თეა კეჩხუაშვილი: პრობლემები უნდა დავძლიოთ

AutoSharing Option
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელად ყოფილი სპორტსმენი თეა კეჩხუაშვილი დაინიშნა.

თეა დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა კალათბურთს სხვადასხვა ქართულ კლუბში, სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში, არის ფიზაღზრდის მენეჯერი.

2010-11 წლებში მუშაობდა გორის კულტურის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. გთავაზობთ პირველ ინტერვიუს გორის სპორტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან.

- დავიწყოთ გორში თავისუფალი ჭიდაობის და სადემონსტრაციო დარბაზის, ანუ სპორტის სასახლის აშენების საკითხით.

პირველს ათეული წლებია ქალაქის ყველა ხელმძღვანელობა პირდებოდა მოჭიდავეებს, მაგრამ ჯერაც არაფერი გაკეთებულა, სადემონსტრაციო დარბაზის საჭიროება კი 90-იანი წლებიდან არსებობს, მას შემდეგ, რაც ამ ფუნქციის მატარებელი
ცირკის შენობა დაიწვა მტკვრისა და ლიახვის შესართავთან.

მის აშენებას სპორტის ყოფილი მინისტრი დაპირდა გორელებს, თუმცა დღემდე ტერიტორიაც არ გამოყოფილა...

- საჭიდაო დარბაზისთვის თანხა ქალაქის წლევანდელ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია (თუმცა საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ გორში ქარით დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსების აღსადგენად თანხების გადამისამართების გამო რამდენიმე პროექტი, მათ შორის ხსენებული დარბაზის მშენებლობაც დროებით შეჩერდება - ვ. ბ).

დღის წესრიგში დგას სადემონსტრაციო დარბაზის აშენების საკითხიც. სამწუხაროდ, წლეულს ეს ვერ მოხერხდება, თუმცა პარლამენტში ჩვენი ქალაქის დეპუტაცია ამასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს და ვფიქრობთ, რომ გაისად აუცილებლად აშენდება.

დარბაზებში, სადაც მეცადიონეობები მიმდინარეობს, ჭირს შეჯიბრებების ჩატარება. ერთი მხრივ იმიტომ, რომ სავარჯიშო პროცესს უშლის ხელს და ამასთან ტევადობითაც მცირეა.

- ბოლო ხანს განსაკუთრებით გააქტიურდა მძლეოსნობის სექციის მუშაობა, თუმცა მათ ძალიან ცუდ პირობებში უწევთ ვარჯიში.
- დიახ, ცნობილია ჩვენთვის მათი წარმატებებიც და პრობლემებიც. ვაპირებთ რეალურად დავეხმაროთ სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებაში.

- რამდენიმე წელიწადია აიგო, მაგრამ დღემდე ვერაფრით მოხერხდა ჩოგბურთის კორტების ამუშავება...
- ბევრ ქალაქში ნატრობენ ჩოგბურთის კორტებს და არა აქვთ. ჩვენ გვაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებთ, როგორც საჭიროა.

სამწუხაროდ, თავის დროზე უხარისხოდ ჩატარდა სამუშაოები. ოთხივე კორტზე წვიმის დროს გუბეები დგება. ტრიბუნებზე "დინამო არენას" გამონაცვალი სკამები დაამონტაჟეს, რომელმაც ექსპლუატაციის ვადა უკვე ამოწურა და უვარგისი გახდა.

ამიტომ სულაც მოვხსენით და შევეცდებით ახლებით შევცვალოთ. გასახდელი და საშხაპეები თაბაშირმუყაოთია(!) გაკეთებული და რასაკვირველია, უკვე ჩამოშლილია. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩოგბურთის სექცია ნაყოფიერად ამუშავდეს.

- სარემონტოა გორის საცურაო აუზიც...
- ეს თემაც ნამდვილად მტკივნეულია და მოგვარებას საჭიროებს. აუზის შიდა ფასადი არ აკმაყოფილებს ნორმალური პირობებისთვის შესაბამის მოთხოვნებს, ჩრდილოეთის კედელი კი გარედან ფაქტობრივად სულ იშლება. არადა, აუზზე პერსპექტიული პატარა სპორტსმენები ვარჯიშობენ. სხვათა შორის, წლეულს გორელი მოცურავეები საშეჯიბრებო თანხით უზრუნველვყავით, რაც წინა წლებში შეუძლებელი იყო.

- ჯერჯერობით რისი მოგვარება მოახერხეთ?
- სასპორტო სკოლაში, მისი დირექტორის კონსტანტინე ხუბულურის ინიციატივით აღდგა ფრენბურთის სექცია.

ამ სახეობას, მეტადრე ქალთა ფრენბურთს, გორში კარგი ტრადიცია ჰქონდა, მაგრამ დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებდა.

აქამდე მწვრთნელი თინა ფსუტური დამოუკიდებლად, ენთუზიაზმზე, ფაქტობრივად ქუჩაში ავარჯიშებდა გუნდს, ახლა კი სექციამ სასპორტო სკოლაში დაიდო ბინა.

მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საფეხბურთო მოედანი ჭალის დასახლებაში სავარჯიშოდ გადავეცით გორის ქალთა ფეხბურთის და ფუტსალის ფედერაციას. შევეცდებით სპორტის სხვა სახეობებსაც შესაძლებლობების მიხედვით დავეხმაროთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული