სპორტიდან მოსული ადამიანი ამ სფეროს მიმართ რომ ყურადღებას გაზრდიდა, არავის გაჰკვირვებია.
წინასაახალწლოდ რაიონის წარმატებულ სპორტსმენთა, სხვა რაიონებთან შედარებით, გაცილებით მეტი თანხით წახალისება ამის პირველი მაგალითი იყო.
ვივარაუდეთ, რომ იაძეს სამომავლოდ, როგორც ადგილობრივი, ისე, საზოგადოდ, ქართული სპორტის გულშემატკივართათვის არაერთი საინტერესო პროექტიც ექნებოდა ჩაფიქრებული.
აღმოჩნდა, რომ ასეცაა. უფრო დაწვრილებით კი ინტერვიუში წაიკითხავთ.
- წინასაახალწლოდ, ხელოვნების მუშაკებთან ერთად, ჩვენი რაიონის წარმატებულ სპორტსმენებს და მწვრთნელებს გავუწიეთ ფინანსური დახმარება.
არ
სამწუხაროდ, ისინი მრავალი წლის განმავლობაში არავის გახსენებია; არადა, ყოველი ათიდან 6-7 ჯანმრთელობაშერყეული ანებებს სპორტს თავს. ამასთან, ვეტერანების დაფასებით მინდა ახალგაზრდებმა დაინახონ, რომ ქვეყანა მათ ყოველთვის სცემს პატივს. წლეულს სულ 42 ადამიანი დავაჯილდოვეთ. მერწმუნეთ, რომ გაისად ამ რიცხვს 150-მდე გავზრდით.
- კასპის მთავარი სპორტული წარმატებები მუდამ საჭიდაო სახეობებზე მოდიოდა. კმაყოფილი ხართ მათი ამჟამინდელი მუშაობით?
- ვერ ვიქნები კმაყოფილი, რადგან კასპს გაცილებით მეტი შეუძლია. სამაგალითოდ მიმაჩნია ის მუშაობა, რაც აგრეთვე დიდი ჩავარდნის შემდეგ გორის სკოლაში გია და ანზორ თენაძეებმა გასწიეს და ახლა როგორი ნაყოფიერი მუშაობაცაა იქ გაჩაღებული, ქვეყანამ იცის. ასეთივე ჩავარდნა გვაქვს ამჟამად კასპშიც, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
- სხვა სახეობების განვითარება არ იქნება პრიორიტეტული?
- მეგობრებთან იუმორით მითქვამს ხოლმე, მიუხედავად ჭიდაობის დიდი სიყვარულისა, სულაც არ მინდა, კასპში მხოლოდ "ყურებდასრესილ" მოჭიდავეებს ვხედავდე-მეთქი.
მნიშვნელოვანია ჩვენთვის მძლეოსნობის, ფეხბურთის, კალათბურთის განვითარება. თუ რომელიმე ისეთ სახეობაში გამოჩნდა რაიონში პერსპექტიული ბავშვი, სადაც მწვრთნელი არ გვყავს ან შესაბამისი სპორტული სექცია არ არსებობს, ხელი უნდა შევუწყოთ მის დედაქალაქში მივლინებას. არც ერთი ტალანტი არ უნდა დაიკარგოს.
- კასპის სპეციალიზებული საფეხბურთო სკოლისთვის დღემდე ვერ გადაწყდა იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება. ამის გამო სხვა კლუბებში ფეხბურთელთა გადასვლისას სკოლას შემოსავალი ერთი თეთრიც არ რჩება.
- კასპის საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობს გამოცდილი და შესანიშნავი სპეციალისტი, ბატონი ავთო ჯალალი. ნებისმიერ საკითხში, რაც საჭიროა ფეხბურთის განვითარებისათვის, მე მას ყოველმხრივ გვერდში დავუდგები.
- გამართული მუშაობისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა საჭირო. დაგვეთანხმებით, რომ კასპის სპორტული ობიექტების მდგომარეობა დღესდღეობით სავალალოა.
- რასაკვირველია, მდგომარეობა ცუდადაა, მაგრამ წლეულს ორ მილიონ ლარამდე გვაქვს გამოყოფილი ამ ობიექტების მოსაწესრიგებლად. გავარემონტებთ საფეხბურთო სტადიონს, ჭიდაობის, კალათბურთის დარბაზებს.
მოეწყობა კვების ბლოკიც. ეს ობიექტები კასპში ერთადაა თავმოყრილი და კეთილმოწყობის შემდეგ საკმაოდ თანამედროვე და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ თვალსაჩინო სპორტულ კომპლექსს მივიღებთ. აუცილებლად გაიზრდება მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურება, იქნება მუხლჩაუხრელი მუშაობა მთელი დღის განმავლობაში.
- ნებისმიერი რაიონული ცენტრისთვის სპორტული ნაკადის თავწყარო სოფელია...
- გეთანხმებით და მათთვის გვინდა, სოფლებში არსებული დარბაზები თუ მოედნები კეთილმოვაწყოთ. გარდა ამისა, ორ მიკროავტობუსს გამოვყოფთ სპეციალურად ბავშვების რაიონულ ცენტრში სავარჯიშოდ ჩამოსაყვანად.
ერთი იმოძრავებს მტკვრის მარცხენა, მეორე მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში. ამით მოგვარდება სოფლის სპორტსმენებისთვის აქამდე არსებული პრობლემა. საერთოდ, მინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში.
- კასპში ტარდება რეგიონული ტურნირები, მაგრამ უფრო მასშტაბური შეჯიბრების ორგანიზებასაც ხომ არ გეგმავთ?
- მოგეხსენებათ, რომ ევროპის სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარ და მაქვს კარგი ურთიერთობა ამ სახეობის ხელმძღვანელებთან ევროპასა და მსოფლიოში.
ვაპირებ, წლეულს კასპის სტადიონზე ჩავატარო საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და ევროპის, ან მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებებთან.
მსოფლიოს ნაკრების მეტოქეობის შემთხვევაში გავითვალისწინებთ მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებს, ევროპის ნაკრებთან შეხვედრის შემთხვევაში კი ნაკრებს მაისში გასამართი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულებით დავაკომპლექტებთ.
ვგეგმავ, ამ შეჯიბრებაზე სტუმრად მოვიწვიო მსოფლიოს სამბოს ფედერაციის თავკაცები და 10-ზე მეტი ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტი. ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებაში საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" თანადგომის იმედი მაქვს.
- დაბოლოს, თქვენ ორი თვის წინათ განაცხადეთ, რომ საქართველოს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე აპირებდით კენჭისყრას...
- მოხდა ისე, რომ ჩემგან შვილივით გაზრდილმა რამდენიმე ახალგაზრდა სპორტსმენმა თავად გადაწყვიტა ამ პოსტისთვის ბრძოლა.
სამწუხაროდ, ისინი შემცდარნი არიან, მაგრამ არ მინდა მათ ვეპაექრო, დავუთმობ ასპარეზს. დაე, მომავალში მიხვდნენ ჩვენს ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებს! ამიერიდან უფრო დიდ დროს შევალევ კასპში სპორტის განვითარებას, თუმცა სამბოსთვის ლამის მთელი განვლილი ცხოვრება მაქვს შეწირული და მის გარეშე არც ახლა შემიძლია.
ამიტომ, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად მიხილავთ და შეძლებისდაგვარად ისევ დავეხმარები ამ სახეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოლეგ იაძემ შიდა ქართლში სპორტსმენებზე ყველაზე დიდი პრემიები გასცა
ლადო ვარძელაშვილი ოლეგ იაძეს დუელში იწვევს
ოლეგ იაძე: სადაც გადავაწყდები ლადო ვარძელაშვილს, კაცურად გავუსწორდები [VIDEO]