ლევან ყიფიანი: მზად ვარ ყველა კითხვაზე გავცე არგუმენტირებული პასუხი

AutoSharing Option
"მე მზად ვარ ყველა კითხვაზე გავცე არგუმენტირებული პასუხი, რომ მერე საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვები", - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა მასსა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტს შორის დაპირისპირების კომენტირებისას განუცხადა.

ყიფიანის განცხადებით, ის პირველ რიგში ანგარიშვალდებულია იმ სპორტული ორგანიზაციების წინაშე, რომლებიც დღეს, 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" იკრიბებიან.

"ჩვენ მივიღეთ მიპატიჟება ამ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ საზოგადოების წინაშე უნდა ვიყოთ ანგარიშვალდებული.

ჩვენ ყველა იმ კითხვაზე გავცემთ პასუხს, რაც დაისვა და რაც მომავალში დაისმევა, რადგან სპორტი ისეთი
დარგია, რომელიც მუდმივმოქმედებაშია და რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები.

ჩვენ მზად ვართ ყველა მხარესთან თანამშრომლობისთვის, კითხვებზე პასუხის გასაცემად და რომ ვიყოთ ღია ყველა იმ თემატიკაში, რაც არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობა", - განაცხადა ყიფიანმა.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ეს პრობლემა, სპორტის მინისტრს პასუხი არ აქვს.

"ვერ გეტყვით, რადგან სპორტი ეს არის სპეციფიკური დარგი და არსებობს იმდენი შეხედულება, რამდენი ადამიანიც ქვეყანაზე. მე მზად ვარ ყველა კითხვაზე გავცე არგუმენტირებული პასუხი და მერე საზოგადოებამ გამოიტანოს დასკვნები", - განაცხადა ყიფიანმა.

კითხვაზე, ლუკა კურტანიძეს პრობლემა ჰქონდა ფედერაციაში და ხომ არ უკავშირდება ამ ფაქტს მისი დამოკიდებულება სპორტის მინისტრისადმი, ლევან ყიფიანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს ერთმანეთისგან პიროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გამიჯვნა.

"მოდით, ნუ დავალთ პიროვნებებამდე, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პიროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები. მე მინდა გავმიჯნო ეს და ვიმოქმედო იმ პოზიციიდან, რასაც ჰქვია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სპორტის, ქვეყნის განვითარება. ამიტომ მე თავს შევიკავებ პიროვნული დაპირისპირებისგან და მოვუწოდებ ყველას, რომ ჩავეტიოთ იმ ჩარჩოებში, რასაც პროგრესული, თანამედროვე ენაზე საუბარი ჰქვია", - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, მოგვარდება თუ არა აღნიშნული პრობლემა, მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა მოგვარდეს და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კითხვებს პასუხი გასცეს.

სპორტის სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის დაპირისპირებაზე ფედერაციებმა განცხადება გუშინ გაავრცელეს.

"სპორტული ფედერაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქართულ სპორტულ სამყაროში ბოლო პერიოდში შექმნილი მდგომარეობის გამო", - ნათქვამია ეროვნული სპორტული ფედერაციების საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

სპორტული ფედერაციების ინიციატივით, 4 აპრილს, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება შეხვედრა ფედერაციების ხელმძღვანელების და კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით.

განცხადებას ხელს აწერენ ძიუდოს, ჭიდაობის, კალათბურთის, რაგბისა და სპორტის სხვა სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელები.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ სხვა რაღაცებს იძახდი სანამ მინისტრი გახდებოდი. ფაქტია ვერაფერს ვერ აკეთებ, უფრო კატასტროფული გახდა მდგომარეობა, განსაკუთრებით ფეხბურთში.
1111
17:04 04-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული