მამუკა ხაბარელი: "დავიწყებ იმით, რომ ბაკურიანი ერთ-ერთი უნიკალური ადგილია საქართველოში არა მარტო ზამთრის სპორტის, არამედ სამთო ტურიზმის განვითარებისთვისაც.
ბოლო წლებში სპორტის ინფრასტრუქტურას ყურადღება არ ექცეოდა, სამთო-სათხილამურო სპორტი კი უფრო ტურიზმის კუთხით ვითარდებოდა.
არ დაგიმალავთ, როცა მითხრეს, ბაკურიანში ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომაში შეჯიბრება ტარდებაო, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რადგან ზამთრის სახეობებს ვკურირებ. მაშინვე ჩამოვედი.
მომიყვნენ, როგორი ენთუზიაზმით, ცარიელი ხელებით დაუწყიათ თითქმის თავიდან ყველაფერი და დღეს ეს
გახარებული ვარ იმ ადამიანებით, რომლებიც ამ საქმეს დიდი მონდომებით და სიყვარულით უდგებიან.
ვხედავთ, რომ ხტომამ წამოიწია. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ გვყავს ლეგენდარული კობა წაქაძე, გვყავს მიშა გავვა.
დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კობა დაინტერესებულია იმ სახეობის აღორძინებით და განვითარებით, რომელსაც ათეულობით წლები შეალია და სამომავლო აღმშენებლობაში მონაწილეობასაც მიიღებს.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და ჩვენი დიდი დახმარებით, სულ მალე ჩვენი სპორტსმენები გასცდებიან საზღვარს და ამისთვის ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით.
სოჭის 2014 წლის ოლიმპიადისათვის უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ისევ და ისევ მთავრობის დიდი ხელშეწყობით გვექნება იმის პოტენციალი, რომ მომდევნო თეთრ ოლიმპიადაზე მონაწილეობა რეალობად იქცეს.
ჩვენ ხელს შევუწყობთ და მოვიზიდავთ ბავშვებს შესაბამისი სტანდარტებით და აუცილებლად გვექნება წინსვლა. ხტომა რისკიანია, ქართველები კი რისკიანები ვართ. ადრე დიდი წარმატებები გვქონდა და ეს უკვე გენშია...
პირველ რიგში, შესაქმნელია ტრამპლინების ახალი ინფრასტრუქტურა. მე ვთხოვე შესაბამის უწყებებს, წარმოადგინონ სამომავლო განვითარების გეგმა, რომ სახელმწიფომ მონაწილეობა მიიღოს მის განხორციელებაში. სამომავლოდ შევეცდებით, აღდგეს 40 და 70-მეტრიანი ტრამპლინები საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
სპორტსკოლასთან დაკავშირებით ვთხოვე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით კამკამიძეს, გაითვალისწინოს მწვრთნელების მოთხოვნა, რომ ბაკურიანში სპორტულმა სკოლამ კვლავ დაიდოს ბინა, შეიქმნას კომფორტული პირობები მომავალ სპორტსმენთა აღზრდისთვის. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს საკითხი მოგვარდება.
ვიმეორებ, ბაკურიანის სამომავლო განვითარებით დაინტერესებული ვარ. კარგია ტურიზმი, რაც ქვეყნისთვის შემოსავლის წყაროცაა.
მაგრამ, როცა სპორტის ინფრასტრუქტურა განვითარდება, გაიმართება დიდი შეჯიბრებები, ამას სპორტული ტურიზმის აღმავლობაც მოჰყვება. ნორჩ მოხტუნავეებს რომ ვუყურებ, განწყობა ამიმაღლდა.
რაც შეეხება ციგებს. ყველას კარგად გვახსოვს ვანკუვერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც მთელი სპორტული სამყარო შეძრა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ბაკურიანში გაკეთებულიყო ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა. ხარჯებში თანამონაწილეობა უნდა მიეღო ქართულ მხარეს.
ჩამოვიდნენ სპეციალისტები ბაკურიანში, ნახეს ადგილი პარკში, გაკეთდა დაგეგმარება, პროექტი. ერთი სიტყვით, ბევრი სამუშაო შესრულდა, მაგრამ საძირკველი არ ჩაყრილა.
მზა პროექტი შეჩერდა. ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა. გვქონდა საუბარი საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციასთან.
პარკში, ფელიქს ქუმარიტაშვილთან ერთად, რომელიც საციგაო სპორტის ფედერაციას წარმოადგენს საქართველოში, ის ადგილი უკვე მოვინახულეთ და მოვინიშნეთ. ფელიქსს კარგი ურთიერთობები აქვს უცხოეთში ფედერაციებთან და ამ საკითხში აქტიურად მონაწილეობს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელსაც ვესაუბრე. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქმე მალე დაიძრას (ეს ყველაფერი მარტივი არაა) და ბაკურიანის პარკში 420 მეტრი სიგრძის საციგაო ტრასა აშენდეს. დამწყები მოციგავეებისთვის ეს სავსებით მისაღებია".
დავით კამკამიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი: "ზამთრის სახეობები ძვირად ღირებული და ამავე დროს, საინტერესო სპორტია და სპეციალიზებული სპორტული სკოლა უნდა იყოს იქ, სადაც მისი სწავლება და განვითარება ხდება. ჩვენგან არის მხარდაჭერა.
შესაბამის განყოფილებას უკვე დავავალე დოკუმენტების მომზადება ბორჯომის სასპორტო სკოლიდან ზამთრის სახეობების გამოყოფისა და ბაკურიანში სპორტული სკოლის გახსნის შესახებ.
გაზაფხულისთვის ეს საკითხი მოგვარდება. ცხადია, გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტი. ბაკურიანი კვლავ გახდება ზამთრის სპორტის საყრდენი და ამაში ბორჯომის მუნიციპალიტეტი თავის წვლილს შეიტანს".
სოფიკო ხეთაგაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"