კვირის 1000 წვრილმანი: იქეთ კლოპი, აქეთ ბევრი კოპი

AutoSharing Option
"ვესტფალია" და "ბავარია" 25 მაისს ჩემპიონთა ლიგის თასისთვის დაეჯახებიან, ჩვენ კი არ ვიცით, რა ბედი ელით ქართულ კლუბებს.

საქართველოს დავით ყიფიანის თასი "დინამო თბილისმა" მოიგო და დუბლი შეასრულა, ოღონდაც ვის უნდა ეთამაშოს ეს გუნდი საქართველოში, რომ საინტერესო, ძლიერ მოწინააღმდეგეებს წააწყდეს და ეროვნულ ჩემპიონატს ლაზათი შეუნარჩუნდეს - კითხვაზე პასუხი ჯერაც არ არსებობს.

სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დაგვპირდა, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებსო, მაგრამ სეზონი დასრულდა და ჯერ უცნობია, ზუსტად და კონკრეტულად როგორ დაეხმარება მთავრობა ქართულ კლუბებს.

ყიფიანი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, რის
შემდეგაც ისევ ფეხბურთში საქმიანობდა და ძალიან კარგად ესმის, ქართული ფეხბურთის პრობლემატიკა, ოღონდაც რაც დრო გადის, მით უფრო უარესდება კლუბების საქმე - ახალი სეზონის დაგეგმვა, სელექცია, მოსამზადებელი პერიოდი - თუ ეს ახლავე არ იცის კლუბმა, რაღა აზრი აქვს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებას?

საქართველოს თასის ფინალში კი "დინამო" მეტოქეზე ერთი თავით მაღლა იდგა. "ჩიხურას" დასაძრახი არაფერი სჭირს, რაც სეზონის წინ დაგეგმა, პირნათლად შეასრულა, გულდასაწყვეტი მხოლოდ ის დარჩა, რომ ფინალი ფინალს არ ჰგავდა.

ამ ფინალზე ხალხიც ძალიან ცოტა მოვიდა. თამაში საღამოს 6 საათზე დანიშნეს, უქმე დღეც არ იყო და საერთოდ, საფეხბურთო ზეიმის შეგრძნება სადღაც გაუჩინარებულიყო.

ზეიმი მხოლოდ "დინამოსთვის" გამოვიდა. უმცროსი დუშან უჰრინიც ახლა უფრო თავდაჯერებულია, ახლა უფრო ფასეული მწვრთნელი გახდა "დინამოსთვის".

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზეც ზვიადი თვითრწმენით განაცხადა, ეს გუნდი უნდა შევინარჩუნოთ და ვინძლო ერთი-ორი ახალი ფეხბურთელიც დავიმატოთო.

ფინალში გიორგი მერებაშვილი გამოირჩა, "ჩიხურასთან" ის იყო გუნდის ლიდერი, აბრუებდა დაცვას და ქომაგს ტაშს აკრევინებდა.

მრებაშვილის ეროვნულ ნაკრებში აღარ ეძახიან, არც ჯაბა დვალს, მათი გამოძახება ამხანაგური მატჩებისთვისაც არ გამოვიდა - რა გაეწყობა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს დონედ არ მიიჩნევენ, თუმცა მთლად მასეც არ უნდა იყოს საქმე...

ჩვენს ეროვნულ გუნდს მიჯრით ორი ამხანაგური შეხვედრა ელის - 2 და 5 ივნისს ირლანდიასთან და დანიასთან.

თემურ ქეცბაიამ ამ მატჩებისთვის მხოლოდ ორი ნომინალური თავდამსხმელი გამოიძახა - ნიკოლოზ გელაშვილი და ლევან მჭედლიძე.

ორივესთვის სათამაშო პრაქტიკა სანატრელია და ნაკრების მწვრთნელიც ალბათ ორივეს ათამაშებს ირლანდია - დანიასთან.

ყველა მწვრთნელს საკუთარი მეთოდები აქვს და ამაზე კამათი ვგონებ, არ ღირს, მთავარი ხომ გუნდის შედეგია.

კამათი კი ბევრ რამეზე შეიძლება, ამ დღეებში ყველაზე უფრო ჩვენი ეროვნული ნაკრების თავკაცის ხელფასზე კამათობენ (რამდენს იღებს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში?).

ზოგადად, საკამათო არ არის, რომ რეკლამირებულ, წარმატებულ მწვრთნელს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს.

ქეცბაია და მისი მხარდამჭერები იმაზე აკეთებენ აქცენტს, თუ რა შედეგი ჰქონდა ნაკრებს ქეცბაიას მწვრთნელობამდე და მერე. მათთვის საზომი ალბათ ექტორ კუპერის შედეგია საქართველოს ნაკრებში.

კი ბატონო, ეს მართლაც არგუმენტია, კუპერმა ხომ შესარჩევში ერთი მატჩიც ვერ მოაგებინა საქართველოს ნაკრებს.

კუპერსაც შეეძლო ეთქვა, არ მყავს კარგი ფეხბურთელები შეტევაშიო, არ მყავს მაღალი დონის შემსრულებლებიო, მაგრამ არგენტინელს არასდროს არ დაუბრალებია წარუმატებლობა ფეხბურთელებისთვის.

ისიც შეეძლო ეთქვა, ეს ჩემი პირველი შესარჩევი ციკლია საქართველოს ნაკრებში და მადროვეთ, მეორეშიც გამომცადეთ, თუ მეორესაც ჩავაგდებ, მერე მესამე შესარჩევშიც მაცალეთ, მაღალი ხელფასი შემინარჩუნეთ და თუ იქაც დავკარგავ ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს, კი ბატონო, გადავდგებიო.

კუპერი ასე არ მოქცეულა და თუ შედარებითობის თეორიით ვსარგებლობთ, ესეც უნდა გავითვალსწინოთ.

როგორც მითხრეს, კუპერმა უარი თქვა ბოლო ორი თვის ხელფასზე, საქართველოს ნაკრებში საქმე ჩავაგდე და კონტრაქტით დარჩენილი ჯამაგირი რაღაზე უნდა ავიღოო.

კუპერი ბოლო შეტყობინება იყო იმისა, დავრწმუნებულიყავით, რომ საქართველოს ამ ნაკრებს ძვირიანი მწვრთნელი არ სჭირდება, მაგრამ მაშინ საფეხბურთო საკითხებსაც ისინი განაგებდნენ, საკუთარი თავი ყველაფრისმცოდნე რომ ეგონათ.

რა გვინდა საქართველოს ნაკრებისგან ამ ეტაპზე - მწვრთნელის ანაზღაურებაც აქედან უნდა ითვლებოდეს, მაგრამ ჩვენთან არ არსებობდა მიზანმიმართული, კარგად მოფიქრებილი და გათვლილი პოლიტიკა და ამან გააჩინა დისბალანსიც - მაჩანჩალა გუნდი ბევრი კოპითა და მაღალანაზღაურებადი მწვრთნელით.

ფინალს კი დორტმუნდის "ბორუსია" მოიგებსო და მერე რა, რომ გიოტცე არ ეყოლება?! "დორტმუნდში" მთავარი კაცი იურგენ კლოპია!

აი, კიდევ რაზე კამათობენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველას,
თუ ქვეყანაში ფეხბურთი არ ვითარდება, ხალხის შეხედულება და ცოდნა ჩარჩა მე-20 საუკუნეში, მენეჯმენტი არ ვარგა, ტრენერები არ ვარგა, ფეხბურთელები არ ვარგა, სპორტული ჟურნალისტები უვიცნი არიან, ინფრასტრუქტურა ნოლია, ფულის დახარჯვა არ ხდება, ხალხს ფეხბურთი კიდია და ა.შ. და ა.შ. ეს ყველაფერი მაინც ქეცბაიას ბრალია??????
saqo
11:31 26-05-2013
0
მამბა და ვოვა.
არ გაგიგიათ? იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. ამიტომ ჯობია არჩევნებით წასვლა.
siko
11:27 26-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული