ცხადია, იგი პირდაპირ სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდება, მაგრამ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა სათადარიგოთა სკამიდან ნამდვილად შეუძლია. სეზონის დასაწყისში, როცა სამწლიან კონტრაქტს აფორმებდა, ბექას "კახასოლის" მწვრთნელმა უთხრა, რომ სჭირდებოდა და თამაშის საშუალებასაც მისცემდა.
ეს გუნდი, ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გარდა, ევროთასზე ასპარეზობს. ჰოდა, ასეთ დონეზე თამაში ბურჯანაძისთვის მეტად სასარგებლო იქნებოდა.
მწვრთნელი, აიტო გარსია რენესესი სეზონის დასაწყისიდან ბექას რეგულარულად ათამაშებდა, მეტად დაძაბულ შეხვედრებშიც კი 3-5 წუთს უთმობდა.
შესაბამისად, 18 წლის
ესპანურ გამოცემებში ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზეა გამახვილებული: ბურჯანაძემ სამი სამქულიანი სტყორცნა და სამივე მიზანში მოარტყა.
გარდა ამისა, მის ანგარიშზე 1 ორქულიანი იყო (სამიდან). ახალგაზრდა ქართველმა 11 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი მიამატა. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს იყო ბექას რეკორდ-მატჩი "კახასოლის" მაისურით.
ამდენი მას ოფიციალურ შეხვედრებში არც უთამაშია და არც ჩაუგდია.
გამოცდილი ჟურნალისტის სიტყვებია - სტატიის წერისას ჯერ მატჩის შედეგი უნდა დაფიქსირდეს და მოთამაშეზე მერე დაიწეროსო.
მართალიცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დავუშვათ, რადგან გუნდის შედეგზე მნიშვნელოვანი ქართველის მონაგარი იყო. შეიძლება გაიკვირვოთ, როგორ შეიძლება რამე შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი იყოსო...
გიპასუხებთ: სევილიის "კახასოლმა" ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე დაძაბულ ბრძოლებში საწყისი ოთხი შეხვედრა წააგო, რითაც პლეი ოფისკენ მიმავალი გზა მოეჭრა.
შესაბამისად, პოლონურ "ზელონა გორასთან" შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა. იყო ეპიზოდი, როცა სევილიელები 15 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე 81:85 დათმეს.
- ეს მატჩი დაგვეხმარა კალათბურთის შესწავლაში, - ასეთი კომენტარი გააკეთა "კახასოლის" თავკაცმა აიტო გარსია რენესესმა.
13 თებერვალს სევილიაში დავუკავშირდით ბექა ბურჯანაძეს, რომელმაც გუნდის ირგვლივ არაერთ საინტერესო საკითხზე ილაპარაკა.
ინტერვიუ სამი სამქულიანით დავიწყეთ:
- პირველი სამქულიანი მეორე პერიოდის ბოლოს ჩავაგდე. მთლად სატყორცნ პოზიციაზე არ ვიყავი, თუმცა შეტევისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა და უნდა მესროლა.
მეორე და მესამე სამქულიანები ერთმანეთის მიყოლებით გამოვიყენე, მაშინ, როცა თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა.
- ნამატჩევს მწვრთნელისგან კომპლიმენტი ხომ არ დაგიმსახურებია?
- სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მატჩის შემდეგ მწვრთნელს ჩვენთან არ ულაპარაკია. დარწმუნებული ვარ, კომპლიმენტს არ დავიმსახურებდი, რადგან შეხვედრა წავაგეთ. ჩემს თამაშზე შესაძლოა, მწვრთნელმა შენიშვნები მომცეს, შექებას კი არც ველოდები და არც მინდა, ბევრს არაფერს ნიშნავს.
- პოლონელებთან წაგება, უმთავრესად, რამ განაპირობა?
- კონკრეტული მიზეზის დასახელება ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან გაგვიჭირდა მოწინააღმდეგე გამთამაშებლის, ვალტერ ჰოჯის შეჩერება, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო.
- იგი საქართველოშიცაა ნამყოფი - ორიოდე წლის წინათ "სოხუმი" "მინსკს" რომ ეთამაშა, სწორედ ბელორუსელთა შემადგენლობაში თამაშობდა ჰოჯი.
- პოლონურ გუნდში საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ქუინტონ ჰოსლიც ირიცხება. იგი სევილიაშიც იყო, მოითელა კიდეც, მაგრამ არ უთამაშია - ალბათ, ტრავმა აქვს.
- ევროთასზე "კახასოლის" გამოსვლა როგორ შეიძლება შეფასდეს?
- პირველ ჯგუფურ ეტაპზე ყველაფერი ბოლო წამს გადაწყდა. ფრანგულ "ორლეანს" ორივე მატჩი მოვუგეთ. მეექვსე ტურის გადამწყვეტ შეხვედრას სერბეთში "ცრვენა ზვეზდას" წინააღმდეგ ვატარებდით. მატჩის მსვლელობისას შევიტყვეთ, რომ ჩვენი უშუალო კონკურენტი, იტალიური "დინამო სასარი" შინ "ორლეანთან" დამარცხდა.
"ზვეზდას" ძლევის შემთხვევაში მეორე ეტაპზე გავდიოდით. ვიბრძოლეთ და მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. არადა, სერბებთან შინ გვქონდა წაგებული.
- მეორე ეტაპზე ხუთივე მატჩში დამარცხდით...
- ახალგაზრდული გუნდი გვყავს, თუმცა არავის არაფერს ვუთმობდით და დიდი სხვაობით ერთხელაც არ დავმარცხებულვართ.
- ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ტურებში დაკარგულ ქულებს ახლა ინაზღაურებთ.
- საქმე ისაა, რომ სეზონის წინ "კახასოლი" გადახალისდა. მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელსაც წინა სპეციალისტთან შედარებით სხვაგვარი მიდგომა აქვს.
მაგალითად, შარშანდელი დამრიგებელი ხოან პლაზა თამაშებისას ძალიან ნერვიულობდა, ლამის მოედანზე შემოვარდნილიყო, დაცვაზე დიდ ყურადღებას ამახვილებდა.
"კახასოლის" ამჟამინდელი მწვრთნელი მატჩებისას შედარებით მშვიდია, აქცენტს სწორ თამაშზე, კალათბურთელთა პროგრესზე აკეთებს. სხვათა შორის, მეც ბევრი ვისწავლე. ახალი მწვრთნელის ახალ სტრატეგიასთან მორგებას დრო დასჭირდა. სწორედ ამიტომ ვერ ავაწყეთ თამაში სეზონის დასაწყისში. შემდეგ კი რამდენიმე ღირებული შეხვედრა მოვიგეთ.
- მათ შორის - "უნიკახასთან", მალაგაში.
- ეს ისტორიული გამარჯვება იყო. მალაგაში "კახასოლს" 18 წელი არ ჰქონდა მოგებული. ბოლო წუთებზე 5-6-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ და შევინარჩუნეთ კიდეც.
- ესპანეთის ჩემპიონატში საპლეიოფო ზონასთან ოთხი მოგება გაშორებთ. რამდენად რეალურია მეოთხედფინალზე ფიქრი?
- მართალია, მაისამდე დიდი დროა, მაგრამ პლეი ოფში მოხვედრა მაინც რთული იქნება. თუმცა შანსი არსებობს.
- "კახასოლში" ორი ჩეხია. მათ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვეთამაშებით.
- სატორანსკიცა და ბალვინიც ნაკრების წევრები არიან. მეორესთან უფრო ახლოს ვარ. მეგობარს დავარქმევდი - დიდი ხანია, ბალვინის გვერდით ვთამაშობ. მათგან ვიცი, რომ ჩეხებს კარგი გუნდი ჰყავთ. ასე რომ, საინტერესო ბრძოლა იქნება.
- საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელისგან მიწვევა ხომ არ მიგიღია?
- არავის დაურეკავს. ეროვნულ გუნდში მოხვედრაზე ბევრი კალათბურთელი ფიქრობს და არც მე ვარ გამონაკლისი.
- "კახასოლში" რომელ პოზიციაზე თამაშობ? "ბარსელონასთან" შეხვედრა ვნახე, მსუბუქი ფორვარდის ფუნქციებს ასრულებდი.
- ამ ამპლუაში თამაში იშვიათად მიწევს, შეხვედრათა 90 პროცენტი მძიმე ფორვარდად მაქვს ნათამაშები.
- ფიზიკურად ძლიერ მეოთხე ნომრებთან "ჭიდაობა" იოლი არ იქნება.
- ძალისმიერი ორთაბრძოლებისას არაფერი მიჭირს. ამ მხრივ, პრობლემა არ მაქვს. ერთადერთი, სიმაღლის გამო ვგრძნობ ხოლმე დისკომფორტს, რადგან ჩემზე მაღალი არაერთი მძიმე ფორვარდია.
თუმცა ყველაფერს მხოლოდ სიმაღლე და ძალა როდი წყვეტს - როცა გაქვს სურვილი და მონდომება, რომ ამა თუ იმ მეტოქეს ბურთი არ მოახსნევინო, თამაშიც ურიგოდ არ გამოგდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"