TimeLine: ჩემპიონთა ლიგა და აკუმულატორი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგამ ზამთრის ძილისგან გამოიღვიძა. გურმანების ენაზე რომ ვთქვათ, ოთხშაბათს დავაგემოვნეთ კახურ ხაშლამასავით გემრიელი მატჩი - "რეალი"-"მანჩესტერი", რომლის შემდეგაც ორივე გუნდის ქომაგს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩებოდა.

ვითომ, მარილი დააკლდა? არა - ცოტა იყო! ჰოდა, მოვითმინოთ 5 მარტამდე. ამ დღეს, განმეორებით შეხვედრაში "მანჩესტერი" "რეალს" უმასპინძლებს.

მადრიდულ-მანჩესტერული დაპირისპირება ყოველთვის მარილიანია. მსოფლიოს კლასიკადაა ქცეული 2000 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩი.

პირველი ორთაბრძოლის პერიპეტიები ნამდვილად აღარ მახსოვს (ალბათ იმიტომ, რომ 0:0 დასრულდა), მეორე შეხვედრაში კი ინგლისში მადრიდელებმა 3:2 გაიმარჯვეს.

ახლაც თვალწინ მიდგას რეალელი ფერნანდო რედონდოს
"ქუსლური".

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი 2:3 (1999-2000)


ასაკოვნებს უყვართ ასე გახსენება: მაშინ სულ სხვა დრო იყო, "რეალიც" რეალობდა, უფრო შემტევი, სანახაობრივი იყო, მორიენტესი-რაულის დუეტის ხილვა ერთ რამედ ღირდა.

ფეხბურთის მოყვარულთა იმ კატეგორიას განვეკუთვნები, გუნდებს არა სახელის, არამედ სათამაშო სტილის მიხედვით რომ აფასებენ. აქედან გამომდინარე, ახლა "ბარსელონა" უფრო მომწონს.

შარშან, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრების შემდეგ რედაქციაში ვთქვი: თუ ფინალში "ჩელსი" და "ბაიერნი" გავლენ, არ ვუყურებ-მეთქი. არადა, მაშინ პირველ შეხვედრებში "ჩელსის" "ბარსელონა" ჰყავდა დამარცხებული (1:0), "ბაიერნს" - "რეალი" (2:1).

გერმანელებისა და ბრიტანელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვერც "ბარსა" აღმოფხვრიდა 0:1-ს და ვერც "რეალი" - 1:2-ს.

საბოლოოდ ასეც მოხდა და სიტყვა შევასრულე: ჩემპიონთა ლიგის ფინალისას ვიჯექი კომპიუტერთან ყურებჩამოყრილი და ბოლოსღა შევიტყვე, რომ საინტერესო ორთაბრძოლაში ლურჯებმა იმარჯვეს. ბევრი დავკარგე.

შეიძლება ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვება, მაგრამ ჩემთვის იოლი არ იყო. თავად განსაჯეთ: 1993 წლის შემდეგ ერთი ფინალიც არ გამომიტოვებია.

ახლაც თვალწინ მიდგას "მარსელი"-"მილანის" შეხვედრაში (1993 წელს) ბაზილ ბოლის გოლი. განსაკუთრებით კი მარსელის თეთრ-ცისფერ მაისურში გამოწყობილი რუდი ფიოლერი მახსენდება.

VideoSportall.Ge
მარსელი - მილანი 1:0 (1993 წელი)

სხვათა შორის, ფიოლერისა და კლინსმანის ხათრით გერმანიასაც ვქომაგობდი, მაგრამ...

ერთი ახლო მეგობარი მყავს, გერმანიის ისეთი გულშემატკივარია, მასთან კამათისას ყოველთვის მტყუანი გამოვდივარ. სწორედ ის ქომაგობდა 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიას".

ოთახში ათამდე გულშემატკივარი ვიყავით და ერთის გარდა, ყველა ტურინის "იუვენტუსის" მოგებაში ვიყავით დარწმუნებულნი.

დელ პიეროს კინკილა, მაგრამ ეფექტური გოლი რიკენის ერთმა და რიდლეს დუბლმა გადაფარა და "ბორუსიამ" "იუვეს" ჩემპიონთა თასი ცხვირწინ აწაპნა - 3:1.

VideoSportall.Ge
ბორუსია - იუვენტუსი 3:1 (1997-1998)

მატჩის შემდეგ ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. დანარჩენების დასამშვიდებლად ბრაზილიის თავგადაკლულმა, 45-50 წლის ქომაგმა (იმ დღეს "იუვეს" მხარეს იყო) თქვა: არა უშავს, ნეხვი შეიძლება ათ წელიწადში ერთხელ აყვავდესო. თანატოლი პროფესორისგან პასუხად მიიღო: რამდენიმე ათეული წელია გიცნობ და ერთხელაც არ აყვავებულხარო...

ალბათ გასაგებია, 90-იან წლებში მეგობარ-მეზობლები რატომ იკრიბებოდნენ - სინათლე ან არ იყო, ან შუა მატჩისას ქრებოდა. ჰოდა, იქ მივდიოდით, სადაც ტელევიზორი აკუმულატორზე ირთვებოდა.

მეც მქონდა ასეთი შავ-თეთრი ყუთი, ვგონებ, "ელექტრონიკა" ეწერა. ვინ მოთვლის, მის შიშხინში რამდენი მატჩი გვაქვს ნანახი.

მაგალითად - 1999 წლის ლიგის ფინალი, "მანჩესტერმა" "ბაიერნს" მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე შერინგემისა და სოლსკიაერის გოლების წყალობით 2:1 რომ სძლია.

VideoSportall.Ge
მანჩესტერ იუნაიტედი - ბაიერნი 2:1 (1999)

ესეც კლასიკაში ჩაეწერა, ოღონდ მაშინ ემოცია სათანადოდ ვერ გამოვხატე, რადგან გერმანიის კიდევ ერთ ქომაგთან ერთად ვუყურებდი და ვერ წარმოიდგენთ, როგორ განიცადა.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "ბაიერნმა" მაშინ მთელი შეხვედრა სტაბილურად ჩაატარა და მის გამარჯვებაში ეჭვი, ალბათ, აღარც მანჩესტერელებს ეპარებოდათ... შერინგემისა და სოლსკიაერის გარდა.

სხვათა შორის, იმავე წელს ჩემს "ელექტრონიკას" ანტენიდან წამოსული ნაპერწკლის გამო ცეცხლი გაუჩნდა და "ბაიერნის" საჩემპიონო იმედივით ჩაიფერფლა.

კიდევ ერთი: სწორედ 1998-99 წლების სეზონში ქართველები ყველაზე ახლოს ვიყავით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან, მაგრამ თბილისში 2:1 (გოლები: ხომერიკი, ცქიტიშვილი) მოგების შემდეგ "დინამომ" ბასკეთში "ატლეტიკთან" 0:1 დათმო და მას მერე ლიგის ჯგუფს ასე ვეღარ მივუახლოვდით.

...თუმცა ქართველებისთვის ეს შეჯიბრება უცხო არ იყო. კახა კალაძემ სულაც ორჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი - 2003 და 2007 წლებში ("მილანის" მაისურით). მესამედაც უნდა მოეგო, მაგრამ შუქი ჩაქრა...

ახლავე გაგარკვევთ: 2005 წელს "მილანმა" გზიდან ჯერ "ინტერი" ჩამოიცილა, შემდეგ "ეინდჰოვენი" და ფინალში "ლივერპულს" შეხვდა.

იტალიელებმა პირველი ტაიმი შთამბეჭდავად ჩაატარეს, მალდინისა და კრესპოს (2) გოლებით 3:0 დაწინაურდნენ. მსაჯმა შესვენება გამოაცხადა თუ არა, სინათლე ჩაქრა.

დიდხანს ველოდე, სიბნელეში ისტორია გადავქექე, ვთქვი, "ანდერლეხტმა" შესაძლოა 3:0 დაწინაურების შემდეგ "ვერდერთან" 3:5 წააგოს, მაგრამ "მილანი" ასეთ უპირატესობას როგორ გაანიავებს-მეთქი და დასაძინებლად დავწექი.

მეორე დილას გაზეთის პირველ გვერდზე ჩემპიონთა თასით "ლივერპულის" ფეხბურთელები იწონებდნენ თავს.

თურმე, ბრიტანელებს "შუქის ჩაქრობით უსარგებლიათ" და მეორე ტაიმში 3 გოლი გაუტანიათ, ხოლო პენალტების სერიაში "მილანი" 3:2 დაამარცხეს.

VideoSportall.Ge
მილანი - ლივერპული 3:3 (2005)

სპორტულ თემას გადავუხვევ: გერმანიიდან საქართველოში სტუმრად ბავშვი ჩამოიყვანეს. იგი იმდენად მიეჩვია უწინდელ ქართულ ყოფას, რომ გერმანიაში დაბრუნების შემდეგ ონკანში წყალი რომ დაინახა, გახარებულმა დაიძახა - დედა სწრაფად, ჭურჭელი წყლით ავავსოთ, თორემ დაწყდებაო...

ვფიქრობ და ძალიან მაინტერესებს, რას დაწერდა გერმანელი ჟურნალისტი ჩემს ადგილას? ვერც შიშხინა ტელევიზორს ახსენებდა, ვერც აკუმულატორს, მაგრამ გგონიათ მის სტატიას მარილი დააკლდებოდა?

არა, ბატონო - გაიხსენებდა, ათენის ოლიმპიურ სტადიონზე 1994 წელს როგორი ემოციებით უყურა ჩემპიონთა ლიგის ფინალს "მილანსა" და "ბარსელონას" შორის (4:0), შოტლანდიელთა გარემოცვაში პრესლოჟიდან როგორ ნახა 2000 წლის ფინალში ზიდანის გოლი-შედევრი ("რეალი"-"ლევერკუზენი" 2:1) და ა.შ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აი სტატია, ყოჩაღ.. კარგია ასე გააგრძელე .. სასიამოვნო სტატიების ნაკლებობაა დღეს საქართველოში
datuna
11:30 16-02-2013
0
ჯიგარიხარ!
tato
00:46 16-02-2013
0

სიახლეები პოპულარული