შვიდდღეული: რომელი მხრიდან შევხედოთ?

AutoSharing Option
განვლილი შვიდდღეულის მთავარი მოვლენა იყო... გააჩნია, რომელი მხრიდან შევხედავთ: პოლიტიკური თვალსაზრისით მთავარი მოვლენა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის გადადგომა იყო, ხოლო სპორტული თვალსაზრისით - ქალ მოჭადრაკეთა მიერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ტიტული - მის მსოფლიოები?
ჩინეთის ქალაქ ჩენდგუში 10 ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები შეიკრიბნენ და ერთმანეთს "მის მსოფლიოს" ტიტულისთვის შეერკინენ. გაიმარჯვა საქართველოს ნაკრებმა, რომელშიც თამაშობდნენ: ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.

რეკორდები
- ჩავი, ტორესი
ესპანეთში ორმა ვეტერანმა დაამრგვალა: ჩავიმ ლა ლიგაში მე-500 მატჩი ითამაშა, ხოლო ფერნანდო ტორესმა კარიერაში - მე-700 მატჩი.

გასწრება - დილა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ბევრისთვის მოულოდნელად თბილისის "დინამომ" "ცხინვალთან" 1:4 წააგო. ამით ისარგებლა გორის "დილამ" და ქვეყნის ჩემპიონს სატურნირო ცხრილში 3 ქულით გაასწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ გორელები ისტორიაში პირველად ძალიან მიუახლოვდნენ ჩემპიონის ტიტულს.

წყვილი - დინამო-სამტრედია
საქართველოს თასზე ფინალისტები გაირკვა: "დინამომ" მეორე ნახევარფინალურ სერიაში მეორე მატჩი დათმო "ცხინვალთან" (0:1), თუმცა პირველში 2:0 ჰქონდა მოგებული და ფინალშიც გააღწია.

მეორე წყვილში "სამტრედიამ" "ჩიხურას" 3:0 აჯობა და ფინალში "დინამოს" დაუპირისპირდება.

რიცხვი - 25
"ბაიერნი" 25-ედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. ბავარიელებმა პირველობა "ჰერტასთან" 1:0 მოგების შემდეგ გაინაღდეს.

მსხვრევა - გერმანიაში
"ბაიერნი" გერმანიის თასის ფინალში ვერ ითამაშებს. იგი ნახევარფინალიდან "ბორუსიამ" გამოაგდო. საოცარია, მაგრამ პენალტების სერიაში "ბაიერნის" ვერც ერთმა ფეხბურთელმა ვერ გაიტანა. 2:0 "ბორუსიას" სასარგებლოდ, თერთმეტმეტრიანებში.

ამ მატჩში დიდი დანაკლისი განიცადა ბავარიელთა გუნდმა: ყბის და ცხვირის ძვლები გაუტყდა რობერტ ლევანდოვსკის, ხოლო არიენ რობენს ფეხის კუნთი გაუწყდა.

რბოლა - მესი-რონალდო
მადრიდის "რეალმა" 3:0 დაამარცხა "ალმერია". მესამე გოლი ხორდი ალბამ გაიტანა, რომლის უკან საგოლე მომენტში კრიშტიანო რონალდო იყო და ალბას ბურთი რომ გაეტარებინა, რონალდო აუცილებლად გაიტანდა. ეს მისი მე-40 გოლი იქნებოდა წლევანდელ პრიმერაში.

მაშინ, როდესაც ალბასთან ერთად მთელი გუნდი ხარობდა, რონალდომ ცხვირი ჩამოუშვა, თანაგუნდელს არც მიულოცა.

იოლი მისახვედრია, რა უტრიალებდა თავში - "ბარსელონას" მაისურით ლიონელ მესიმ ხეტაფესთან (6:0) მატჩში დუბლი შეასრულა და კრიშტიანოს კინაღამ დაეწია, არგენტინელის ანგარიშზე 38 გოლია. აშკარაა, რონალდოს ძალიან სურს ბომბარდირთა დავაში პირველობა.

შემობრუნება - მილუოკი
NBA-ში მერვედფინალები მიმდინარობს. ზოგიერთმა უკვე გაინაღდა მეოთხედფინალის საგზური, ზოგი ჯერაც თამაშობს.

ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსი" "ჩიკაგო ბულზს" 0:3 ჩამორჩა და ყველას ეგონა, სერია მალევე დასრულდებოდა (4 მოგებამდეა), თუმცა მილუოკელებმა ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვეს, თან იმდენად დამაჯერებლად ითამაშეს, ბევრს გაუკვირდებოდა კიდეც, როგორ მიაღწია "ბულსმა" სერიის დასაწყისში 3:0-ს. საბოლოოდ, სერიის მე-6 შეხვედრა მილუოკელებმა შინ წააგეს და მათთვის სეზონი დასრულდა.

ზაზამ 2014-15 წლების რეგულარულ ჩემპიონატში 73 მატჩი ითამაშა, საიდანაც 45-ში სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მატჩში საშუალოდ 8.3 ქულას, 6.8 მოხსნას, 2.3 პასს და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებლებია, თუმცა ისინი სრულად ვერ ასახავენ იმ დიდ როლს, რომელსაც ფაჩულია "მილუოკიში" ასრულებდა. ზაზა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერი გახლდათ და გუნდის წარმატებასაც დიდად განაპირობებდა.

მოლოდინი - პლეი ოფი
საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი დასრულდა. ტურის ცენტრალური შეხვედრა "შსს აკადემიასა" და "ქუთაისს" შორის გაიმართა. აკადემიელები 2 და მეტი ქულით თუ მოიგებდნენ, რეგულარულს მეორე ადგილზე დაასრულებდნენ. 1 ქულით წაგება კი "ქუთაისს" აიყვანდა მეორეზე.

ბოლო წამებზე საინტერესო სიტუაცია შეიქმნა: ტაბლოზე 68:68 ეწერა, როცა საფინალო სირენა გაისმა. სწორედ ამ დროს მიხეილ ბერიშვილმა ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა და "ქუთაისის" კალათში ჩააბრუნა. ვიდეოგამეორებას უნდა გაერკვია, ჩაითვლებდა თუ არა ორი ქულა.

10-15 წუთი დასჭირდა სიტუაციაში გარკვევას, მსაჯებმა ათასჯერ გადაახვიეს და ბოლოს და ბოლოს "არმიას" გამარჯვება დააფიქსირეს - 70:68.

დაბრუნება - პულენი
როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ნაკრებს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე ჯეიკობ პულენი დაეხმარება. იგი ჩვენს გუნდში 2012 წელსაც თამაშობდა.

დარტყმა - ცენტრიდან
"სან ანტონიო სკორპიონსის" ქართველმა ფეხბურთელმა ზურაბ ცისკარიძემ 55 მეტრის სიშორიდან დაარტყა და "მინესოტა იუნაიტედთან" მატჩში ანგარიშიც გახსნა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ცისკარიძე ამერიკის სოკერ ლიგაში ასპარეზობს.

ეფექტური გოლით მან საქართველოს ნაკრების მწვრთნელს თავი შეახსენა.

ტრანსფერი - გორგოძე
როგორც ფრანგული პრესა იუწყება, "მონპელიე" ქართველი მორაგბის, მამუკა გორგოძის დაბრუნებას აპირებს. ცხადია, თუ ამ ტრანსფერს განხორციელება უწერია, ამ სეზონში ვერ მოხერხდება, რადგან გორგოძე "ტულონთან" ერთად ჩემპიონთა თასის ფინალისთვის ემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული