შვიდ-აღლუმი: კლოდ სორელი გვინდა!

AutoSharing Option
საერთაშორისო არენაზე წაგებებს ქართველ გულშემატკივარი ყოველთვის მწარედ განიცდის, განსაკუთრებით, როცა ეროვნული სიამაყე, ნაკრები მარცხდება. ამ კუთხით ძალიან მძიმე შვიდდღეული გვქონდა: საფეხბურთო ნაკრებმა პოლონეთთან შინ 0:4 დათმო, ხოლო სარაგბო ნაკრებმა სტუმრად, ირლანდიასთან - 7:49.

ამისდა მიუხედავად, განვლილი შვიდი დღიდან ჩვენი აღლუმისთვის ჰიტების ამოკრეფა არცთუ რთული გამოდგა.

დამშვიდობება - თემურ ქეცბაია
პოლონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ დავემშვიდობეთ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნებას. თუმცა "ჰიტ-აღლუმში" მთავარი მაინც თემურ ქეცბაიას დამშვიდობება იყო. გულწრფელად ვამბობ, ძალიან დამწყდა გული, რომ ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა ნაკრების მწვრთნელის
პოსტი ისე დატოვა, შედეგს ვერ მიაღწია.

აი, თავად თემურ ქეცბაიას ნათქვამიც: "სამწუხაროა, რომ ასე დამთავრდა ჩემი მოღვაწეობა საქართველოს ნაკრებში. მე, როგორც რიგითი ქართველი, საქართველოს გულშემატკივრად დავრჩები".

სიტყვა - არაპროფესიონალები ვართ
კვირის ფრაზები ასარჩევად ნამდვილად იყო, მაგრამ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თემას, ვფიქრობ, გიორგი ჭანტურიას სიტყვები მოუხდება:

"პროფესიონალიზმი გვაკლია. ესაა მთავარი. აქედან გამოვიდეთ და ვიფიქროთ. სხვაზე რა ვთქვა, მეც რამდენჯერმე ვყოფილვარ მინდორზე ზედმეტი წონით - ოპტიმალურზე 3-4 კილოგრამით მეტით. ესეც თემურ ქეცბაიას ბრალია? ამიტომ ვამბობ, ჯერ საკუთარ თავში ჩავიხედოთ."

გადარჩენა - ლევანდოვსკი
საქართველოს ნაკრებთან ერთად თვით არგენტინა და ესპანეთიც ვერ გადაურჩნენ მარცხს, მაგრამ ამაზე სხვა ნომინაციაში დავწერ. აქ

"გადარჩენაში" ერთი ლოკალური ეპიზოდი იგულისხმება, რაც ბევრი სპორტსმენისთვის უნდა გახდეს მაგალითი პროფესიონალიზმისკენ მიმავალ გზაზე: დააკვირდით, საქართველო-პოლონეთის ბოლო წუთებზე (0:3) რაოდენი მონდომებით გაიქროლა ლევანდოვსკიმ მარცხენა ფლანგზე? - ბურთი აუტზე გადასვლას გადაარჩინა, რასაც საჯარიმოში ჩაწოდება და საქართველოს ნაკრების კარში მეოთხე გოლი მოჰყვა.

მის ადგილას ბევრი აუტის ხაზთან ჭიდილში ძალას არ დაიტანდა.

შეკითხვა - ვინ?
თემურ ქეცბაიას ნაკრებიდან წასვლის შემდეგ კვირისა კი არა, წლის შეკითხვა დაიბადა: ვინ გაწვრთნის საქართველოს ნაკრებს? მე კი ვიცი, ვინ უნდა გაწვრთნას, მაგრამ მას არ ჩამოიყვანენ - კლოდ სორელმა!

გახსოვთ, ამ ფრანგმა მწვრთნელმა რამდენ მორაგბეს შეუწყო ხელი საფრანგეთის ლიგაში სათამაშოდ გამგზავრებაში?

სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება საფეხბურთო ნაკრებს: იგი მარტო თამაშის წარმართვაზე კი არა, ფეხბურთელების პროფესიონალურ ზრდაზე უნდა მუშაობდეს, რეკომენდაცია-რეკომენდაციაზე უნდა აგზავნოს ევროპის ნორმალურ კლუბებში...

ისეთი პირი უჩანს, პასუხს კითხვაზე - ვინ გაწვრთნის ნაკრებს, ახლო მომავალში ვერ მივიღებთ.

ჭორი - საბერძნეთში
თემურ ქეცბაიას კი უკვე გამოუჩნდა ახალი ვარიანტი - საბერძნეთის ნაკრები. ეს ამბავი ჭორის ნომინაციაში კი გავიყვანეთ, მაგრამ როგორც ჩანს, საუბარი სერიოზულად მიმდინარეობს და თავად თემურ ქეცბაიამაც განაცხადა: საბერძნეთის ნაკრები მაინტერესებსო.

მას ელადაზე ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდებიდან მოუწევს ფეხბურთელების არჩევა. ასე რომ, კვალიფიკაციას ვერავის დაუწუნებს, ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელი რომ არის, ამაზეც უნდა შევთანხმდეთ. მთავარია, ბერძნებთან ააწყოს ურთიერთობა.

იქაურ ჟურნალისტებთან ქართველები მონაგონები ვართ: მახსოვს, 1999 წელს საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა პრესკონფერენცია თბილისში, სასტუმრო "მეტეხში" გამართა. ძალიან ხმაურიანი გამოვიდა - ჟურნალისტებმა და მწვრთნელმა ერთმანეთს ჯერ მუშტები უქნიეს, შედეგ გაიწიეს...

დაპირება - აქ სად ჩამომიყვანეთ
ამასობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაადასტურა ლევან კობიაშვილმა:

"ბერლინის "ჰერტაში" ვმუშაობ, თავს კარგად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესია ქართული ფეხბურთი. აუცილებლად ჩამოვალ, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და გაძლევთ პირობას, რომ არასოდეს ვიტყვი - აქ სად ჩამომიყვანეთო".

არჩევნებში მონაწილეობა არც მოქმედმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გამორიცხა.

MVP - ფაჩულია
როცა პროფესიონალიზმზე ვლაპარაკობთ, მაგალითის ძიებისთვის ამერიკაშიც შეიძლება ჩავიდეთ: საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, შეიძლება ითქვას, ნულიდან დაიწყო და დღეს NBA-ს დონის პროფესიონალია.

შეგიძლიათ, თავად მიადევნოთ თვალი "მილუოკი ბაქსის" შეხვედრებს და დარწმუნდებით, რომ ზაზას გარეშე და ზაზათი "ბაქსი" სხვადასხვა გუნდია. თან, რაც მთავარია, განვლილ შვიდდღეულში ერთმანეთის მიყოლებით სამი მატჩი მოიგო: "მაიამისთან", "ნიუ იორკთან" და "ბრუკლინთან".

ზაზამ "ნიუ იორკთან" თავი 14 ქულითა და 13 მოხსნით გამოიჩინა. ეს გახლდათ მისი 68-ე ორმაგი დუბლი NBA-ში.

კლასიკა - მესი-რონალდო
ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამჯერად სანაკრებო მაისურებით და გამარჯვება რონალდოს პორტუგალიას დარჩა.

განვლილ დღეებში კიდევ ერთი კლასიკური დუელი ვიხილეთ: გერმანიის ნაკრებმა ესპანეთს მისსავე მოედანზე სძლია - 1:0.

ასევე კლასიკურად ითვლებოდა თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "ტორპედოს" დაპირისპირებები, რომელთაგან უმთავრესი 1964 წელს დინამოელებმა მოიგეს და სსრ კავშირის ჩემპიონები პირველად გახდნენ. განვლილი კვირა ამ მოვლენის პომპეზურად აღნიშვნას დაეთმო.

ციფრი - 49
უხეშად რომ ვთქვათ, ფეხბურთში 0:4 წაგება რაგბში 0:40-ს ნიშნავს. ირლანდიის ნაკრებთან ქართველები 7:49 დავმარცხდით.

ნუთუ, ირლანდიასა და საქართველოს შორის, ისეთივე სხვაობაა, როგორიც საქართველოსა და რუსეთს შორის (გავიხსენოთ 46:0)?

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაკრებს ირლანდიაში ოთხი წამყვანი მორაგბე ვერ დაეხმარა, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის კი ერთი მოთამაშის არყოფნაც დიდი დანაკლისია.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სისულელეებს რო წერთ თუ ხვდებით ან მანდ არავინაა თუ შენ ვერ ხვდები სხვამ მაინც რო გითხრას რა შუაშია ან რა კავშირშია ირლანდიასთან რაგბის წაგება და პოლონეთთან ფეხბურთის და თურმე ერთი და იგივე ყოფილა 40-0 რაგბი და 4-0 ფეხბურთი
მერაბი ლოლომაძე
17:39 22-11-2014
0
რას წერთ საერთოდ აზრზე თუ ხართ? რა შუაშია ირლანდიის და საქართველოს თამაშის შედარება, სქართველოს და პოლონეთის თამაშთან? რაგბისტებს ჯერ ერთი რო ნოლზე არ დაუმთავრებიათ თამაში და მეორე მაქსიმუმი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს. ფეხბურთში პოლონეთთან დიდი ანგარიშით წაგება საერთოდ ხვა თემაა და არანაირად არ შეიძლება ამ ორი თამაშის ერთმანეთთან შედარება! თუ ვერ ერკვევით რაგბის სპეციფიკაში ძალიან გთხოვთ რაგბზე ნუ დაწერთ!
rugby
16:28 22-11-2014
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული