TimeLine: რატომ ურჩიეს ESPN-ის ჟურნალისტს საქართველოში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე ჩამოსვლა?

AutoSharing Option
"ტაიმლაინში" არაერთხელ შემოგვითავაზებია უცხოელი ჟურნალისტებისა თუ მწერლების მოსაზრებანი საქართველოსა და ჩვენი სპორტის შესახებ.

საინტერესოდ დაემთხვა, რომ სწორედ 11 აპრილს საშუალება მომეცა (საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთა დახმარებით) შევხვედროდი თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჯეინ მაკმანუსს. იგი ESPN-ისა და "ნიუ იორკ პოსტის" მიმომხილველია.

როგორც ყველა უცხოელი, ისიც მეტად მოხიბლული ჩანდა აქაურობით.

- საუცხოო შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. საქართველო მეტად საინტერესო ქვეყანაა. სხვა ყველაფერთან ერთად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უგემრიელესი სამზარეულო გაქვთ.

მომეწონა ხაჭაპური, ლობიო, ლობიანი, ყველიანი ხინკალი... ამ ყველაფერს განსაკუთრებულ გემოს ის მატებს, რომ
ოჯახურადაა დამზადებული და გულით მორთმეული.

- საქართველოს შესახებ ჩამოსვლის წინ რა ინფორმაციას ფლობდით?
- შევისწავლე გეოგრაფია და ისტორია, უძველესი დროიდან მოყოლებული დღევანდელით დამთავრებული. თქვენი ქვეყნის შესახებ დავეკითხე მეგობარს, რომელიც საქართველოს აქამდე სტუმრობდა.

ასევე დავეკონტაქტე ჩემს ყოფილ ქართველ სტუდენტს (კოლუმბიის უნივერსიტეტიდან). მირჩიეს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ ჩამეცვა. ალბათ მიხვდით, რატომაც... გზების გამო.

- ქართველ სპორტსმენებზე თუ დაგიწერიათ რამე?
- ქართველი მოჭადრაკე ქალები საერთაშორისო სარბიელზე ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან.

კარგი ნაკრებები გყავთ. ასევე ტანმოვარჯიშეებზე მაქვს კარგი წარმოდგენა. "დისნეის" ტურნირზე დავესწარი ახალგაზრდა ქართველ ქალ ფეხბურთელთა თამაშს.

საერთოდ, ძალიან მაინტერესებს ქალთა სპორტი. ეს არც უნდა გაგიკვირდეთ, რადგან მეც კალათბურთელი ვიყავი.

- სხვათა შორის, საქართველოში ქალი სპორტსმენების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაჟებისა.
- არ გეგონოთ, ასეთი პრეცედენტი მხოლოდ თქვენს ქვეყანაშია, ათეულობით წლის წინათ აშშ-შიც ასეთივე სიტუაცია იყო.

მაგალითად, დედაჩემის ახალგაზრდობაში ამბობდნენ, თითქოს მარათონის მორბენალი ქალი შვილს ვერ გააჩენდა...

ცხადია, ეს ასე არ არის. მას მერე ამერიკაში შესაბამისმა სტრუქტურებმა სწორი მიმართულებით განავითარეს ქალთა სპორტი, რათა ვაჟთა სპორტისთვის გაეთანაბრებინათ. დღეს უამრავი ქალი ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრებით.

- ათწლეულების განმავლობაში სპორტი საქართველოში ეროვნულობის ხაზგასმისა და საქართველოს სახელის საერთაშორისო სარბიელზე გატანის საშუალება იყო. მოკლედ თუ შეძლებთ გვითხრათ, რას ნიშნავს სპორტი ამერიკელებისთვის?
- მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის დიდი ბიზნესია. ამერიკაში სპორტი უამრავ ადამიანს აერთიანებს, აკავშირებს.

ერთ მაგალითს მოვიყვან: აშშ-ში ტელე-შოუები (პოლიტიკური, გასართობი...) მეტად პოპულარულია. სტატისტიკის მიხედვით კი, ყველაზე მეტი მაყურებელი ამერიკული ფეხბურთისადმი მიძღვნილ შოუს ჰყავს.

- აღნიშნეთ, რომ კალათბურთელი ბრძანდებოდით. ESPN-ზე აშუქებთ ჩოგბურთს, ფეხბურთს... კალათბურთზე არ წერთ. რატომ?
- შესაძლოა უკეთესიცაა, რომ სპორტის იმ სახეობაზე არ ვწერ, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვარ.

მოგეხსენებათ, ჟურნალისტი ემოციებს არ უნდა აჰყვეს, რათა ობიექტურობა შეინარჩუნოს. ზოგიერთი მატჩის ყურებისას, შესაძლოა თამაშში შეიჭრა...

თუმცა 1998 წელს ჩემი პირველი სტატია სწორედ კალათბურთს ეძღვნებოდა, კოლეჯების ლიგის მატჩზე ვიყავი და კარგად მახსოვს ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელს ვუთხარი: "ვორკაუტზე" ვარ, სწორედ ამ პირველ სტატიაზეა დამოკიდებული ჩემი მომავალი კარიერა-მეთქი.

რადგანაც მას მერე სპორტულ ჟურნალისტად ვმუშაობ, ე.ი. სადებიუტო პუბლიკაცია კარგი გამოვიდა.

- 1998 წელი ახსენეთ. მაშინ ქართველი ჟურნალისტები პუბლიკაციებს კალმით ვქმნიდით. თქვენც მოგიწიათ საწერი კალმიდან კომპიუტერის კლავიატურაზე გადასვლამ?
- არა. 1998 წელს სპეციალურ მოწყობილობაზე ვწერდი, რომლის სახელი არ მახსოვს, პეიჯერს მოგაგონებდათ, თუმცა უფრო დიდი იყო. კარგად მახსოვს, ეკრანზე მხოლოდ ხუთი სტრიქონი ჩანდა, დანარჩენს ეს მოწყობილობა მეხსიერებაში ინახავდა. 1999 წლიდან კი საკუთარ ლეპტოპზე ვმუშაობ.

- გაზეთ "ნიუ იორკ პოსტიდან" ტიმ ბონტამპსის არაერთი სტატია მაქვს წაკითხული. ალბათ, მიხვდებით, რატომაც...
- გასაგებია. ტიმი კალათბურთზე წერს, NBA-ში კი სადღეისოდ ორი ქართველი თამაშობს, ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია. ტიმი ჩემი მეგობარია, საქართველოშიც მომწერა მესიჯი.

- "ბრუკლინში" თორნიკე შენგელიას თამაშიც ნანახი გექნებათ.
- სამწუხაროდ, "ნეთსის" თამაშებზე სიარულს ვერ ვახერხებ, რადგან სპორტის სხვა სახეობები მაბარია. დასვენებებისას კი კალათბურთზე წასვლას ნამდვილად არ ვესწრაფვი, რადგან ვცდილობ, მთლიანად გამოვეთიშო სპორტს და ოჯახთან ერთად დავისვენო.

- სპორტსმენთაგან ვის მიიჩნევთ საუკეთესოდ?
- სერენა უილიამსი სამაგალითოა. ვისურვებდი, ჩემი შვილები მას დამსგავსებოდნენ მიზანსწრაფულობითა და შრომისმოყვარეობით. ვიდრე სერენა ტრავმას მიიღებდა, იგი უძლეველი იყო, არაერთი ტიტული მოიგო.

თუმცა, რადგან სპორტსმენთაგან უილიამსს გამოვარჩევ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტატიების წერისასაც მას ვქომაგობ. თუ საჭიროა, სერენასაც ვაკრიტიკებ.

- ბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდა სპორტულ ჟურნალისტებს?
- მეტ აკურატულობასა და სამართლიანობას. ჟურნალისტმა თავად უნდა შეიქმნას იმიჯი, რომლის დაცვაც სწორედ მასსა და მის ნაშრომებზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული