მსოფლიოს უნივერსიადა: წარუმატებლობა გრძელდება

AutoSharing Option
სამბო
ჩვენი სტუდენტები კვლავაც წარუმატებლად გამოდიან ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს 27-ე უნივერსიადაზე.

15 ივლისიც დანარჩენთა ანალოგიურად წარიმართა - ქართველ სტუდენტთა უმეტესობა ისევ დასაწყისშივე გამოვარდა, ხოლო ვინც მეტ-ნაკლებად ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, მეხუთე ადგილს ვერ გასცდა.

ამჯერად ასეთი სამბისტი გენადი ჩირგაძე (57) აღმოჩნდა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტმა პირველ წრეში დამაჯერებლად მოუგო ტაჯიკ ახმალიდინ კარიმოვს - 6:1, ყაზახ იერბოლატ ბაიბატიროვთან 2:1 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუს აიმერგენ ატკუნოვთან 1:6 წააგო.

დამამშვიდებლის ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ისლამ გასუმოვი იყო, ვისთანაც ჩვენებური 1:3
დამარცხდა.

ერთი შეხვედრა მოიგო გიორგი შოშიაშვილმა (74) - ბულგარელ სტილიან ივანოვს 3:1 სძლია, მერე კი რუსთა მომავალ ჩემპიონ უალი კურცევთან დამარცხდა და მოგვიანებით სანუგეშო წრეში გადაერთო. სამწუხაროდ, დიდად ვერც იქ იყოჩაღა - პირველივე პაექრობა 2:4 წააგო მონღოლ ნარანტოგტოკ ცენდ-აიუშთან.

ერთ შეხვედრაში იმარჯვა გიორგი თაყაძემაც (100) - სამხრეთკორეელ ჰიეონ ჯეონს 2:0 აჯობა, მომდევნო ორთაბრძოლა კი უკრაინელ მიხაილო ჩერკასოვთან 0:1 დათმო. თაყაძისგან განსხვავებით, მას სანუგეშოში გადასვლის შანსი არ მისცემია, რადგან უკრაინელი ფინალამდე გავარდა.

სამბოში მონაწილე ქალთა შორისაც გვყავდა - შორენა შარაძე (64), თუმცა წარმატებით ვერც მან გაგვახარა, რადგან პირველივე ბრძოლა დათმო იაპონელ აკანე იკუტასთან და ისე გამოვარდა, ვერც დამამშვიდებელში გადავიდა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
15 ივლისს უნივერსიადაზე ბერძენ-რომაელები ჩაებნენ, მაგრამ ჩვენები წარმატებით ვერც აქ გამოდიან.

ბექა როყვამ (84) ორი შეხვედრა მოიგო - აზერბაიჯანელ ფუად ალიევთან 5:0 იმარჯვა, ეგვიპტელ ტარეკ მოჰამედთან - 4:0, მაგრამ ასეთი კარგი დასაწყისი უკრაინელ ჟან ბელენიუკთან 1:3 მარცხით დაასრულა. სამწუხაროდ, დამამშვიდებელში გამოსვლის საშუალება არც მას მიეცა.

მძიმეწონოსანმა სერგო გოგისვანიძემ მხოლოდ ტაჯიკ ნავრუზ არაბოვთან იმარჯვა - 4:0, ამის შემდეგ კი ორი შეხვედრა წააგო - ჯერ ძირითადში 1:4 დამარცხდა ირანელ ამირ ალიაკბაროვთან, მერე კი სანუგეშოში ამერიკელ ტირელ ფორტუნესთან - 0:5.

55 კილოგრამსა და 66-ში მონაწილე არ გვყავდა. უნივერსიადაზე ორად ორი დღე დარჩა და ვნახოთ, რას მოგვიტანს ის. ჯერჯერობით კი ჩვენი მრავალრიცხოვანი დელეგაცია კვლავაც უმედლოდ რჩება.

ირაკლი თავაძე

ჭადრაკი
15 ივლისს ყაზანში ასპარეზობა დაამთავრეს მოჭადრაკეებმა. ვაჟებში გიორგი მარგველაშვილი მარიან გეორგესკუს (რუმინეთი) დაუზავდა, ხოლო გაიოზ ნიგალიძემ ესილ აბდიჯაბარი (ყირგიზეთი) დაამარცხა.

ექვსქულიან ლიდერთა ყველა ორთაბრძოლა ზავით დასრულდა. 9 მოჭადრაკემ 6,5-6,5 ქულა მოაგროვა.

უკეთესი კოეფიციენტით უნივერსიადის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, შესაბამისად, სოუ უესლიმ (ფილიპინები), ზავენ ანდრიასიანმა (სომხეთი) და ლი ჩაომ (ჩინეთი) მოიპოვეს. 5,5 -5,5 ქულით მარგველაშვილმა და ნიგალიძემ მეცხრამეტე-მეოცე ადგილები გაინაწილეს.

ქალებში სოფიკო გურამიშვილი ცზიუ ვენძიუნს (ჩინეთი) დაუზავდა, მერი არაბიძე შენ იანს (ჩინეთი) შეუთანხმდა ყაიმზე, სალომე სირაძემ მარიენ იალკანოვა (თურქმენეთი) დაამარცხა.

სამივე სინჯის მედალი ჩინელებმა დაისაკუთრეს: პირველი იყო ჟაო სიუე - 7,5 ქულა, ხოლო ვენძიუნმა და თან ჯონმა 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს. 6-6 ქულით გურამიშვილი და არაბიძე მეცხრე-მეათე ადგილებზე გავიდნენ, 4,5 ქულით სირაძეს 38-ე ადგილი ერგო.

გუნდურ ჩათვლაში 21 ქულით ჩინელებმა (ჟაო სიუე, ცზიუ ვენძიუნი, ლი ჩაო) გაიმარჯვეს, 19,5 ქულით მეორეზე რუსები (ანასტასია ბოდნარუკი, მაქსიმ მატლაკოვი, ანასტასია სავინა) გავიდნენ, 18 ქულით მესამე ადგილი პოლონელებმა (კლაუდია კულონი, ვოიჩეკ მირანდა, იაჩეკ ტომჩაკი) დაიკავეს.

ბრინჯაოსპრიზიორებს საქართველოს ნაკრები (მერი არაბიძე, სოფიკო გურამიშვილი, გიორგი მარგველაშვილი) ნახევარი ქულით ჩამორჩა და მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.

წყალბურთი
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა უნივერსიადა ერთი მოგებითა და 12 გუნდში მე-11 ადგილით დაასრულა.

როგორც გაუწყეთ, ჩვენებმა მხოლოდ ბელგიას სძლიეს, დანარჩენი ორთაბრძოლები კი დათმეს, მათ შორის, 15-ში ჩერნოგორიასთან - 2:17. კანადამ ბოლო ტურში ბელგიას დააყრევინა ფარ-ხმალი და ერთი საფეხურით გაგვისწრო.

დაძაბულად წარიმართა მედლების მაძიებელთა პაექრობები. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში უნგრელებმა იტალიელებს 11:9 სძლიეს, ხოლო რუსებმა სერბებს ერთი ბურთის სხვაობით (12:11) აჯობეს.

16 ივლისს რუსეთ-უნგრეთის დაპირისპირებაში გაირკვევა ოქროს მედლების ბედი. მე-3 ადგილისთვის იტალია და სერბეთი ითამაშებენ.

ვაჟა დანელია


* * *
მსოფლიოს უნივერსიადა საზეიმოდ 17 ივლისს დაიხურება. შეჯიბრებების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე კი 247 მედლით (125 ოქრო, 65 ვერცხლი, 57 ბრინჯაო) პირველ ადგილზე მასპინძლები არიან. 66 მედლით (22, 26, 18) მეორე ადგილი ჩინელებს უკავიათ.

მესამე საფეხურზე 70 მედლით (20, 22, 28) იაპონელები დამკვიდრდნენ. პირველ ათეულში მომდევნო ადგილებზე მოდიან: კორეა-35 (15, 9, 11), უკრაინა-63 (11, 24, 28), ბელორუსი-35 (11, 12, 12), აშშ-32 (8, 13, 11), სამხრეთი აფრიკა-14 (7, 3, 4), ავსტრალია-14 (6, 3, 5), ლიტვა-9 (6, 1, 2).

ვაჟა დანელია

რაგბი

საქართველოს სტუდენტური ნაკრები ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე წარუმატებლად ასპარეზობს. ჯგუფური ტურნირის სამი მატჩიდან ჩვენმა სტუდენტებმა ორი წააგეს და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და მალაიზიის გუნდები გვერგო.

მედლებისთვის საბრძოლველად ორი თამაშის მოგება იყო საკმარისი, თუმცა საქართველოს სტუდენტ მორაგბეთა ნაკრებმა სტარტზევე ორივე შეხვედრა მშრალი ანგარიშით წააგო - ჯერ ბელგიის ნაკრებთან 0:26, მერე კი დიდი ბრიტანეთის გუნდთან - 0:38.

მესამე შეხვედრაში ჩვენმა მორაგბეებმა ძალების მობილიზება შეძლეს და მალაიზიის გუნდი 40:5 დაამარცხეს. შედეგად ჯგუფში მესამე ადგილს და ფიალისთვის ბრძოლის გაგრძელებას დასჯერდნენ.

ფიალას მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ნამიბიის გუნდი იყო, რომელიც ჩვენმა მორაგბეებმა 40:7 დაამარცხეს და ნახევარფინალში გააღწიეს. იქ ჩვენი მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იქნება. მატჩი 16 ივლისს გაიმართება.

B ჯგუფი
საქართველო-ბელგია 0:26, დიდი ბრიტანეთი-მალაიზია 59:5, საქართველო-დიდი ბრიტანეთი 0:38, ბელგია-მალაიზია 38:0, საქართველო-მალაიზია 40:5, დიდი ბრიტანეთი-ბელგია 10:7.

სატურნირო მდგომარეობა
1. დიდი ბრიტანეთი - 6 ქულა, 2. ბელგია - 4, 3. საქართველო - 2, 4. მალაიზია - 0.

ფიალა
მეოთხედფინალი
საქართველო-ნამიბია 40:7
კანადა-რუმინეთი 17:14
ლატვია-მალაიზია 15:12
ბრაზილია-უკრაინა 17:0

საქართველოს ნაკრები
ბაჩანა კოლელიშვილი, ირაკლი გეგენავა, გოდერძი ჯოგლიძე (სამივე - ლელო), ალექსანდრე ხუციშვილი (ლოკომოტივი), ივანე დავითაშვილი, შალვა დავითაშვილი (ორივე - აკადემია), დიმიტრი კალანდაძე (ჯიქები), საბა შუბითიძე, ჯიმი ღამბაშიძე (ორივე - არმაზი), ბახვა კობახიძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე - არმია).

ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოხსენით კიპიანი მაგ კაცი არ არის სამინისტო.დათარსა მთელი სპორტის სამკარო.უბანზესი კაცია
miranda
22:04 16-07-2013
0

სიახლეები პოპულარული