ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო

AutoSharing Option
პირად პირველობაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებმა ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატშიც ტრიუმფით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ამით ჩვენებმა შეინარჩუნეს შარშან მოპოვებული ევროპის გუნდური პირველობა. შეიძლება ითქვას, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ პირველივე ცდაზე დუბლი შეასრულა - პირადშიც და გუნდურშიც გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ის შეგირდებმა სავსებით დამსახურებულად დიდხანს აბურთავეს ზედ კვარცხლბეკზე.

გუნდურში ჩვენები პირველ წრეში ისვენებდნენ, მეორეში კი ლატვიელთა მძლეველ უნგრელებს შეხვდნენ.

აქ ერთადერთ საფრთხეს მასპინძელთა ფაქტორი წარმოადგენდა, ეჭვების გამართლება კი პირველივე წრიდან დაიწყო - ჩვენი
ოლიმპიური და აწ უკვე ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) სათანადოდ კვლავ არ შეაფასეს იმ ბენცე ზამბორთან, რომელიც ჩვენებურმა პირადშიც დაამარცხა, მაგრამ არბიტრები მაშინაც ადგილობრივს ემხრობოდნენ.

საბედნიეროდ, შავდათუაშვილმა ამჯერადაც მოახერხა მისი დაიპონება. უნგრელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს - ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (73) ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ მიკლოშ უნგვარისთან დამარცხდა.

ეს მასპინძელთა ბოლო გაბრძოლება აღმოჩნდა - ევროპის ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ამ ტურნირის ვერცხლისმედალოსნებმა - ვალერი ლიპარტელიანმა (90) და ადამ ოქრუაშვილმა (+90) წმინდად მოიგეს და უნგრელებს საერთო ანგარიშით 4:1 ვაჯობეთ.

ჭრიკიშვილმა ამ წონაში ადგილობრივთა ლიდერი ლასლო ჩოკნიაი დააიპონა, ლიპარტელიანმა გერგო ფოგასის აჯობა, მძიმე წონაში კი პირადში მესამეზე გასულ ბარნა ბორის ნაცვლად, მასპინძლებმა მიკლოშ ცირჯენიცსი დააყენეს.

ნახევარფინალში მეტოქედ ჰოლანდია გვერგო. უზნაძემ აქაც ძირითადი შემადგენლობის ხუთეული დააყენა, ოღონდ ერთი ცვლილება მაინც შეიტანა - ტატალაშვილის ნაცვლად, ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი ზებედა რეხვიაშვილი აჭიდავა.

წინასწარ ვიტყვით, რომ ცვლილებამ გაამართლა - ჩვენებურმა მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტს დამაჯერებლად მოუგო.

მანამ შავდათუაშვილს უკვე დამარცხებული ჰყავდა იესპერ დე იონგი, მომდევნო შეხვედრაში კი ჭრიკიშვილმაც სუფთად იმარჯვა ვინმე ნაელ ვან დე კამერთან.

ამით გუნდური გამარჯვება გავინაღდეთ - 3:0, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო ლიპარტელიანის მარცხი მსოფლიოს ჩემპიონ ხიიომ ელმონტთან - რბილად რომ ვთქვათ, მსაჯები ამ შეხვედრაშიც ისევე საეჭვოდ იქცეოდნენ, როგორც პირადში მათი პაექრობისას.

თავისი წილი ორთაბრძოლა ოქრუაშვილმაც მოიგო და აქაც 4:1 ვიმარჯვეთ.

ბუდაპეშტშიც ევროპის შარშანდელი ფინალი განმეორდა - კვლავაც რუსებს დავეჭიდეთ.

საბედნიეროდ, პაექრობა იმავე შედეგით დასრულდა და კვლავ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უზნაძე ამჯერად სრულად დაენდო წინა ხუთეულს და არც შემცდარა. თუმცა ერთ წაგებას ვერც ამჯერად გადავურჩით, რომელიც ყველაზე ტიტულოვან შავდათუაშვილს შეემთხვა - შეხვედრის შუაში მიხაელ პულიაევი წარმატებით შეეკრა და ვაზარზე გადააგდო, რისი გაქვითვაც ჩვენებურმა ვერ მოახერხა.

აი, ამის შემდეგ კი ქართველების ჯერი დადგა, რომელთაც მიჯრით მოიგეს 4 შეხვედრა - რეხვიაშვილმა მაჯებზე ჩავლებით კისრულით დაიქნია მუსა მოგუშკოვი, რაც მსაჯებმა ჯერ ვაზარად შეაფასეს, მაგრამ მერე იუკოდ გადააკეთეს. ქართველმა კი პირადის შემდეგ გუნდურშიც დაჯაბნა ჩრდილოელი.

ჭრიკიშვილმა ზუსტად შეასრულა უზნაძის მითითებები და ევროპის ორგზის ჩემპიონ სირაზუდინ მაგომედოვს გაფრთხილებებით მოუგო (1:3).

ლიპარტელიანმა ბოლო წუთზე კიდევ ერთხელ წარმატებით ამოუსვა იუკოზე გრიგორი სულემინს, ვისაც შარშან ევროპის პირადი პირველობის ფინალში აჯობა.

ოქრუაშვილმა კი მასზე ბევრად მაღალი რენატ საიდოვი გაფრთხილებებით მოახსნევინა. ამდენად, აქაც 4:1 ვიმარჯვეთ.

უნდა აღინიშნოს დარბაზში მყოფ ქართველთა ერთგული ქომაგობაც, რომელთა "საქართველოს გაუმარჯოს" ფინალის მთელ მანძილზე არ გაჩერებულა.

როგორც ვხედავთ, უზნაძემ გუნდურისთვის წაყვანილი სათადარიგო ფალავნები - შალვა ქარდავა (66), ზვიად გოგოჭური (90) და ონისე ბუღაძე (+90) საერთოდ არ გაიყვანა საჭიდაოდ.

სამივე შეხვედრის ბედი ადრევე გადაწყდა და ზედა წონები არაფერს წყვეტდა. ერთი შეხედვით, იქ კი შეიძლებოდა სათადარიგოთა გამოყენება, მაგრამ საქმე ისაა, რომ განაცხადები ადრევე ივსება, ხოლო ორთაბრძოლის მიმდინარეობისას მონაწილეს ვერ შეცვლი.

ცალკეული მოჭიდავეებიდან ჭრიკიშვილს და ოქრუაშვილს 100%-იანი შედეგი აქვთ - სამივე შეხვედრა მოიგეს.

უდანაკარგოდ გამოვიდა რეხვიაშვილიც, ოღონდ ერთით ნაკლები იჭიდავა - 2-დან ორივეში იმარჯვა.

ლიპარტელიანმა და შავდათუაშვილმა 3-დან 2-2 პაექრობა მოიგეს, ტატალაშვილმა კი ერთი იჭიდავა და წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
მკითხველის კომენტარები / 5 /
პირდაპირი ტრანსილაცია რომ არ ხორციელდება ,ძალიან დასანანია
gaixaret
17:33 29-04-2013
0
აი ეს არის მწვრტნელის პროპესიონალიზმი,ავსტრიელს რა გაუკეტებია ავსტრიაში აკ რა უნდა გაეკეტებინა?
ოთარი
16:45 29-04-2013
0

სიახლეები პოპულარული