობდა.

* * *
მაგრამ ამ სასიყვარულო ისტორიის შესახებ, რომელიც ჰოლივუდური ეკრანიზაციის ღირსი იყო, მანტის გარდა არავინ არაფერს ჰყვებოდა. რატომღაც არ გამოჩნდა ტელეეკრანებზე ლენეის მშობლების ამაღელვებელი მონათხრობი, არსად ჩანდნენ მისი მეგობრები. მანტის მამამ - ბრაიანმა თქვა, რომ ლენეი აპირებდა ჰავაიზე ჩასვლას, მაგრამ მისი ვაჟის შეყვარებული "ცოცხლად" არასოდეს უნახავს.

ვთქვათ, უფროსი ტე’ო ლოს ანჯელესიდან მოშორებით ცხოვრობს, მაგრამ ლენეი კეკუა მანტის თანაგუნდელებსაც არ უნახავთ.
ლენეი საერთოდ არავის არ ჰყავდა ნანახი. მანტისაც კი. ლენეი კეკუა არ არსებობდა. ის გამოგონილი, ყალბი გოგონაა.
ამ მისტიფიკაციას ფარდა სპორტულმა პორტალმა Deadspin-მა ახადა.

ჟურნალისტურ გამოძიებას აფეთქებული ბომბის ეფექტი ჰქონდა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის - მასალამ Facebook-ზე ერთ დღე-ღამეში 90 ათასი (!) "ლაიქი" მიიღო.

ტე’ოს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი შეყვარებული - სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია. ცნობისთვის, ეს არის დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და სახელგანთქმული სასწავლებელი. ლენეი კეკუას იქ არასოდეს უსწავლია. ამერიკულ გაზეთებში არ გამოქვეყნებულა ნეკროლოგები (აშშ-ში ეს ჩვეულბერივი ამბავია) კეკუას საპატივცემულოდ. ლენეი არასოდეს გამოჩენილა სამედიცინო დაწესებულებებში...

რაც შეეხება ფოტოს, რომელიც ტრიუმფალურად წარმოადგინა ტელეკომპანია CBS-მა, ის ყალბი არ არის. თუმცა სურათი არა ლენეი კეკუას, არამედ 22 წლის კალიფორნიელს ეკუთვნის, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. "დიახ, ეს ჩემი ფოტოა, - განუცხადა მან Deadspin-ის ჟურნალისტს. - მაგრამ, როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ. არასოდეს მქონია ლეიკემია და არ მისწავლია სტენფორდში. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვინ არის მანტი ტე'ო".

კალიფორნიელი ქალის ფოტოები "ტვიტერში" მიკრობლოგ @lovalovaloveYOU-ში გადაიტანეს. აღნიშნულმა მიკრობლოგმა, მოგვიანებით, ორჯერ შეიცვალა სახელი – ჯერ @LennayKay გახდა (2012 წლის აპრილიდან სექტემბერამდე), შემდეგ @LoveMSMK (სექტემბრიდან). საინტერესოა, რომ დეკემბერში @LoveMSMK განახლდა - და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყო, იქ "ლენეი კეკუას" ახალი ფოტოები გაჩნდა.

თუ როგორ მოხდა ეს, ამაზე ჟურნალისტებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა გოგონამ, რომლის ფოტოები "მოიპარეს". ამით, მან, სავარაუდოდ, ამხილა ბოროტმოქმედი, რომელმაც გადაწყვიტა ცინიკურად ეთამაშა ახალგაზრდა ფეხბურთელის გრძნობებზე.

"Facebook-ზე მომწერა თანაკლასელმა და მითხრა, რომ ჩემი ფოტოები მოეწონა მის ძმას, რომელიც სერიოზულ საავტომობილო ავარიაში მოხვდა, - აცხადებს ქალი. - მან მითხრა, რომ მისი ძმა ცუდად გრძნობს თავს და მას მხარდაჭერა სჭირდება. მთხოვა, რომ ფოტოები MSMK-ის მიკრობლოგში განმეთავსებინა. მან არ ამიხსნა, თუ რა აბრევიატურა იყო ეს. დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს. მე მათ თხოვნას დავყევი. რა ჰქვია თანაკლასელს? რონაია ტუიასოსოპო".


ტუიასოსოპო "საფეხბურთო" ოჯახიდანაა და რაც მთავარია, ტე’ოს კარგად იცნობს (რაც არ არის გასაკვირი, რადგან ისინი არა მხოლოდ კოლეგები არიან, არამედ ერთი კუთხიდან მოდიან). ამერიკული პრესის ცნობით, თამაში - ვირტუალური ლამაზმანი მისი საყვარელი გასართობია.

გამორიცხული არ არის, რომ ტუიასოსოპოს, თუ ის, რა თქმა უნდა, ამ სიყალბის ორგანიზატორია, თანამონაწილე ქალი ჰყავდა: განვითარებული ტექნიკის მიუხედავად, მას გაუჭირდებოდა ქალის ხმის იმიტაცია. თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია ყველაფრის ტუიასოსოპოზე გადაბრალება. საკმაოდ არიან იმ ვერსიის მიმდევრები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ყველაფერი ტე’ომ მოიფიქრა. ისინი უამრავ არგუმენტს ასახელებენ. დაწყებული "არ შეიძლება ასეთი იდიოტი იყო" და დამთავრებული "ეს ყველაფერი პიარ-აქციაა".

* * *
"ნოტრ-დამმა" ტე’ოს დაცვა დაიწყო. ამ კამპანიას სათავეში ჩაუდგა კლუბის დირექტორი ჯეკ სვეარბრიკი. "ეს კარგად დაგეგმილი მისტიფიკაციაა, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. - ის, რაც მოხდა, ნამდვილი ტრაგედიაა. მანტიმ იცრუა? არა. მე მასში დარწმუნებული ვარ. მისდამი ჩემი ნდობა იოტისოდენადაც არ შეცვლილა. მისი ტკივილი აბსოლუტურად რეალურია. და სიყვარულიც რეალური იყო. ეს გახლდათ სასტიკი თამაში".

"და მინდა დაგარწმუნოთ, რომ "ლენეი კეკუასთან" მანტი მხოლოდ ვირტუალურად და ტელეფონით ურთიერთობდა", - დაამატა დირექტორმა.

მოგვიანებით, სვეარბრიკმა სენსაციური დეტალებიც გამოამზეურა: "6 დეკემბერს, ორლანდოში პრიზების გადაცემის ცერემონიაზე, მანტის გოგონამ დაურეკა და უთხრა, რომ ლენეი კეკუაა და ის ცოცხალი და ჯანმრთელია. თუმცა ამის შესახებ ფეხბურთელმა მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გაამხილა. ჩვენ დავუკავშირდით კერძო დეტექტიურ სააგენტოს. გამომძიებლებმა იპოვნეს დამნაშავეთა ონლაინ-ლაყბობა. და მანტი არ ყოფილა მათი ერთადერთი სამიზნე".

"არასოდეს შემხვედრია მანტიზე პატიოსანი ადამიანი", - ასეთი გულისამაჩუყებელი სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა "ნოტრ-დამის" შეფმა.

ასეა თუ ისე, გამოძიება გრძელდება, დღეს კი ამერიკულ სპორტულ სამყაროში ეს არის ყველაზე განხილვადი თემა, რომელმაც ლენს არმსტრონგისა და ოპრა უინფრის სატელევიზიო შოუს ეთერში გასვლაც კი დაჩრდილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Time Line: აბა, რუკაზე ვინ მიპოვის რუსეთს?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული