15 ნოემბრის შემდეგ ჰიტ-აღლუმის ერთ-ერთ ნომინაციად ვაქციეთ შეკითხვა - ვინ?
მართლაც, ყველას ძალიან გვაინტერესებს, ვინ გაუძღვება ეროვნულ გუნდს, რომელსაც უახლოესი ოფიციალური მატჩი გერმანიის ნაკრებთან ელის. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ 2015 წლამდე მოგვიწევდა ნაკრების მომავალი თავკაცის საიდუმლოს ამოხსნაზე ფიქრი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საქმე არც ისე რთულადაა: გამოჩნდა ერთი კანდიდატი, რომელიც შესაძლოა მომდევნო "შვიდ-აღლუმში" ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად გამოვაცხადოთ...
მხსნელი - ჰაინკესიც...
გაზეთ "ლელომ" ერთმა ჟურნალისტმა იუპ ჰაინკესი ისურვა. არ არის ლოგიკური? აბა, ის იყო ლოგიკური, ჰაინკესმა ბუნდესლიგიან-ჩემპიონთა ლიგიანად ყველაფერი რომ მოიგო და მაინც შეცვალეს გვარდიოლათი?!
სიტყვა - ვალდებული ვარ!
კახა ცხადაძემ საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნა: "მე, ისევე როგორც რიგითი ქართველი, ვალდებული ვარ სამშობლოს ვემსახურო. და კიდევ ერთი - დღეს იქნება თუ ხვალ, ყველანი დავბრუნდებით საქართველოში".
შეგახსენებთ, რომ იგი ამჟამად ბაქოს "ინტერს" ხელმძღვანელობს. არც ფეხბურთის ფედერაციაში უარყოფენ, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეიძლება კახა ცხადაძე ვიხილოთ. მან მეტად დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა "არენაში":
"შეიძლება თუ არა დღევანდელი სანაკრებო კონტინგენტით უკეთესი შედეგის მიღწევა? ვინც მწვრთნელობას დათანხმდება, ე.ი. მას სჯერა, რომ ამ ფეხბურთელებით პროგრესი შეიძლება".
სენსაცია - გურია და უნიქსი
საკალათბურთო ევროლიგაზე ვიქტორ სანიკიძის "უნიქსმა" თვით მადრიდის "რეალი" დაამარცხა ესპანეთში. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" კიდევ ერთ ევროგრანდ "ოლიმპიაკოსს" აჯობა, შემდეგ "გალათასარაის" სტამბოლში. მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ბევრი ისეთი მატჩი იყო, ბუქმეიქერები საპირისპირო შედეგს რომ ელოდნენ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი სენსაცია მაინც თბილისში "დინამოს" წაგება გახლდათ.
"დინამო" გურულმა "ფირალებმა გაძარცვეს" - 2:1. ამ შედეგს ბევრმა სენსაცია უწოდა, ამავე სახელწოდების ნომინაციაშიც მოხვდა, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: არის კი თბილისის "დინამო" იმ დონის გუნდი, რომ მისი მეათეადგილოსანთან შინ დამარცხება სენსაციად განვიხილოთ?
როცა სეზონში რამდენჯერმე იცვლება მწვრთნელი და შემადგენლობა, კონტინგენტი ახალგაზრდავდება, რატომ უნდა გაგვიკვირდეს ასეთი გუნდის მარცხი? ალბათ, არავის დასჭირდება შეხსენება, რომ ძლიერი გუნდის მშენებლობისთვის ერთი სეზონი არ კმარა, არათუ სამი თვე.
ნამდვილად არ მახსოვს სამი წლის წინანდელი "დინამოს" სრული შემადგენლობა, მაგრამ "რატომღაც" მგონია, რომ იმ გუნდიდან ძირითადი ბირთვი დღემდე რომ შენარჩუნებულიყო, "გურიასთან" არ დამარცხდებოდა.
ტრიო - რონი, მესი, ნოი
კიდევ ერთხელ შეერკინებიან ერთმანეთს ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო. ამჯერად კოსტიუმებში გამოწყობილები (საინტერესოა, რომელს რა ფერისა ეცმება) - ფიფამ ისინი ოქროს ბურთის სამ ნომინანტთა შორის დაასახელა. მესამეა გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი. ვინ გაიმარჯვებს, იანვარში გავიგებთ. ამასობაში კი უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თავისი ფავორიტი დაასახელა - "ოქროს ბურთი" გერმანელს უნდა გადაეცეს, ფეხბურთელს, რომელმაც ამ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოო.
ერთ-ერთმა გამოცდილმა ქართველმა ჟურნალისტმა საპასუხოდ მეტად არგუმენტირებული რამ დაწერა:
"უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ თქვა, "ოქროს ბურთი" მსოფლიოს ჩემპიონს ანუ გერმანელს უნდა მისცენო. თუ ასეა, 2010 წელს გენიალური სეზონის მიუხედავად ანდრეს ინიესტას რატომ არ მისცეს? მესი რა შუაში იყო?
მახსოვს, მაშინაც უფალი პლატინი პრეზიდენტობდა. თემას აღარ გავაგრძელებ..."
ბრალდება - პლატინი
არ იფიქროთ, მიშელ პლატინიმ რამე მაწყენინა და ელიბოსავით ავითვალწუნე. პირიქით, იგი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელია და მისი გახუნებული პლაკატი კედელზე ახლაც გაკრული მაქვს. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი პიროვნება სკანდალში ეხვევა: როგორც ინგლისელი ჟურნალისტები იუწყებიან, მიშელ პლატინიმ რუსეთისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ პაბლო პიკასოს ნახატი მიიღო. პლატინის ხმა რუსებისკენ წავიდა და მათაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღეს.
პლატინი თუ მხატვრობის ტრფიალია, იქნებ ფიროსმანის რომელიმე ნახატი გაგვემეტებინა თუნდაც ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სანაცვლოდ?
ტაიმბოლი - გიორგი ჭანტურია
თუ კალათბურთში არსებობს სამმაგი დუბლი, ფეხბურთში რატომ არ უნდა არსებობდეს სამმაგი ტაიმბოლი? აი, მაგალითად: ერთი გუნდი ტაიმს 3:0-ს მოიგებს, შემდეგ კი კონცენტრაციას დაკარგავს და 4 გოლს გაუშვებს. სწორედ ასეთი მატჩის მონაწილე გახდა საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჭანტურია.მისი "კლუჟი" "მიოვენთან" 0:3-ს აგებდა და საბოლოოდ 4:3 იმარჯვა. 4-დან ერთი გოლი გიორგიმ გაიტანა, საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით.
ციფრი - 30
ანდრეა პირლოს კი დარტყმის მომენტში ბურთის დარტყმის სიჩქარეც გაუზომეს და კარამდე მანძილიც. 35 წლის ვეტერანმა იტალიის ჩემპიონატის მატჩში "ტორინოს" 30 მეტრიდან დაურტყა, გაუტანა და "იუვენტუსს" 2:1 მოაგებინა. ეს ყველაფერი მატჩის 90-ე წუთზე მოხდა და პირლოც მატჩის გმირად იქცა.გოლი - ლევან მჭედლიძე
როცა გოლებზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, ლევან მჭედლიძის შედევრი უნდა ვახსენოთ. მან ზურგსუკნიდან ქუსლით საოცარი გოლი გაუტანა "ჯენოას" მეკარეს. იტალიელმა ჟურნალისტებმა უმალ პარლელი მოუძებნეს - ევროპის ჩემპიონატზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ იტალიის კარში გატანილი გოლის ასლი იყოო.
მოკლედ, თუ არ გინახავთ, გირჩევთ აუცილებლად იხილოთ. აქ კი დავძენთ, რომ მჭედლიძის "ემპოლიმ" "ჯენოას" 2:0 მოუგო და იტალიის თასის მერვედფინალში გავიდა.
დამშვიდობება - ლუკა კურტანიძე
ქართულ ჭიდაობაში მიმდინარე დაპირისპირებებზე აქამდეც არაერთხელ დავწერეთ. ამიტომ, აქ ძველ ამბებს აღარ გაგახსენებთ, უბრალოდ ფედერაციის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ლუკა კურტანიძის ნათქვამს შემოგთავაზებთ:"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ ცხრება ვნებათაღელვა, რასაც ეწირება უამრავი ქომაგის, სრულიად საქართველოსთვის ყველაზე ძვირფასი - სიმშვიდე. ასეთ დროს ვნებათაღელვა ძალიან ვნებს ყველას და ყველაფერს - ჭიდაობასაც, სპორტსმენებსაც, ქომაგსაც და საზოგადოებასაც. ამიტომ ის უნდა დასრულდეს.
პრეზიდიუმი ჩემი ინიციატივით მოვიწვიე, რათა ეს რეალობა ყველამ ერთად გავაანალიზოთ და ერთობლივად ვიმოქმედოთ, რათა საერთაშორისო არენაზე ჩვენი სპორტსმენები წარმატებულები იყვნენ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, განვიხილოთ და სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ ყველაფერი.
ამიტომ ვიხსნი ჩემს უფლებამოსილებას და მას გადავცემ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტ ედიშერ მაჩაიძეს. ის მოამზადებს რიგგარეშე ყრილობას, რომელიც 26 თებერვალს ჩატარდება".
ისღა დაგვრჩენია, მოვიცადოთ და ვნახოთ, ლუკა კურტანიძის გადადგომა უშველის საქმეს?
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"