ტრაგედია აღდგომის დღეს: სოფელ შუხუთში ლელობურთს მსხვერპლი მოჰყვა

AutoSharing Option
"1881 წელს ფოთში, აღდგომის დღეს ავარდა ბურთი. ისევ მეგრელები და გურულები გაეჯიბრნენ ერთმანეთს. მეგრელები, რა თქმა უნდა, მეტნი იყვნენ. შებინდებისას ვინმე მ. გაბელიამ ლელო გაიტანა. მეგრელები იმ დღეს გათენებამდე ზეიმობდნენ გამარჯვებას. ქვემო იმერეთში, სოფელ კულაშში ერთ დროს საუკეთესო თავად მიქელაძეების საცხოვრებელში გაიმართა ბურთაობა, ლელობურთი. თამაშში მონაწილეობას დაახლოებით 1500 ქვეითი და 500 ცხენოსანი იღებდა. მჭვრეტელი, რასაკვირველია, ათი იმდენი იქნებოდა. თამაშმა აქაც დილამდე გასტანა." (გაზეთი "ივერია")

ძველ ლელოს საქართველოში უკვე არსად თამაშობენ, შუხუთის გარდა. თუ ადრე პირველ მაისს ავარდებოდა ბურთი, ამჟამად პაექრობა
ყოველ აღდგომას, ძველ მეტოქეებს - ზემო შუხუთსა და ქვემო შუხუთს შორის მიმდინარეობს. შერკინება, მინიმუმ, 4-5 საათს გრძელდება და იმდენ ენერგიას ისრუტავს, მის აღდგენას 2-3 კვირა სჭირდება.

ამ აღდგომასაც "ავარდა ლელო" სოფელ შუხუთში - ზუსტად საღამოს 5 საათზე, ზემოურები და ქვემოურები, ვინ იცის, მერამდენედ ეკვეთნენ ერთმანეთს. ბოლოდროინდელი შედეგები ქვემოურთა სასარგებლოდ იყო, ზემოურები საერთო ჩათვლაშიც ჩამორჩებიან მათ. ამაში დიდი წვლილი ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძმას, ფეხბურთის, ლელოსა და საერთოდ, სპორტის ტრფიალ კაცს, ევგრაფი შევარდნაძეს მიუძღვის - ზედიზედ მრავალი წლის განმავლობაში მისი ორგანიზებით (თავად ბავშვობიდან ინვალიდი გახლდათ) ლელოს 16-კილოგრამიანი ბურთი ქვემოურებს რჩებოდათ.

Sportall.Ge

ამჯერად ზემოურებმა გაიმარჯვეს, თუმცა მათ თავიანთი ღელე ისე გადალახეს, ჯერაც არ იცოდნენ იმ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელიც სახალხო თამაშის ისტორიას არ ახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ლელოს ვეტერანი მოთამაშეებიც ვერ იხსენებენ, თამაში მსხვერპლით დასრულებულიყო.

სამწუხაროდ, გულმა უმტყუნა თამაშის მონაწილე გოჩა ფირცხალაიშვილს - სავარაუდოდ, ის ლელოს გორგოსიალში მოხვდა. მართალია, მისი გამოყვანა დროულად მოახერხეს, მაგრამ იქვე მობილიზებულმა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში მიყვანისას ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილს გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თამაშში ჩართვა გადაწყვიტა.

Sportall.Ge

"სამწუხარო ფაქტი მოხდა, თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. ექსპერტიზის შედეგების გამოცხადებამდე ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ლელოს მონაწილის გარდაცვალება" - განაცხადა გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან მოისწრაფიშვილმა.

ამას გარდა, კვირას ლელოზე ადგილობრივმა სასწრაფო დახმარების სამსახურმა არაერთი გამოძახება მიიღო, ორ მოთამაშეს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღმოაჩნდა, თუმცა ეს ამ სახალხო თამაშისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა...

მათე გურული ლანჩხუთიდან
დავით დათიაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი ტრადიციაა, ეგე მხოლოდ მეჩვენება, რომ დასახვეწია წესების მხრივ, ანუ როგორც რაგბი ჩამოყალიბდა ასეთივე თამაშიდან სპორტის სახეობად, ან ფეხბურთი, ალბათ დროა ამ თამაშების ორგანიზატორებმა ამაზე იზრუნონ.
დავით
16:06 14-04-2015
1
მარტვილში ჭაბურთაში ნახუნაოში ყოველწელიწადს აღდგომის ბრწყინვალე დღესაწაულს ოდიდგანვე თამაშობენ ლელოს.
ogafa
17:19 14-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული