TimeLine: ნათელაშვილის ჩემპიონობაზე კი შეაგდებდა კაცი ლარიანს

AutoSharing Option
ყოველდღიურად ყვითელ სამარშრუტო ტაქსიში საფეხბურთო მატჩის დროს ვატარებ: სახლიდან სამსახურამდე ერთი ტაიმი (45 წუთი), უკანა გზაზეც ამდენივე და ჯამში 90 წუთი გამოდის...

მსაჯის მიერ წამატებული დრო ხშირად ხუთ წუთზე მეტხანს გრძელდება - "მარშრუტები" საღამოობით ისე ივსება, საქართველო-გერმანიის 1995 წლის მატჩს გაგახსენებთ და არ მიჩერებენ.

სამშაბათს მორიგი შეხვედრისთვის ყვითელში ჩავჯექი. გაზეთი მოვიმარჯვე და იმ გვერდზე გადავშალე, ჩემპიონთა ლიგის წინათქმა რომ ეწერა. ღამით "მილანსა" და "ბარსელონას" უნდა ეთამაშათ.

გაზეთი ორიოდე წუთში დავხურე, რადგან მ
არცხენა ყურში "დინამიკი" ჩამყვიროდა - ნუ დაიდარდებო. არადა, როგორ არ უნდა დაიდარდო, როცა ბოლო ხმაზე უსმენ: "სიყვარულმა დაურეკა სევდას"... მარჯვნიდან კი ახალგაზრდა კაცმა ტელეფონით 45 წუთში ხუთგან დარეკა და ხუთივე შემთხვევაში შესავალი იმდენად მსგავსი იყო, რომ მეორე ზარის შემდეგ ვიცოდი, რას ეტყოდა თანამოსაუბრეს:

- დღეს ლიგაა, გადახედე წყვილებს? მერე რას ფიქრობ?

...და ყოველი დარეკვისას თავიდან ბოლომდე იხილავდა რვავე თამაშს:

- კი ამბობ, "ბარსა" მაინც "ბარსააო", მაგრამ გავიწყდება, რომ შაბათს კლასიკო აქვს სათამაშო? ხომ შეიძლება "რეალისთვის" ძალები გამოიზოგოს და მილანში წააგოს?!
- როგორ? "მილანი" არაა "ბარსელონას" მომგები? კაი, ან ერთიანს ავიღებ, ან - ორიანს.
- "სელტიკი"-"აიაქსი" ტაიმბოლია? ჰოლანდიელები მოიგებენ? მეც ზუსტად ასე ვფიქრობ.
- აბა, მითხარი, ყველაზე ნაღდი რომელი თამაშია.
- "პორტუ"-"ზენიტი"? ვითომ, ფორიანიცაა?
- წეღან ვოვას ველაპარაკე, მითხრა "ჩელსი" იგრუზებაო. შენც ფიქრობ, რომ ჩელსელები ვერ მოიგებენ? მაშინ, 1/X-ს ავიღებ. "არსენალი"-"ბორუსიას" "აძინიქსსაც" მივაბამ და მოვიგებ. ეგ უეჭველია, არსენალელები ინგლისში ყველაფერს ანადგურებენ.

ჩემმა მარჯვენა მეზობელმა კიდევ ორი თამაში ახსენა: "სტიაუა"-"ბაზელი" და "აუსტრია"-"ატლეტიკო", თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ყურმილს მიღმიდან რა უთხრეს და არც ის მახსოვს, რა გადაწყვიტა ამ ორ შეხვედრაზე.

კიდევ კარგი, საღამო იყო და სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსულს სასიამოვნო ჰაერმა დამკრა (გაზეთი განგებ დავტოვე სკამზე, იქნებ, ისიც რამეში გამოადგეს მეზობელს-მეთქი). უკვე ცივ გონებაზე გავაანალიზე ქართული მუსიკის ფონზე მოსმენილი საფეხბურთო წინათქმა.

მოკლედ, დასკვნა ასეთია:

"არსენალი"-"ბორუსია" - 1/X (უეჭველი)
"პორტუ"-"ზენიტი" - 1
"შალკე"-"ჩელსი" - 1/X
"სელტიკი"-"აიაქსი" - 2
"მილანი"-"ბარსელონა" - 1/2

ისღა დამრჩენოდა, დავლოდებოდი 22:45 საათს და მეყურებინა, როგორ გამართლდებოდა ექვსი ექსპერტის დიაგნოზი. ამასობაში, სამსახურში მისულს ერთი "მსუყე კუში" დამხვდა: ერთ-ერთ ქართულ ტოტალიზატორს საკუთარ პროგრამაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეუტანია.

გიორგი მარგველაშვილის მოგებაზე ლარის დადების შემთხვევაში 1.10-ს მოიგებ, დავით ბაქრაძის გამარჯვება - 7.0, ნინო ბურჯანაძის - 10.0, გიორგი თარგამაძის - 1000.0, შალვა ნათელაშვილის - 1500.0, სხვა კანდიდატის - 2000.0.

დადგა ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვის დრო: მარგველაშვილის ფორიანი მოგება...
დავით ბაქრაძის ტაიმბოლი (პირველ ტურში წაგება, მეორეში გამარჯვება)...
ისე, კი შეაგდებდა კაცი ნათელაშვილის ჩემპიონობაზე ლარიანს...

ზოგის აზრით, ხომ ყველა მატჩს ტოტალიზატორები აკონტროლებენ და რატომ არ შეიძლება 15000-იანი კუში ამოაგდონ?!

მოკლედ, პოლიტიკური საჩემპიონო თამაში (არჩევნები) 27 ოქტომბერს გაიმართება და ვნახოთ, სამშაბათს კი "მარშრუტკელი" მეზობლის ნოსტრადამუსობა დადასტურდა: ხუთივე თამაში მის საწინააღმდეგოდ დამთავრდა - მოიგეს "ბორუსიამ" (უეჭველი რომ იყო), "ჩელსიმ", "ზენიტმა" "სელტიკმა", ხოლო "მილანი"-"ბარსა" 1/2-ის ნაცვლად ფრედ დამთავრდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა , უეჭველი ბილეთი ჰქონია , შენს მეზობელს ! : დდ :))
SAVASH BALDAR
11:38 27-10-2013
0
ყველაზ ემაგარი ისაა რომ ზემოთ მოყვანილი ანგარიშებიდანნ არცერთი არ დამთავრდა მასე 1.არსენალი-ბორუსია 2
2.პორტუ_ზენიტი 2
3.შალკე-ჩელსი 2
4.სელტიკი-აიაქსი 1
5.მილანი-ბარსა х

dinamo
12:10 27-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული