გია ნიჟარაძე: ყიფიანის წასვლის გამო ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ

AutoSharing Option
სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის გადადგომის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ფედერაციების პრეზიდენტები ყიფიანის საქმიანობას დადებითად აფასებენ. როგორც ჟურნალისტებს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ განუცხადა, ლევან ყიფიანის გადადგომის ფაქტი მოულოდნელი იყო.

"ნამდვილად არ გვეგონა, რომ ასე მოხდებოდა. ვის დანიშნავენ და ვის მოხსნიან, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. ჩვენ გვაწუხებს სხვა რამ, ჩვენ გვინდა სტაბილურობის შეგრძნება. ძალიან ბევრი პროექტი, ძალიან ბევრი შეჯიბრება უნდა ჩატარდეს და ასეთ დროში ყველაფრის თავიდან დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

ველაპარაკე ჩემს კოლეგებს და
ყველას აწუხებს ერთი რამ, რომ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად იყოს. წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, თუმცა უკვე აუტანელია ეს გაუთავებელი კარუსელი", - განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ის პრობლემები, რომლებზეც სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რეალურად არ არსებობს.

"ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაციით, ის პრობლემები, რაზეც ისინი საუბრობდნენ, არ იყო. სამინისტროს მხრიდან ყველა მათ კითხვაზე გაიცა ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები და მინდა, რომ ეს პასუხები გამოქვეყნდეს", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ გაბრიჩიძის განცხადებით კი, სპორტის სამინისტროს მხრიდან კალათბურთის ფედერაციის ყველა ინიციატივა იყო მხარდაჭერილი და ლევან ყიფიანის გადადგომა გულდასაწყვეტია.

"ჩვენთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ფედერაციის სახელით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ჩვენი ყველა ახალი ინიციატივა ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერილი იყო. მინდა ბატონ ლევანს მადლობა ვუთხრა და წარმატება ვუსურვო", - განაცხადა გაბრიჩიძემ.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით კი, ფედერაციასა და სამინისტროს შორის იყო ძალიან კარგი ურთიერთობა.

"ლევანი იყო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი. ამას მოწმობს ის შედეგები, რომლებიც არის მისი მინისტრობის პერიოდში და ეს გამოიხატება სპორტის დეპოლიტიზაციაში, ფედერაციის დამოუკიდებლობაში და ასევე, სპორტული მიღწევებით. იმედი მაქვს, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც იყო", - განაცხადა დავით ქევხიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული