TimeLine: მზე ტრიალებს დედამიწის გარშემო, თუ პირიქით?

AutoSharing Option
რამდენადაც მრავალფეროვანია საქართველოს რელიეფი, იმდენად მრავალფეროვანია ხალხი. ზოგი მეტად ამაყია, ზოგი ზედმეტად სკეპტიკოსი, ზომიერებიც მოიძებნება...

ამაყი ქომაგი: ალბანეთი გნებავთ, ფინეთი თუ სხვა მსგავსი ქვეყანა, როდის მიუღწევიათ თუნდაც უეფას თასის ფინალამდე? ქართველებს თასების თასი გვაქვს მოგებული!

რომელ ალბანელს უთამაშია "მილანში"? კახა კალაძეს უთამაშია!

რას იტყოდა ამაყი ქართველი NBA-ში მოთამაშე ზაზა ფაჩულიაზე?

რას უპასუხებდა სკეპტიკოსი, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია. საქართველოს ნაკრების მორაგბეებს რუსი "დათვები" რომ ჰყავთ გამოჭერილები, ესეც ბევრისთვის ქცეულა ტრაბახის მიზეზად.

ყველა საქმეში ზომიერებაა საჭირო. იმის გამო, რომ ალბანელს "მილანში" არ
უთამაშია, შკიპერებთან ცხვირაწევით არ უნდა ვილაპარაკოთ;

რადგან ქართველებს NBA-ში ოთხი კალათბურთელი გვყავდა (ახლა ორია), ევროპის საშუალოზე დაბალ ნაკრებებს კალათბურთელის სიმაღლიდან, ზემოდან, არ უნდა გადმოვხედოთ;

არც მორაგბეთა მიერ რუსების რბევა გამოდგება მუდმივად სატრაბახოდ, რადგან ბევრი ნაკრებისთვის რუსებთან რაგბიში გამარჯვება მზესუმზირის კნატუნის ტოლფასია.

...მაგრამ 25-დან 28 აპრილის ჩათვლით იყო წუთები, როცა ცხვირაწევით ვთქვით: ევროპა ჩვენია! ძველი კონტინენტის დანარჩენ ქვეყნებს ზემოდან... კვარცხლბეკის მწვერვალიდან გადმოვხედეთ და ტრაბახით გავათანამედროვეთ ძველი ბერძენი მოგზაურების სიტყვები: "ოქრომრავალი საქართველო" (ელინების დოკუმენტებში ხშირადაა ნახსენები "ოქრომრავალი კოლხეთი").

როგორც მიხვდით, ლაპარაკია 25-28 აპრილს უნგრეთში გამართულ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ინდივიდუალურ ჩათვლაში 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ, ხოლო გუნდური შეჯიბრების ფინალში ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრებს 4:1 მოუგეს (იხილეთ ვრცლად).

* * *
4:1... ეს ანგარიში გასულ კვირაში ყველა სპორტული გაზეთის პირველ გვერდზე მოხვდა. გახსოვთ, რა შეხვედრა დამთავრდა 4:1?

Sportall.Geესპანელებს პასუხის გაცემა გაუჭირდებათ, ბუნდოვნად გვახსოვსო, იტყვიან.

სამაგიეროდ, ლუდმომარჯვებული გერმანელები ამაყად გვიპასუხებდნენ - "დორტმუნდმა" "რეალი" სწორედ სამბურთიანი სხვაობით გაანადგურაო.

წინა "ტაიმლაინშიც" აღვნიშნე, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში გერმანელთა მიერ ესპანელების ჩაგვრას სოციალურ ქსელებში არაერთი ხუმრობა მიეძღვნა, რომელთაგან ბევრს +18 უნდა დართვოდა.

ერთმა "ფეისბუქ-მეგობარმა" ისიც იკითხა, "ბარსა"-"ბაიერნის" მიმოხილვას ზედა კუთხეში +18 რატომ არ ეწერაო...

ზრდასრულთა თემა "ბრძენთა ბრძენმა" მარიო ბალოტელიმ განაგრძო, რომელმაც, იმედს ვიტოვებთ, რომ დაუფიქრებლად თქვა: თუ "რეალი" 1:4 წაგების შემდეგ მადრიდში თამაშს შემოატრიალებს და ჯგუფიდან გავა, ჩემს "გერლფრენდს" თითოეულ რეალელს დავუთმობო (იხილეთ ვრცლად).

მადრიდელებს 3:0-მდე ძალიან ცოტა დააკლდათ...

საინტერესოა, რას იტყოდა მარიო, ფინალში "რეალი" რომ გასულიყო.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ათას კაცს რომ ეფიქრა, ბალოტელის აზრს მაინც ვერ გამოიცნობდა. ხვდებით, რატომაც.

* * *
შემთხვევითობას უნდა მიეწეროს, რომ სწორედ იმ დღეს, როცა ბალოტელის ფრაზა წავიკითხე, ფეხბურთელ იური ჟირკოვის მეუღლის, რუსი მოდელის, ინა ჟირკოვას ვიდეოინტერვიუს გავეცანი, სათაურით "ფული გაქვს, ჭკუა არ გინდა".

ჟურნალისტი ბორის სობოლევი მეტად მომხიბვლელ ქალბატონს, "მისის რუსეთს" "ზერთულ კითხვას" უსვამს:

Sportall.Ge"დედამიწა ტრიალებს მზის გარშემო, თუ - მზე დედამიწის გარშემო?" ინა ჟირკოვამ ჯერ მზე დაატრიალა ჩვენს გარშემო, შემდეგ პირიქით. ბოლოს გულახდილად თქვა - ეს ჩემი კომპეტენცია არ არისო...

ამ ვიდეოს შესახებ ერთ-ერთ კოლეგას ვუამბე. მან იდენტური ამბავი გაიხსენა: კრიშტიანო რონალდოს საცოლე ირინა შეიკს ყველაზე გემოვნებით ჩაცმულთა კონკურსში გამარჯვების შემდეგ ქსენია სობჩაკმა სწორედ ის ჰკითხა, რაც ბორის სობოლევმა ინა ჟირკოვას.

პასუხის გასაცემად შეიკსაც მოუწია ფიქრი - მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო, თუ...

კოლეგას იქვე ვკითხე: როგორ ფიქრობ, რონალდო რას უპასუხებდა?

- მზეცა და დედამიწაც ჩემს გარშემო ტრიალებენო.

* * *
2 მაისს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა (იხილეთ ვრცლად). სიაში არ არის ზაზა ფაჩულია.

გასაკვირია, რატომ უარყო მწვრთნელმა ფაჩულია. ის ხომ 3 აპრილს გაკეთებული ოპერაციის შემდეგ უკვე ვარჯიშობს.

თუ არ გჯერათ, ფოტოს დააკვირდით.

Sportall.Ge

* * *
2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე კალათბურთელი მარკ გასოლი ტრიბუნაზე პირველ რიგში დაჯდა. დავაკვირდი და ყურსასმენზე საკუთარი სახელ-გვარი ეწერა.

ცნობილი ვარსკვლავები სპეციალურად საკუთარი ფირმის ფეხსაცმელებს რომ ამზადებენ, ესეც არახალია.

გამაკვირვა საქართველოსდროშიანმა წვივსაფრებმა, რომელიც მეგობარმა "ფეისბუქის" ერთ-ერთ განყოფილებაში მიჩვენა.

Sportall.Ge

თურმე, წვივსაცავები საგანგებოდ გიორგი ჭანტურიასთვის ყოფილა დამზადებული.

...მეორე ფოტოდანაც დარწმუნდებით, რომ არსებობს ალტერნატიული, უფრო ბუნებრივი დაცვა.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
>ალბანეთი გნებავთ, ფინეთი თუ სხვა >მსგავსი ქვეყანა, როდის მიუღწევიათ >თუნდაც უეფას თასის ფინალამდე? >ქართველებს თასების თასი გვაქვს >მოგებული!


გრილანდია გამოგრჩა. რა მაგარი ბანძი, რასისტული, ჭიმია სტატიაა.

1 რომ 2-ს გახდი, იმ ერტსაც ფასი რომ ეკარგე - ეს მცნება ეტYობა საქართველომდე არ ჩჰამოსულა. არასერიოზული ჟურნალიზმი.
fdfdf
05:22 04-05-2013
0
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მთელი ეს უაზრობა იმიტომ ჯღაბნა ამ ტიპმა, რომ იმ ოპ კახპაზე მოეყოლა და ამით მაგრად დამტკბარიყო!!
Shoda
13:34 04-05-2013
0

სიახლეები პოპულარული