რა დაფინანსებას მიიღებენ სპორტის სხვა სახეობები - ლევან ყიფიანის განმარტება

AutoSharing Option
25 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯერ შეეხო სამინისტროს მუშაობას, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებს, საქართველოში სპორტის განვითარების პერსპექტივებს, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

განვლილი ორი თვის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო სარბიელზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საგზური მეოთხედ მოიპოვა, წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თურქეთის ნაკრებს 8:4 მოუგო და ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ნაბიჯი აშორებს, ძიუდოისტთა ნაკრებმა კი პარიზის დიდ სლემზე 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა...

ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის და რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. რაგბის კავშირის ბიუჯეტი კი 300%-ით გაიზარდა და 2014-16 წლებში რაგბის კავშირი 33 673 968 ლარს მიიღებს. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქვეყანაში ბავშვთა რაგბის განვითარებას.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნა კომისია, რომელიც ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იმუშავებს. კომისიის ძირითადი ამოცანებია: ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი გეგმის შემუშავება; ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა; მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა; უეფას სუპერთასი-2015-ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია.

სამინისტროს 2014 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა. ამ მიმართულებით დაწყებულია შემდეგი სპორტული ობიექტების დაპროექტება:

ოლიმპიური აუზი - დიღომი "ახალი სპორტული ქალაქის ტერიტორია". საპროექტო სამუშაოები დასრულდება 2014 წლის 1-ელ მარტს, ხოლო მშენებლობა დასრულდება 2015 წლის მარტში;
წყალტუბოს სტადიონი (ორი მოედანი და მძლეოსნობის ბილიკები). საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მშენებლობა დასრულდება 2015 წლის მაისში;

მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი (ორდარბაზიანი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი;

მიმდინარეობს პროექტირება, ხოლო მშენებლობა დასრულდება 2015 წლის მარტში. 2015 წელს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა დაგეგმილია - თელავში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.

კითხვა-პასუხის დროც დადგა.

- რა მოგვცა სოჭის ოლიმპიადამ? - ასეთი იყო ერთ-ერთი შეკითხვა.
- ეს შეჯიბრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით იმართება და უნდა ვეცადოთ, ერთი სპორტსმენიც რომ გვყავდეს, საქართველოს დროშა მაინც ფრიალებდეს. ამასთან, საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და სპორტის ზამთრის სახეობებს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ასეთი დონის შეჯიბრებები საშუალებას გვაძლევს, გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხისადმი. სხვათა შორის, მონაკოში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორიც მონაკოს პრინცი იყო, დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, გავმიჯნე სპორტი და პოლიტიკა, თუმცა გავაჟღერე ჩვენი მკაფიო შეხედულება რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც იქ დამსწრე რუსეთის მხარეს არ ესიამოვნა... მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ოლიმპიელებს, რომლებიც წნეხის მიუხედავად, ღირსეულად გამოვიდნენ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე.

ფეხბურთის განვითარების პროექტის დაფინანსება უკვე გადაწყვეტილია. დავინტერესდით, როდის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები.

- ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამჟამად აშშ-შია. დელეგაცია მალე დაბრუნდება და პირველივე კვირაში შედგება შეხვედრა, დაიგეგმება კონკრეტული ნაბიჯები.

ფეხბურთისა და რაგბის გარდა, სპორტის სხვა სახეობებმაც რომ მოითხოვონ სოლიდური დაფინანსება, რამდენად შესაძლებელი იქნება მათი უზრუნველყოფაც?

- მოთხოვნა მართლაც დიდია, გაცილებით აღემატება შესაძლებლობებს. ეს არის ბიუჯეტის თანხა, რომელიც გამოიყოფა პრიორიტეტებისთვის. სახელმწიფოსთვის სპორტის განვითარება პრიორიტეტია. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

დავსვით ასეთი შეკითხვაც: რაგბიზე არანაკლებ წარმატებული სახეობა კალათბურთია, ნაკრები ზედიზედ ორჯერ მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე. ითქვა, რომ იგეგმება კალათბურთის განვითარების პროექტზე მუშაობაც. რა მასშტაბით დაფინანსდება ეს სახეობა სახელმწიფოსგან და თუ იქნება ეს რაგბისთან მიახლოებული?

- ვერ იქნება, რადგან ბოლო წლებში რაგბიმ სერიოზული პროგრესი განიცადა: 6 წლის წინათ 900-დან 1000 მორაგბემდე გვყავდა, დღეს - 7 ათასიდან 8 ათასამდე. ამ წინსვლას რაგბის საერთაშორისო ფედერაციაც კარგად ამჩნევს და დღის წესრიგში აყენებს 6 ერის გათამაშების რეორგანიზაციას. ამ შეჯიბრებაში საქართველოს მოხვედრა კი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

რაც შეეხება კალათბურთს, ნაკრებში მართლაც ნიჭიერი თაობაა თავმოყრილი, რომელიც საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდის, თუმცა ნაკრების შედეგებს ზურგს არ უმაგრებს ბავშვთა კალათბურთის განვითარება. ამ მიმართულებით კომპლექსური გადაწყვეტილებებია მისაღები, შესაქმნელია გამართული საკანონმდებლო ბაზა.

მინდა კალათბურთის დღევანდელ ფედერაციას მადლობა გადავუხადო, რომელსაც ფიბა-დან ჩამოჰყავს ექსპერტები კანონმდებლობის დახვეწაზე სამუშაოდ. ეს უახლოეს ერთ თვეში მოხდება. დასარეგულირებელია სიტუაცია იმ მხრივაც, რომ გუნდებში სტაბილური ფონი შეიქმნას და შუა ჩემპიონატისას პრეზიდენტმა გუნდი არ დატოვოს და ა.შ.

შემდეგი კითხვა სწორედ ამ საკითხს ეხებოდა. "სოხუმის" კალათბურთელებს 6 თვეა ხელფასი არ მიუღიათ და რამდენჯერმე დადგა გუნდის დაშლის საკითხი. ამ მიმართულებით თუ შეუძლია სპორტის სამინისტროს რეაგირება?

- ეს მაგალითი მიგვანიშნებს, რომ სისტემა მყიფეა. მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ფაქტი დაფიქსირებულა ამა თუ იმ სპონსორი კომპანიის გაკოტრებისა, თუმცა ამ შემთხვევაში კერძო ინვესტიციას სახელმწიფო დაფინანსებით ვერ ჩავანაცვლებთ. კალათბურთის ფედერაციასთან ერთად გამოსავალი უნდა მოვნახოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული