TimeLine: როგორ მოვიგოთ 2 წუთში 50 ლარი

AutoSharing Option
რუბრიკა "ტაიმლაინი" კვირაში ერთხელ, პარასკეობით "ლელოში" ქვეყნდება. შვიდი დღის განმავლობაში ვცდილობ შევაგროვო კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები, საუკეთესო ფოტოები და ბოლოს ისე გადავცე მკითხველს, რომ მომდევნო კვირას "ტაიმლაინის" დანახვისას გაზეთი გვერდზე არავინ გადადოს.

რამდენად კარგად გამომდის ეს საქმე, თქვენი განსასჯელია.

დღევანდელი "ტაიმლაინისთვის" ყველა მასალა მოძიებული მქონდა, ფოტოპარალელიც ავაწყვე: "მილუოკის" პრეზენტაციისას ზაზა ფაჩულიას ემოციური სურათი რომ ვნახე, სპარტელი ლეონიდასი გამახსენდა და ფოტოები ერთმანეთს შევაწებე.

მსგავსების გარდა, სხვაობაც ბევრია: თუ ძველად იარაღად ფარსა და ხმალს ხმარობდნენ, დღეს ბევრისთვის ბრძოლის იარაღი ბურთია.

თუმცა სტრატეგიაზე, შეტევაზე,
დაცვასა და გუნდურობაზე კალათბურთელები იმაზე ნაკლებს როდი მუშაობენ, რამდენსაც ძველი ბერძნები...

Sportall.Ge

კიდევ იყო სხვადასხვა საინტერესო საკითხი, რომლებიც ერთმა შემთხვევამ მომავლისთვის გადადო: გუშინ დილას მეგობართან ერთად ერთ-ერთ მეტროსადგურთან მოვხვდი. ავტობუსის გაჩერებასთან ხალხის დიდი ჯგუფი დავინახე.

გამახსენდა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები (არჩევნები 11 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი) მეტროსთან ხალხს არ შეკრებდნენ. არადა, სულ ნარჩევი, ნავარჯიშები ვაჟკაცები იყვნენ.

ინტერესი ადამიანის ერთ-ერთი "საინტერესო" თვისებათაგანია. სწორედ მან მიმიზიდა ჯგუფთან. მივუახლოვდი. ორ მილზე გადებული ძელი გამოჩნდა. მას ორი ხელით ჩამოეკიდა ძლიერი ახალგაზრდა, მაგრამ ამაოდ ველოდი აზიდვას. ეკიდა, ვიდრე არ დაიღალა და ჩამოხტა.

მას მეორე მიჰყვა, ისიც ასევე მოიქცა, შემდეგ - მესამე...

- ვერ გაძლო, - ხელი ჩაიქნია ერთმა გულშემატკივარმა.
- ერთი წუთიც ვერ გაჩერდა, - კვერი დაუკრა მეორემ.

ჯგუფს გვერდიდან შემოვუარე და წარწერა აღმოვაჩინე: თუ ორი ხელით ჩამოეკიდებით და ორი წუთი გაძლებთ, 50 ლარი ან ტელეფონი თქვენია, მონაწილეობისთვის კი 5 ლარი უნდა შემოიტანოთო.

ამ წარწერამ სიტუაციას ნათელი მოჰფინა, მაგრამ გაჩნდა სხვა ინტერესი - ნუთუ კარგად ნავარჯიშებ, ღონიერ ახალგაზრდებს ძელზე ორი წუთით ჩამოკიდება არ შეუძლიათ?

ფოტო გადავიღე და "მასპინძელთან" ვიკითხე:

- დღეს რამდენმა მოიგო 50 ლარი?
- ერთმა, - მშვიდად მიპასუხა.

შინ რომ დავბრუნდი, ახლობელ ფალავნებს ზემოთ ნახსენები ამბავი ვუამბე. სადარბაზოში რამდენიმე ძელია გამართული და წამზომმომარჯვებულებმა ძალები მოვსინჯეთ კიდეც. მართლაც რთული ყოფილა ორი წუთი გაჩერება, მით უმეტეს, რომ რკინა ხელის მოსაკიდებელ ადგილას კარგად იყო გასლიპინებული.

ერთმა დაიტრაბახა: შეიძლება ხუთი ვერა, მაგრამ 2-3 წუთი უპრობლემოდ გავჩერდებიო, თუმცა მან მხოლოდ 1 წუთი და 17 წამი გაძლო. ახლობლობაში აღმოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც 2 წუთს გადააჭარბა, თუმცა მას მაინც არ აქვს გარანტია, რომ მეტროსთან მოწყობილ ძელზე იმავეს ისევე იოლად გაიმეორებს.

აქ ტელეფონის თუ ფულის მოგებაზე მნიშვნელოვანი სხვა რამაა: საქართველოში ღონიერი, ამაყი და სპორტის მოყვარული ხალხი ქვეყნის დასაბამიდან ცხოვრობდა და ამიტომაც იყო, ყოველ დღესასწაულზე ხან ცხენოსნობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ხან საჯილდაო ქვის ზურგსუკან გადაგდებაში, ხან ჭიდაობაში და ა.შ.

დღეს ცივილიზებულ მსოფლიოში ამა თუ იმ ადამიანს უმცირესი სპორტული ნიჭიც რომ აღმოაჩნდეს, მისთვის შესაფერის სპორტში უკრავენ თავს: ძალოსნობა იქნება, ფეხბურთი, რაგბი, შეშის ჭრა თუ სულაც თავით აგურების დალეწვა (მსოფლიოს ჩემპიონატები იქაც ტარდება). საქართველოში კი მიმართულების მიმცემს ვინ ჩივის, ისეთ ახალგაზრდებსაც კი, რომლებსაც დიდი სპორტული მომავალი უნდა ჰქონოდათ, უსახსრობის გამო ჯერ ეზოში უბნელებთან ურბენიათ, შემდეგ უბნელებთან მდგარან, ბოლოს - მსხდარან...

არადა, თუნდაც ძელის გუშინდელმა ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველომ ქვეყნის მხრიდან უყურადღებობის გამო იმაზე ათჯერ მეტი მედალოსანი დაკარგა, რამდენი მედალიც საერთაშორისო არენაზე მოგვიგია. სპორტი ხომ გენებში გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
აუ აქ მეც ვიყავი 1:29 გავჩერდი არადა პული მცჰირდებოდა :( :):)
beqa
21:13 10-11-2013
0
ლილოშიც დგას ეს :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული